4 მთავარი სასმელი ზამთარში იმუნიტეტის ასამაღლებლად - Gemrielia.ge

4 მთავარი სასმელი ზამთარში იმუნიტეტის ასამაღლებლად


ჩირის ნახარში

რადგან ყველაზე მთავარი წესი გაციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის არის ბევრი სითხის მიღება, ჩირის ნახარშზე უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებთ. ჩირის კომპოტს საერთოდ არ გააჩნია უკუჩვენებები და ასაკობრივი შეზღუდვა. ამასთან, ამ სასმელს აქვს გამამაგრებელი ეფექტიც, რაც გაციებისას ძალიან მნიშვნელოვანია. აიღეთ 100 გ ვშლისა და მსხლის ჩირი და კარგად გარეცხეთ ცივ წყალში. დაასხით მდუღარე და ხარშეთ დარბილებამდე (20-30 წუთი). ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი, შავი ქლიავი, კურაგა და ქიშმიში. როცა კომპოტი გაგრილდება, ჩააწურეთ ლიმონი ან ფორთოხალი, შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლიც.

ჟოლოს ჩაი

ჟოლო შეიცავს ორგანულ მჟავებს, რის გამოც ის განსაკუთრებით რეკომენდებულია მაღალი ტემპერატურის დროს. ამას გარდა ჟოლო შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ეხმარება გრიპთან ბრძოლაში. არსებობს ჟოლოს ჩაის რამდენიმე ვარიანტი. პირველი: შეგიძლიათ რამდენიმე კოვზი ჟოლოს მურაბა ან გახეხილი დაშაქრული ჟოლო, რომელიც ზაფხულში მოამზადეთ, ჩაიყაროთ ჭიქა მწვანე ჩაიში. მეორე: შეგიძლიათ დააყენოთ ჟოლოს ჩირის ნაყენი. ამისთვის 2 ს. კ. ჟოლოს ჩირი შეურიეთ 1 ჩ. კ. შავ ჩაის, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ასეთი ჩაი რეკომენდებულია ძილის წინ. სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ თაფლი. შეგიძლიათ ჩაი მოამზადოთ ჟოლოს გამხმარი ფოთლებისგანაც: 2 ს.კ. გამხმარ ფოთლებს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე და დააყენეთ 1-1,5 საათის განმავლობაში.

ძახველის ჩაი

ეს არის გამამაგრებელი, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ გაციებისა და გრიპის პირველივე სიმპტომების ლიკვიდაციაში. ძახველის ნაყოფი შეიცავს ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას და ვიტამინებს C და K-ს, კაროტინს, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ამიტომ მისი ნაყენი ახდენს სედატიურ მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. მაგრამ თუ დაავადება მაინც განვითარდა, ძახველის ჩაი სწორედ რომ აუცილებელია: ის დაბლა სწევს ტემპერატურას, გაგათავისუფლებთ ხველისგან , თავისა და ყელის ტკივილისგან, ხელს უშლის ბრონქიტისა და ფილტვების ანთების განვითარებას. მაგრამ საჭიროა გამოიჩინოთ დიდი სიფრთხილე დოზირებისას, რადგან ძახველი ასევე დაბლა სწევს წნევას. რეკომენდებულია ძახველის ჩაის მიღება დღეში 3-5-ჯერ.

1 ს. კ. ძახველის ცოცხალ ნაყოფს, ან გახეხილ დაშაქრულ მასას დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. როცა ნაყენი ცოტა შეგრილდება, დალიეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი. ეს მხოლოდ გააძლიერებს მის სამკურნალო თვისებებს.

ასკილის ნაყენი

ასკილი ძალიან პოპულარულია როგორც ხალხურ, ასევე ტრდიციულ მედიცინაში, რადგან ის ასუსტებს ანთებით პროცესებს, აქვს შარდმდენი და ნაღველმდენი თვისება, ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის მოამზადეთ ასკილის ნაყენი შემდეგნაირად: თერმოსში ან რაიმე სხვა ჭურჭელში ჩაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი და დაუმატეთ 1 ს.კ. ასკილი. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ ნაყენი მთელი ღამით. შემდეგ გადაწურეთ. სვით ნახევარი ჭიქა მზა ნაყენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. არ არის საჭირო დიდი მარაგის წინასწარ მომზადება, რადგან ნაყენი 2 დღე-ღამის შემდეგ თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს.