„ეს ერთი ღერა ქართველი ვიყავი, მაგრამ ჩვენი დროშა მაინც ავაფრიალე... ყველა ხაჭაპურს გაიძახოდა“ - დანიაში გამართული გასტრონომიული დღესასწაული - Gemrielia.ge

„ეს ერთი ღერა ქართველი ვიყავი, მაგრამ ჩვენი დროშა მაინც ავაფრიალე... ყველა ხაჭაპურს გაიძახოდა“ - დანიაში გამართული გასტრონომიული დღესასწაული

ნათია თენაძეს კულინარიული ჯგუფების წევრები კარგად იცნობენ. იგი ორი ჯგუფის ადმინისტრატორია: „ემიგრანტების სამზარეულო“ და კულინარია სიყვარულია“. სწორედ ამ ჯგუფებში ვნახეთ ვიდეო, სადაც მშვენიერი ნათია თავისი გამომცხვარი ხაჭაპურის წინ პოზირებს.

ნათია დანიაში იმყოფება, სადაც კვირას ტრადიციული გასტრონომიული დღე მოეწყო. რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები თავიანთ ტრადიციულ კერძს ასინჯებდნენ ფესტივალის სტუმრებს. როგორც ნათიამ აღნიშნა, იქ კარგად იცნობენ, იციან, რომ კულინარია უყვარს და მონაწილეობის მიღება შესთავაზეს: „პროექტი იყო, კერძების დაგემოვნება მიდიოდა. მე უნდა მომემზადებინა ერთი სახეობა, რომელიც აქტუალური იყო საქართველოში და ხაჭაპური ვამჯობინე, 300 კაცის ხინკლის მომზადებას დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი. თუმცა 300 კაცის ხაჭაპური მხოლოდ მე გავაკეთე და ფეხზე როგორ ვიდექი, არ მახსოვს. 10 სთ-დან 14:00 სთ-მდე უნდა მომესწრო. 50 ცალი 8-ნაჭრიანი ხაჭაპური გავაკეთე. 5 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით, ისინი ბევრნი არიან, 6-7 კაცი ამზადებდა, მე მარტო ვიყავი. ძალიან დიდი ჟრიამული იყო ჩემს დახლთან. რაც მთავარია, საქართველოს დროშა ავაფრიალე და ყველას დავამახსოვრებინე - ხაჭაპური და ჯორჯია,“ - აღნიშნავს ნათია.

natia-tenadze-1652106398.jpg