ხახვმა ცრემლები რომ არ გაღვრევინოთ... - და კიდევ 8 რჩევა, თუკი ხახვს იყენებთ ხოლმე - Gemrielia.ge

ხახვმა ცრემლები რომ არ გაღვრევინოთ... - და კიდევ 8 რჩევა, თუკი ხახვს იყენებთ ხოლმე

ყველა ადამიანმა იცის რომ ხახვი უნივერსალური პროდუქტია და მის გარეშე თითქმის არცერთი კერძი არ მზადდება. მას ამატებენ სალათებში, წვნიანებში, თევზის, ხორცის, ფრინველის კერძებში. გამოცდილი კულინარები ხახვისგან დესერტებსაც კი ამზადებენ. მაგრამ შეიძლება ყველამ არ იცოდეს მისი გამოყენების საუკეთესო გზები.

მაშ, ხახვის პატარა საიდუმლოებებს გაგიმხელთ.

1. თუ გსურთ, რომ მოშუშულ ხახვს ლამაზი ოქროსფერი ჰქონდეს, შუშვის დროს სულ ცოტა შაქარი ან შაქრის პუდრი დაამატეთ.

2. ბულიონში, ლამაზი ფერის მისაღებად, უკეთესია გაუფცქვნელი მთლიანი ხახვი ჩააგდოთ (რა თქმა უნდა ფურცლების ზედა მტვრიან ფენას შემოაცლით და წყალს გადაავლებთ). წვნიანის მომზადებისას კი სჯობს წინასწარ მოშუშოთ, ასე უკეთ შეინარჩუნებს არომატს.

3. თუ სალათის რეცეპტში ხახვის უმად გამოყენებაა მითიტებული, სცადეთ და წინასწარ დაამარინადეთ. ამით ხახვი სიმწარეს დაკარგავს და უფრო გემრიელი გახდება. მარინადად შეიძლება გამოიყენოთ ლიმონის, ბროწეულის, ფორთოხლის წვენი (სალათის შესაბამისად), ძმარი ბალზამიკო. ან მოამზადეთ შემდეგი მარინადი: 1 ჭიქა წყალში ჩაყარეთ 1/2 ჩ.კ მარილი, დაფნის ფოთოლი, 2 მარცვალი პილპილი და წამოადუღეთ. სხვა სანელებლების დამატებაც შეიძლება გემოვნებით. წამოადუღეთ და დაასხით დაჭრილ ხახვს. რამდენიმე წუთში გადაწურეთ და გააგრილეთ.

4. თუ ხახვი ხორცის ფარშში უნდა დაამატოთ, უკეთესია გახეხოთ. ამგვარად ის უფრო ერთგვაროვანი იქნება და ხორცს დამახასიათებელ არომატს და სიცხარეს შესძენს.

5.ხახვის უცრემლოდ დასაჭრელად შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
- ხახვი 10 წუთით მაცივარში შედეთ.
-ხელებზე და დანაზე ლიმონის ნაჭერი გაუსვით.
- შუაზე გაჭრილი ხახვი ცივ წყალშ შეუშვირეთ. დაჭრისას პერიოდულად დანაც დაასველეთ.
- გამოიყენეთ ბასრი დანა.

6. წვრილ ხახვს რომ კანი ადვილად გააცალოთ, რამდენიმე წამით ცხელ წყალში ჩაუშვით.

7. კერძის მომზადებისას, ტაფაზე ჯერ ხახვი მოშუშეთ და შემდეგ დაამატეთ სხვა ინგრედიენტები. ასე ბოსტნეული უკეთ დარბილდება და არომატსაც გამოსცემს.

8. თეთრი და იისფერი ხახვი უკეთესია უმად გამოიყენოთ სალათებში.

9. თუ ხახვის ზამთრისთვის შენახვა გსურთ, შეარჩიეთ კარგად მოწეული და ოქროსფერ კანიანი ბოლქვები, მშრალი ფესვებით. ყველაზე უკეთ დაბრტყელებული ფორმის თავები ინახება.