როგორი იყო ტიტანიკის უკანასკნელი სადილის მენიუ, რომელიც აუქციონზე შთამბეჭდავ ფასად გაიყიდა - Gemrielia.ge

როგორი იყო ტიტანიკის უკანასკნელი სადილის მენიუ, რომელიც აუქციონზე შთამბეჭდავ ფასად გაიყიდა

ტიტანიკის ჩაძირვის ტრაგიკულ ამბავზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა ჩემი ყურადღება სხვა ფაქტმა მიიქცია და გადავწყვიტე, ამის შესახებ თქვენთვისაც მომეთხრო. BBC-ის საიტზე ამოვიკითხე, რომ ტიტანიკის უკანასკნელი სადილის მენიუ, რომელიც 1912 წლის 14 აპრილით თარიღდება, აუქციონზე 76.000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ნამდვილად შთამბეჭდავი თანხაა, არ მეთანხმებით? სწორედ ამ სტატიის შემდეგ დავინტერესდი, მაინც რით უმასპინძლდებოდნენ მგზავრებს ამ დიდებულ ლაინერზე? მოვიძიე მენიუს ასლებიც  -  ჩამონათვალი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, მით უფრო პირველი კლასის მგზავრებისთვის.


ტიტანიკის კულინარიული გამოცდილების უკეთ გასაგებად სჯობს ჯერ იმ ეპოქის კულინარიულ ისტორიაზე გავიგოთ ცოტა მეტი. ტიტანიკის მენიუზე დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელმა ცნობილმა ფრანგმა შეფმზარეულმა, ოგიუსტ ესკოფიემ.
 

 

იგი 1800-იან წლებში რიცის სასტუმროების ქსელთან თანამშრომლობდა. დღეს მის კერძებს, რომლებიც დატვირთული იყო მძიმე სოუსებით, კვერცხით, შებოლილი ორაგულითა და საქონლის ხორცით, "ტიპურ ფრანგულს" უწოდებენ. ესკოფიეს კერძები კარგად შეესაბამებოდა მდიდრების მოთხოვნებს და წარმატებით შევიდა ტიტანიკის პირველი კლასის მენიუშიც. მის მრავალ კერძს სახელი სწორედ სასტუმრო “რიცის” სახელგანთქმული კლიენტების პატივსაცემად ეწოდა, მაგალითად, მელბა ატმით _ la pêche Melba _ ატმის დესერტი ავსტრალიელი მომღერლის, ნელი მელბას სახელს ატარებს. კიდევ ერთი, იმ დროისთვის უჩვეულო თვისება, რაც ესკოფიეს გამოარჩევდა და სხვა მზარეულებზე მაღლა აყენებდა, იყო მისი უნარი, მეგობრული ატმოსფერო შეენარჩუნებინა თანამშრომელთა შორის, რითაც მათ პატივისცემას იმსახურებდა.
 

ტიტანიკის პირველი კლასის მგზავრებისთვის რამდენიმე სასადილო დარბაზი იყო განკუთვნილი. თითოეულში ესკოფიეს გავლენა იგრძნობოდა, თუმცა ყველაზე პოპულარული სასტუმრო “რიცის” სახელობის მდიდრული დარბაზი იყო. ვახშამზე მგზავრებს მუსიკით იხმობდნენ. ჯერ კოქტეილებს სთავაზობდნენ, რომლებიც იმ დროს ძალიან მოდური იყო. ამის შემდეგ მოდიოდა კვერცხის კერძი ხიზილალის თანხლებით. რა თქმა უნდა, ამას ხორცის, თევზის, ბოსტნეულის კერძები, ყველის მენიუ და დესერტი მოსდევდა. თითოეულ კერძს ახლდა შესაბამისი ღვინო. სადილის შემდეგ მამაკაცთა უმრავლესობა სხვა დარბაზში გადაინაცვლებდა ყავის დასალევად და სიგარის გასაბოლებლად.
მგზავრებს, რომელთაც არ შეეძლოთ ამ მრავალრიცხოვანი კერძების დაგემოვნება, შეეძლოთ უფრო მოკრძალებული მენიუ შეერჩიათ.

 



როგორც ხედავთ, კერძების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჩამონათვალია, ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ერთ სადილზე ამ რაოდენობის კერძების მირთმევა! თუმცა, მაშინდელი მაღალი საზოგადოება მიჩვეული იყო სადილობის ხანგრძლივ რიტუალს.
 

ტიტანიკის მეორე კლასის მგზავრებსაც შესანიშნავი კერძების დაგემოვნება შეეძლოთ, თანაც ჩვეულებრივზე უფრო იაფად. მათ საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუ ჰქონდათ, ბრიტანულ-ამერიკული აქცენტებით. მართალია, კერძების რაოდენობა შემცირებული იყო, მაგრამ იმავე სამზარეულოში მზადდებოდა, სადაც პირველი კლასის კერძები. მენიუში შედიოდა წვნიანი, სხვადასხვა ხორცეულის კერძი და დესერტი.


მესამე კლასის მგზავრები ხომალდზე უმრავლესობას წარმოადგენდნენ. ისინი იყვნენ ევროპის მუშათა კლასის წარმომადგენლები, რომლებიც ოცნებებსა და იმედებს ამერიკაში მიჰყავდა. მათი მენიუ, რა თქმა უნდა, უფრო მწირი იყო, ვიდრე პირველი და მეორე კლასის მგზავრებისა, მაგრამ ბევრად მაღალი სტანდარტის, ვიდრე საერთოდ მესამე კლასის მგზავრებს სთავაზობდნენ იმ დროს.


თუ ამ თემით უფრო მეტად დაინტერესდებით, შეგიძლიათ გაეცნოთ რიკ არჩბოლდის და დანა მაკკოლეის წიგნს „უკანასკნელი სადილი ტიტანიკზე“ - (Last Dinner on the Titanic _ Archbold, Rick and McCauley, Dana (1997).
 

მოამზადა ნინო ჯანანაშვილმა