ქვაბში ჩაასხით ერთი ჭიქა წყალი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, მარგარინი და აადუღეთ. როცა მასა ადუღდება, აურიეთ და დაუმატეთ ცოტ-ცოტა ულუფებით ფქვილი, თან შეუჩერებლად და სწრაფი მოძრაობით ურიეთ. გადმოიღეთ მასა ცეცხლიდან და დაუმატეთ სათითაოდ კვერცხი, თან ურიეთ. მზა ცომი არ უნდა იყოს სქელი და უნდა იწელებოდეს. წაუსვით ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტას ცხიმი და წყალში დასველებული კოვზით ან საკონდიტრო ტომრის მეშვეობით დასვით ეკლერები. მოათავსეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში. ცხობის განმავლობაში არ გამოაღოთ ღუმელის კარი. მოამზადეთ კრემი: ამისათვის ქვაბში გააცხელეთ რძე, მაგრამ არ აადუღოთ. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეტ ფქვილი და სახამებელი. გაცხელებულ რძეში, რომელიც ჯერ კიდევ ცეცხლზე დგას, მაგრამ არ ადუღებულა, ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხისა და ფქვილის მასა, თან ურიეთ. როცა მასა ერთგვაროვანი და სქელი გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. პერიოდულად ურიეთ. მოამზადეთ მინანქარი. პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ არაჟანი, შაქარი და კაკაო. დადგით ცეცხლზე და ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ ერთგვაროვანი მასის კონსისტენციამდე. როცა ეკლერები კარგად გაცივდება, ამოავსეთ კრემით თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით: შეგიძლიათ გაჭრათ შუაზე ეკლერები და ისე ჩადოთ კრემი, ან გააკეთოთ პატარა ნაპრალი და საკონდიტრო შპრიცის მეშვეობით ჩაუშვათ გულში კრემი. კრემიან ეკლერებს მოასხით ზემოდან მინანქარი. გემრიელად მიირთვით!