როგორ შეიქმნა ნამცხვარი "ნაპოლეონი" - Gemrielia.ge

როგორ შეიქმნა ნამცხვარი "ნაპოლეონი"

საბჭოთა კულინარიაში "ნაპოლეონი" ყველაზე ცნობილი დესერტი იყო. მისი თავდაპირველი ვერსია განსხვავდებოდა მოგვიანებით გავრცელებული რეცეპტისგან და თავად ნამცხვრის შესახებაც საინტერესო მოსაზრებები არსებობს.

ნამცხვრის შექმნის პირველი ვერსია პიკანტურია, თუმცა სიმართლეს ნაკლებად ჰგავს. ამბობენ, რომ ერთხელ იმპერატორს მეუღლემ, ჟოზეფინამ, ერთ-ერთ ფრეილინასთან არშიყის დროს შეუსწრო. ნაპოლეონი ახალგაზრდა ქალბატონის სახესთან მეტისმეტად იყო მიახლოებული. ჟოზეფინას ეჭვების გასაქარწყლებლად, მან განაცხადა რომ ცოტა ხნით ადრე გემრიელი ტორტის რეცეპტი მოიფიქრა და სწორედ ამის შესახებ უამბობდა ფრეილინას. მარშალმა დავუმ, რომელიც ოჯახურ სცენას შეესწრო, იმპერატორის მონათხრობი მზარეულს გადასცა , რომელმაც დესერტი ვახშმისთვის მოამზადა და ყველა აღაფრთოვანა.

მეორე ვერსია პირველზე უფრო დამაჯერებლად ჟღერს და სიმართლესთან უფრო ახლოსაა. მის მიხედვით, ნამცხვარი 1912 წელს რუსმა კონდიტერებმა შექმნეს ნაპოლეონზე გამარჯვების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ნამცხვარს, თავდაპირველად, სამკუთხა ფორმა ჰქონდა, რაც სიმბოლურად იმპერატორის ქუდს აღნიშნავდა.
მოგვიანებით,  "ნაპოლეონი" ნელ-ნელა სახალხო დესერტად იქცა და ხარისხიც გაუარესდა: ფენოვან ცომს კარაქის ნაცვლად მარგარინით ამზადებდნენ, კვერცხის გულებზე მომზადებული გემრიელი კრემი იაფმა,  ფქვილიანმა ტკბილმა ფაფამ ჩაანაცვლა. სამკუთხედი ფორმაც შეიცვალა და დიდი ზომის, მრგავალ ან მართკუთხა ტორტებს აცხობდნენ.

არსებობს "ნაპოლეონის" შექმნის მესამე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ნამცხვრის სახელი იტალიის ქალაქ ნეაპოლს უკავშირდება.

ევროპაში ამ ტიპის ტორტი, რომელსაც ფენოვანი ცომით ამზადებენ millefeuille-ს სახელითაა ცნობილი და "ათას ფენას" ნიშნავს. ევროპული ტექნოლოგიით,  გამოცხობის წინ ფენოვან ცომს ჩანგლით ჩხვლეტენ. ასეთი ცომი ცხობისას ძალიან აღარ ფუვდება, თუმცა ფენები მაინც გამოკვეთილია და სიხრაშუნესაც ინარჩუნებს.
GEMRIELIA