შარბათი - სულთნების სასმელი - Gemrielia.ge

შარბათი - სულთნების სასმელი

ახალი ხილი, ჩირეული, ყვავილები, სანელებლები, თაფლი, შაქარი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ უამრავი ინგრედიენტისა თუ მათი შეხამებისა, რაც თურქული შარბათის (Türk Osmanlı şerbeti) სახელით ცნობილი, შესანიშნავი სასმლის დასამზადებლად გამოიყენება.


აღმოსავლელები მას ეთაყვანებიან, სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. თურქები შარბათს სამკურნალო თვისებებსაც მიაწერენ, ამბობენ რომ ეს არომატული სასმელი სხეულს ენერგიას, სულს კი სიმშვიდეს ანიჭებს . სულთნების სასახლეებში ამ გასაოცარი სასმელით ბევრი აღფრთოვანებულა. განსაკუთრებით უყვარდა ეს ტკბილი სასმელი სულთან სულეიმანს, რომელიც, ლეგენის თანახმად, საუკეთესო სასმელის შემქმნელს უხვად აჯილდოებდა.

შარბათი აღმოსავლური ეგზოტიკის ერთ-ერთი ელემენტია. არაბული ჰგონიათ, თუმცა ამბობენ, რომ ამ სასმელის დამზადება არაბებმა ჩინელებისგან ისწავლეს.

ცხელი ზაფხული წარმოუდგენელია ცივი შარბათის გარეშე. ამ სურნელოვან, ფერად სასმელს უამრავი სახეობისას ამზადებენ და ყინულთან ერთად მიირთმევენ. მაგრამ არსებობს შარბათის დარიჩინიანი ცხელი სიროპებიც, ზამთრის დღეების გასათბობად.

GEMRIELIA

შარბათს ინდოელებიც ამზადებენ, ხშირად რძისგანაც, სხვადასხვა თხილეულისა და სიროპების დამატებით.

თურქეთში შარბათს არამხოლოდ ხილით, არამედ ყვავილებით, თხილით, კაკლითა და სხვადასხვა მცენარის ფოთლებითაც ამზადებენ, როგორც წესი, მიხაკსა და დარიჩინსაც უმატებენ. ოტომანების იმპერიის დროს სასახლეში დიდი რაოდენობით შარბათი იყო. მათ გრილ ადგილას ინახავდნენ.  დღეს თურქეთში 300-ზე მეტი სახეობის შარბათს ამზადებენ. პოპულარულია ნუშის, ნესვის კურკების, მარწყვის, ვარდის, შტოშის, ატმის, ბროწეულის, ქლიავის, პიტნის  და სხვა სახეობები.

თურქები ალკოჰოლურ სასმელებს ნაკლებად სვამენ და ამის გამო შარბათი მათთვის შეუცვლელია.
ევროპელმა მოგზაურებმა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ღწერეს შარბათის გამყიდველები. ერთ დროს, ძალზე კოლორიტული  იყო სტამბულის ქუჩებში შარბათის თავსაბურავიანი გამყიდველები, რომლებსაც ეს სასმელი ზურგით დაჰქონდათ, ყველა მსურველს უსხამდნენ და შემდეგ ყინულის ნატეხსაც უმატებდნენ. ამ სასმელის მომზადება დიდ ხელოვნებად ითვლება და აღმოსავური ტკბილეულის ოსტატებს შორის შარბათის დამამზადებლებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. მათ ქალაქის ყველაზე ცნობილ ქუჩებზე ჰქოდნათ მაღაზიები. მოსახლეობის შეძლებული ფენის შარბათი გაცილებით მეტ წვენს, სანელებლებს და სიროპებს შეიცავდა, ღარიბებისა კი მარტივი იყო. დაბადების დღეს, ნიშნობაზე და ქორწილებში კი განსაკუთრებული წესებით ამზადებდნენ.

GEMRIELIA


ასევე იხილეთ ვარდის შარბათის რეცეპტი