როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში უხარისხო პროდუქტის შეძენა-მოხმარებისგან?

ხორცეულის მოხმარება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია, თუმცა მას განსაკუთრებული შერჩევა სჭირდება. ზაფხულის პერიოდში ტემპერატურის მატებასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება ხორცპროდუქტების სწორად შენახვის საკითხი. მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა დიდი ყურადღება და დაკვირვება გამოიჩინოს პროდუქციის არჩევისას და, ასევე, სწორად შეარჩიოს პუნქტი, სადაც ყიდვას აპირებს. 

 

ზაფხულის პერიოდში მომხმარებლების დიდი ნაწილი არჩევანს მზა ხორცპროდუქტებზე აკეთებს, რადგან მისი შენახვა შედარებით მარტივია - მოსახერხებელია ტრანსპორტირებისას, განსაკუთრებით პრაქტიკული კი პიკნიკებისა და ექსკურსიების დროსაა. თუმცა მზა ხორცპროდუქტებსაც სათანადო პირობებში შენახვა სჭირდება. 

როგორ უნდა მივხვდეთ, ხორცპროდუქტები ახალია თუა არა და როგორ უნდა შევინახოთ ის სახლის პირობებში - ამ და სხვა კითხვებით ხორცპროდუქტების ყველაზე მსხვილ მწარმოებელს, ”ნიკორას” ხარისხის მართვის მენეჯერს - ნინო ლეფსაიას მივმართეთ.

- ხორცპროდუქტებთან მიმართებაში რა პრობლემები ხდება აქტუალური ზაფხულის პერიოდში?

- ხორცპროდუქტები მალფუჭებად პროდუქტად ითვლება... აქედან გამომდინარე, როგორც კი გარემო ტემპერატურა მატულობს, ავტომატურად მძაფრდება მაღაზიებში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვის პრობლემა. ხორცეულს შესანახად სამაცივრე პირობები, სათანადო ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა სჭირდება, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე დაცული. ხორცპროდუქტებს ხშირად პირდაპირ ქუჩაში ყიდიან ან მაცივრების გარეშე უდევთ ისეთ მაღაზიებში, სადაც კლიმატ-კონტროლი არ არსებობს. ასეთი ქმედება ყოვლად დაუშვებელია. 

ზაფხულში მომხმარებლებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება, რა პირობებში ყიდულობენ პროდუქციას.
 

- გარეგნულად როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა ჯანსაღი ხორცპროდუქტი ძველისა და გაფუჭებულისგან?
 

- ვიზუალური დათვალიერებით საკმაოდ რთულია სოსისებისა და ძეხვეულის შეფასება, მაგრამ არის მცირე ნიუანსები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. 

ხარისხიანი ძეხვეული უნდა იყოს ბუნებრივი შეფერილობის, მშრალი ზედაპირით, არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი ფერი და არ უნდა იყოს დაობებული. თუ ძეხვეული მუქი ფერისაა, ლორწოვანი გარსით, აქვს არასასიამოვნო მომჟავო სუნი, ეს პროდუქტის სიძველეზე მეტყველებს. პროდუქციას ზედაპირზე არ უნდა ჰქონდეს ობის წერტილები, ზოგიერთი სახეობის გარდა. პროდუქტს ჭრილში არ უნდა ჰქონდეს სიძველის რაიმე ნიშანი. მნიშვნელოვანია, დარღვეული არ იყოს შეფუთვის მთლიანობა, გარსი. ნაწარმი არ უნდა იყოს ჩახურებული.

სოსისის შერჩევისასაც დააკვირდით პროდუქტის ვიზუალურ მხარეს: ფერი, სუნი, კონსისტენცია. პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი. ზოგადად, სოსისებსა და სარდელებს გარკვეული სისველე სდევს თან, თუმცა დააკვირდით, რომ პროდუქტს არ ჰქონდეს წებოვანი ნადები, ზედმეტი სირბილე, ფაფისებრი მასა. 
აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია - შემადგენლობა, კვებითი ღირებულება და შენახვის პირობები.

- ვარგისიანობის საკითხი უფრო მწვავედ დგას თუ შენახვის?

- ორივე საკითხი უმნიშვნელოვანესია. „ნიკორას“ პროდუქციასთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ საწარმოდან გამოსული პროდუქცია სათანადოდაა შემოწმებული ლაბორატორიულად. მისი დამზადება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით ხდება. ჩვენს სუპერმარკეტებში შენახვის პირობებიც ძალიან მკაცრად კონტროლდება. შესაბამისად, ხორცპროდუქტები მომხმარებლამდე მაქსიმალურად უვნებელი და უსაფრთხო მიდის. ხშირია შემთხვევები, როცა განსაკუთრებით ზაფხულში, მომხმარებლებს ტრანსპორტირებისას ან არასათანადოდ შენახვისას უფუჭდებათ პროდუქცია. დიდი სიფრთხილეა საჭირო როგორც ყიდვის, ისე პროდუქტის შენახვის დროს.
 

- საინტერესოა, როგორ კონტროლდება ხორცპროდუქტების შენახვის პირობები "ნიკორას" სუპერმარკეტებში?
 

- ამ საკითხზე რამდენიმე სამსახური მუშაობს, მათ შორის არის ხარისხის მართვის დეპარტამენტი. ჩვენი სპეციალისტების მიერ სისტემატურად ტარდება მაღაზიების შემოვლა, ტემპერატურული რეჟიმის გადამოწმება. ანალოგიურად ამოწმებს შენახვის პირობებს მონიტორინგის სამსახურიც. ასევე, განთავსების წესებს, პროდუქციის ვადებსა და ა.შ. თითოეულ მაღაზიას ჰყავს მენეჯერი, რეგიონული მენეჯერი...  მოკლედ, ძალიან მკაცრი და ზედმიწევნითი მექანიზმი მუშაობს, რომ მომხმარებლამდე ხარისხიანი პროდუქტი მივიდეს. 

 

- სახლის პირობებში როგორ უნდა შევინახოთ ხორცპროდუქტები, რომ მალე არ გაფუჭდეს?
 

- ხორცპროდუქტები აუცილებლად უნდა შევინახოთ მაცივარში და არა - საყინულეში. სასურველია, თუ ჩავდებთ მინის თავდახურულ კონტეინერში. თუმცა არც პლასტმასის კონტეინერი ქმნის განსაკუთრებულ პრობლემას. სათავსო არ უნდა იყოს თავღია. თუ ხორცპროდუქტებს მხოლოდ 1-2 საათით ვინახავთ, შესაძლებელია ის მაცივარში პარკითაც მოვათავსოთ. 

ყველა პროდუქტს თავისი შენახვის ვადა აქვს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. არ შეიძლება დასასვენებლად წასულებმა მთელი ზაფხულის სამყოფი ხორცპროდუქტი ერთად წავიღოთ. 

მაგალითად, სოსისების და სარდელების შენახვის ვადა ძირითადად 4 დღეა, მოხარშული და შებოლილი ძეხვეულისა - 15- 30 დღე, შაშხები კი წარმოებიდან დაახლოებით 1 კვირის მანძილზეა ვარგისი. 

 

- როგორ შევარჩიოთ ხორცპროდუქტები პიკნიკებსა და ლაშქრობებზე წასაღებად?

- პიკნიკებსა და ქალაქგარეთ წასაღებად შებოლილი პროდუქციის შეძენა სჯობს. ის ნაკლებად მალფუჭებადია. თუმცა შებოლილ ხორცპროდუქტებსაც სათანადო შენახვის პირობები სჭირდება. ზოგადად, ხელმისაწვდომია სამაცივრე ჩანთებიც, რომლებიც შედარებით ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ძალიან მოსახერხებელია. ტრანსპორტირებისას არ უნდა მოხდეს პროდუქტის ჩახურება. მზის გულზე გაჩერებაც აჩქარებს გაფუჭების პროცესს. 

 

- დაბოლოს, რა რეკომენდაციებს მისცემთ მომხმარებლებს, რას მიაქციონ ყურადღება ხორცპროდუქტის შეძენისას?
 

- რეკომენდაციები საკმაოდ მარტივად შესასრულებელია: პროდუქცია შეიძინონ მაღაზიაში, რომელსაც ენდობიან; შეამოწმონ ვადა; გარეგნულად შეამოწმონ ხორცპროდუქტები. ამ ყველაფრის შემდეგ კი, სახლში თავადაც სათანადო პირობებში შეინახონ.

ნანა მღებრიშვილი


მასალის გამოყენების პირობები
6 ივნისი, 2017 02:06 p.m.
ნანახია: 830