ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ერთი დღე კონსულტანტად - Gemrielia.ge

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ერთი დღე კონსულტანტად


დღეს, სპეციალური დავალების შესასრულებლად მივდივარ და ჩემთვის აქამდე უცნობი როლის მორგება მომიწევს: ერთი დღე სუპერმარკეტში კონსულტანტად უნდა ვიმუშაო…


ეს გადაწყვეტილება თავად მივიღე, რადგან ყველაზე მეტად სიახლეები და თავგადასავლები მიყვარს. გადავწყვიტე, ჩემი პროფესია უფრო საინტერესო გავხადო და პერიოდულად, სხვადასხვა პროფესია – ერთი დღით მოვირგო.

ხშირად მინდება-ხოლმე, მოვლენებს განსხვავებული კუთხიდან შევხედო. მაღაზიებსა და მარკეტებში მომუშავე კონსულტანტების მომსახურეობაზე, ბევრი განსხვავებული აზრი მომისმენია. ზოგს მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, ზოგი კი პირიქით, კონკრეტულ მაღაზიაში ხშირად იმიტომ შედის, რომ მომუშავე პერსონალს ეჩვევა და შინაურული დამოკიდებულება უჩნდება მათ მიმართ. პირადად მე, ძალიან მაინტერესებს რეალური სურათის დანახვა და ახლა, სწორედ ამის გარკვევის საშუალება მომეცა.

ეს ჩემი პირველი ჟურნალისტური ექსპერიმენტია, რომელიც "ნიკორას" სუპერმარკეტში უნდა განვახორციელო. თავი ისე უნდა მოვაჩვენო ყველას, როგორც პროფესიონალმა კონსულტანტმა და გავიგო, როგორია კონსულტანტის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე.

მე ვიცი, რომ ხშირად, ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით გვეჩვენება. ჩვენ ბევრ ნიუანსებს ვერ ვხედავთ და დასკვნებიც ზედაპირულად გამოგვაქვს. მე კი ვეცდები, "შიდა სამზარეულოში" ჩავიხედო. ჩემი წინადადება განიხილეს და დამთანხმდნენ. მე კი ცოტა ეჭვები მიპყრობს, რომ არ მაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება და თავს ვერ გავართმევ ამოცანას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვრისკავ და მივდივარ…

ვეცდები თანმიმდევრობით მოგიყვეთ ყველაფერი, რაც ამ დღეს გადამხდა თავს და სხვა კუთხიდან დაგანახოთ ადგილი, სადაც ალბათ ყველა ადამიანს, თითქმის ყოველდღე გვიწევს შევლა.

დილის 09:00 სთ.

"ნიკორას" ყველაზე ძველ ფილიალში შევდივარ, რომელიც უკვე 17 წელია მუშაობს და მენეჯერს ვხვდები. თბილი და შინაურული გარემო მხვდება. უმეტესობა აქ ძველი თანამშრომელია, რომლებიც წლებია ამ ფილიალში მუშაობენ. მენეჯერი მოკლე ინსტრუქტაჟს მიტარებს. ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო: მე წინსაფარს ვიკეთებ, თავზე კეპს ვიხურავ და ხორცეულის მაცივართან ვდგები… ოღონდ იმ მხრიდან, საიდანაც აქამდე არასოდეს ვმდგარვარ.

GEMRIELIA

ამ რაკურსიდან ყველაფერი სულ სხვანაირი მეჩვენება. თავს უჩვეულოდ ვგრძნობ. დაძაბულობას მხიარული კონსულტანტის, თაკოს პოზიტიური დამოკიდებულება მიხსნის, რომელსაც უამრავ კითხვას ვუსვამ. მასაც არ ეზარება ამომწურავი პასუხების გაცემა. ვცდილობ, სოსისების სახელები დავიმახსოვრო. ამასობაში პირველი კლიენტიც გამოჩნდა… ეს გელა ჩარკვიანია.

ბატონი გელა ერთ-ერთი მუდმივი კლიენტი აღმოჩნდა. თაკოს პოზიტივი მეც გადმომედო და ბატონ გელას ყურებამდე გავუღიმე. თაკო მიყვება, რომ ის აქ ყველა კონსულტანტს დიდი ხანია იცნობს და ძალიან შინაურული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან.

GEMRIELIA
ელექტრო სასწორზე ჩემდა გასაკვირად, ძალიან მარტივად ავწონე დაჭრილი ლორი და ეტიკეტიც ამოვბეჭდე. თაკომ ყველა პროდუქტის კოდი და შემადგენლობა ზეპირად იცის, რაც ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია.

მაცივრიდან სტერილურად შეფუთული სოსისი გამომაქვს, რომელსაც ვადა ზედ აწერია. ვხსნი და მაცივარში ვაწყობ. აუცილებელი პირობაა, რომ პროდუქცია შევსებული იყოს და თითოეული სოსისი ხელოვნების ნიმუშივით, სიმეტრიულად და ლამაზად იდოს.

GEMRIELIA

ასაწონ ძეხვს როდესაც დაჭრი, მაკრატლით ლამაზად უნდა შემოაჭრა პარკი, ახალი საკვების შესაფუთი ცელოფანი შემოაკრა და ისე დააბრუნო მაცივარში. იგივე ეხება მზა საჭმელსაც, ყოველ ჯერზე ახალი პოლიეთილენის პარკი უნდა გადააკრა, ერთი ნაწიბურიც რომ არ აჩნდეს. ეს ერთი შეხედვით წვრილმანი დეტალები მე ძალიან მომწონს…
GEMRIELIA

12:00 სთ.

მყიდველების რაოდენობა მატულობს. თაკო ისე სწრაფად ემსახურება მათ, მე კიდევ თავში ნამდვილი ქაოსი მაქვს… გულწრფელად მიკვირს, ასეთ მომენტებში როგორ შეიძლება არ დაიბნე და არაფერი შეგეშალოს.

GEMRIELIA

თაკო თვალის ზომით ხვდება, რამდენი სოსისი ან სარდელი ჩააწყოს პარკში. თითქმის გრამებში არტყამს… მეც ვეხმარები. ყველაზე მეტად, ხელთათმანიანი ხელით ახალი პარკის გახსნა მიჭირს… ერთ მყიდველს შევეცოდე და დახმარება შემომთავაზა. სამაგიეროდ, აწონვა კარგად ვისწავლე, მაგრამ სასწორის ეკრანს მაინც ცოტა შიშით ვაკვირდები, რამე რომ არ შემეშალოს…

GEMRIELIA

13:30 სთ.


ხალხის რაოდენობა რომ შემცირდა, თაკომ კურიოზი მომიყვა. ერთხელ, მყიდველს თევზის შეძენა სურდა, აკვარიუმში მცურავ თებზებს გულდასმით ათვალიერებდა და კონსულტანტისთვის უკითხავს: – " ახალი თევზი თუ გაქვთო…" – "აი, ცოცხალი თევზებიო", ღიმილით მიანიშნა კონსულტანტმა, მაგრამ მყიდველი ჯიუტად იმეორებდა – "არა, მე ახალი მინდაო". ერთ მუდმივ მყიდველს კი ყოველ დღე, ჭიქით თევზების აკვარიუმიდან ამოღებული წყალი მიჰქონდა სახლში,- " ნაოჭებს კარგად ასწორებსო!"

14:30 სთ.


ხორცეულის დახლიდან – ბურღულეულში გადავინაცვლე. ეს სექცია ანასტასიას აბარია, რომელმაც ზეპირად იცის სად რა დევს და შეუძლია ამომწურავი პასუხი გაგცეს ნებისმიერ პროდუქტზე. ის ისეთი სითბოთი სთავაზობს მყიდველებს დახმარებას, რომ ყველაზე ნეგატიურად განწყობილი, მთელს სამყაროზე განაწყენებული ადამიანიც კი ვერ გაუძლებს და გაეღიმება… ანასტასია მიყვება, რომ კონსულტანტი გოგოები ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებიან. სამუშაო გრაფიკსაც ისე ირჩევენ, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ.

მას კურიოზებიც მოვაყოლე. ერთხელ, ერთი მამაკაცი შემოსულა, რომელიც პროდუქტს ხელში იგროვებდა. ანასტასიას უკითხავს: – "კალათა ხომ არ გნებავთო", რაზეც მამაკაცს უპასუხია: – "კალათა რად მინდა, წითელქუდა კი არ ვარო". არიან ისეთებიც, ვინც კონსულტანტის დახმარების შეთავაზებაზე ღიზიანდებიან. მაგალითად, კითხვაზე: "გისმენთ…" გპასუხობს: – "რას მისმენ, კი არ ვმღერი!".. და სხვა მრავალი. მოკლედ, რას აღარ ნახავთ და მოისმენთ აქ, დღის მანძილზე…

15:00 სთ

უკვე ვიცი, რომ ყოველი სახეობის პროდუქტს, დახლზე შესაბამისი "სტიკერი" აკრავს, რომლებიც განსხვავებული ფერებისაა.

GEMRIELIA
წითლად – სიახლეებია აღნიშნული. ლურჯი – დიაბეტურ პროდუქტს ნიშნავს, მწვანე – სამარხვოს, ხოლო ყვითელი – ფასდაკლებას, ანუ აქციას, რომელიც ყოველ თვეში ერთხელ იცვლება. აქ მარტივად დავკვალიანდი :)

16:00 სთ

ბოსტნეულს ვალაგებ.

GEMRIELIA
თან, მყიდველებს ვაკვირდები… იმ რამდენიმე საათის განმავლობაში, რომელიც მარკეტში გავატარე, ძალიან ბევრი, განსხვავებული ადამიანი შემოდიოდა. ზოგი კარგ ხასიათზე იყო, ზოგიც არა. ზოგმა ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და დახმარებაზე გადაჭრით ამბობდა უარს. ზოგი კი დაბნეული სახით ათვალიერებდა დახლებს და სიამოვნებით იღებდა დახმარების შეთავაზებას… კითხულობდა ათას წვრილმანს. მაგალითად, როგორი ფორმის მაკარონს უფრო მოუხდება "მოცარელა"… რომელი პური შეიცავს მეტი რაოდენობის შვრიას და სხვა მრავალი… ზოგი ზეფირს ეძებდა, ზოგი რას და ზოგიც რას…

GEMRIELIA
17:00 სთ.

დახლს ვაკონტროლებ, რომ თუ ვინმე რაიმე პროდუქტს აიღებს, მაშინვე შევავსო, რომ სიცარიელე არ დარჩეს.

GEMRIELIA
ყველაფერს ლამაზად ვაწყობ. მომხმარებელი ყველაზე ხშირად პროდუქტის ვადით ინტერესდება. ვადები სისტემატიურად მოწმდება. ბევრი ისეთი დეტალია, რომლებსაც ჩვენ, ჩვეულებრივი მყიდველები ვერც კი ვამჩნევთ…

"ნიკორაში" ჩემი პირველი და უკანასკნელი სამუშაო დღის ბოლოს მივხვდი, რომ კონსულტანტის პროფესია სულაც არ არის ისეთი ადვილი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ეს ადამიანები უნდა იყვნენ ყველაფრის საქმის კურსში, უნდა იცოდნენ და უყვარდეთ ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია. უნდა ესმოდეთ მათი მოთხოვნები… ჯერ მარტო ამდენი ინფორმაციის დამახსოვრება რად ღირს?

GEMRIELIA

ამ ერთი დღის მანძილზე მე დავინახე ის რაღაც, რაც მუდმივ მყიდველს "ნიკორასთან" აკავშირებს… – ეს არის ნდობა! ისინი ენდობიან ხარისხს, კონსულტანტის რჩევას.

18:00 სთ.


მიხარია, რომ ასეთი საინტერესო გამოცდილება მივიღე. მომსახურე პერსონალს ვემშვიდობები და ემოციებით დატვირთული "ნიკორას" ვტოვებ. სამსახურში ვბრუნდები… გზაში, თავში ერთი ციტატა მიტრიალებს: "სტუმრად კარგია, მაგრამ სახლში კიდევ უკეთესი…"
ჟურნალისტი თეა ინასარიძე