ქართული ყველის სამყარო ანა მიქაძე-ჩიკვაიძესთან ერთად - Gemrielia.ge

ქართული ყველის სამყარო ანა მიქაძე-ჩიკვაიძესთან ერთად



GEMRIELIA


ქალბატონო ანა, როდის დაინტერესდით ქართული ყველით?

ამბობენ, ადამიანს წლების მატებასთან ერთად მიწა ეძახისო... ასაკთან ერთად ნატურალური პროდუქტების მიმართ მოთხოვნილება მატულობს. ამ დროს კარგად გვესმის მათი ფასი და ამით აიხსნება მიწისკენ სწრაფვაც. ენერგიას, რასაც ასაკი გვაკლებს, ჯანსაღი საკვები გვინაზღაურებს. 40 წლის რომ გავხდი, მეც გამიჩნდა მსგავსი მოთხოვნილება. მახსოვს, ტელევიზიით პრეზიდენტის გამოსვლას უჩვენებდნენ, რომელსაც ხელში ყველი ეჭირა და სინანულით ამბობდა:
"ქართული ყველი ძალიან გემრიელია, მსგავსი არაფერი მიჭამია, მაგრამ მზესუმზირასთან, სნიკერსსა და წინდებთან ერთად მისი შავ პარკში გაყიდვა რა საშინელებაა?!” _ მართლაც ასე იყო. პირველი კითხვა, რაც დამებადა – რატომ გვაქვს ასე ცუდად შეფუთული ყველი?.. მანამდე ამ პროდუქტის ჩვეულებრივი მომხმარებელი ვიყავი და სულგუნის, ქარხნულის, იმერულისა და გუდის ყველის გარდა სხვა სახეობა არც გამეგონა. დასახელებები _ ჩოგი, მოთალი, ტენილი, შორა, დამბალხაჭო – აბსოლუტურად უცხო იყო ჩემთვის. ჟურნალისტების გარდა, მათ მხოლოდ გურმანთა ვიწრო წრე იცნობდა. დახმარება მეგობარს, ეთნოგრაფსა და ჩემს მასწავლებელს, თამილა ცაგარეიშვილს ვთხოვე, რომელმაც პატარა ბროშურა მათხოვა, სათაურით – "რძე და რძის კულტურა საქართველოში”. ხშირად ვსტუმრობდი საჯარო ბიბლიოთეკას. გავეცანი ყველა წიგნს, რომელიც სამეურნეო კულტურასა და ეთნოგრაფიას ეხებოდა, ყველაფერი გადავიკითხე და პროექტის მომზადება გადავწყვიტე.
აქედან დაიწყო ამსფეროთი ჩემი "დაავადება”.
საქართველოს ყველა რეგიონი შემოიარეთ, პირველად რომელი კუთხით დაინტერესდით?
პირველად სამცხე-ჯავახეთს ვესტუმრე. შვიდი წლის განმავლობაში ყველის კულტურა საქართველოს თითოეულ რეგიონში შევისწავლე და შემდეგ ამ თემაზე საუბარი სოციალურ ქსელებში განვაგრძე. ყველა სიახლეს, რასაც ამ სფეროში აღმოვაჩენდი, მხატვრულად ვაფორმებდი და ისე აღვწერდი. აღფრთოვანებაში მოვყავდი თითოეული ახალი სახეობის
ყველის ფერს, გემოს, არომატს...
ყველისგან მომზადებულ კერძებზე რას გვეტყვით, რაიმე ისეთი თუაღმოგიჩენიათ, რაც ნაკლებად არის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი?
ფერმაში სტუმრად რომ მიდიხარ, როგორც წესი, ფერმერი ან მწყემსი
განსაკუთრებულად გიმასპინძლდება, ყველის გარდა სხვა კერძებსაც
გთავაზობს. ცდუნებას ვერ გაუძლებ, რომ არ გასინჯო. მაგალითად, რაჭაში, სოფელ ღებში ტრადიციულად ხაჭაპურს ოთხი სახის ყველს უკეთებენ. ეს გემოსა და არომატის ნამდვილი აფეთქებაა.
ყველის ფესტივალის ორგანიზება როგორ შეძელით?
მოვამზადე პროექტი, სადაც ვასაბუთებდი, რომ საქართველო ყველის უძველესი კულტურის ქვეყანაა. რომ მცხეთაში, არქეოლოგიის მუზეუმში 28 საუკუნის თიხის საყველე ჭურჭელი ინახება. ამ ჭურჭლის სრულყოფილი ფორმა კი მიუთითებს, რომ ეს კულტურა საქართველოში კიდევ უფრო ძველია და რომ ყველის ისტორია 4000 წელს ითვლის.
პროექტი ეკონომიკის სამინისტროში მივიტანე, მაგრამ მეც მივივიწყე და სამინისტრომაც. ერთ მშვენიერ დღეს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ პროექტს დამიფინანსებდნენ. დღემდე მადლიერი ვარ მათი. იმ წამიდან მოყოლებული, როგორც მდინარეს უერთდება ნაკადულები, ისე უერთდებოდა ხალხი პროექტს. სიღნაღში გამართული ყველის პირველი ფესტივალი ნამდვილ ზეიმად იქცა.

GEMRIELIA
ეს ღონისძიება ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს დაემთხვა, რომლის სტუმრებიც შემდეგ ყველის ფესტივალს შეუერთდნენ. ამ ფაქტს რაიმე შედეგი მოჰყვა?
მაშინ ჩვენი ფესტივალის შესახებ ტელევიზიით სულ პატარა სიუჟეტი მომზადდა, რადგან ყურადღება მსოფლიო ღვინის კონგრესისკენ იყო მიმართული. თუმცა, როცა ტელევიზორი ჩავრთე, მოვისმინე, ერთი უცხოელი კაცი, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელი და პროფესიონალი მეღვინე აღმოჩნდა, აცხადებდა – `ვიცოდი, რომ საქართველო ღვინის სამშობლო იყო, მაგრამ არ მეგონა თუ ყველის სამშობლოც იყო. რამდენი სახეობის ყველი გქონიათ”. ეს იყო დიაგნოზი და შეფასება, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ქართული ყველის კულტურა.
ამის შემდეგ ნამდვილი ეიფორია დაიწყო, ყველა ყველის ფესტივალზე ალაპარაკდა...
ამის მიუხედავად, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ეიფორია უნდა დასრულებულიყო და სხვა ეტაპზე გადავსულიყავი. ამ ხნის განმავლობაში ვიცხოვრე ფერმებში, შევისწავლე და მივხვდი, რომ ეს ძალიან სერიოზული საქმეა. ფერმერს, რომელიც ერთი სახეობის ყველზე მუშაობს, ვერ ეტყვი, რომ ექსპერიმენტი ჩაატაროს და ახლად აღმოჩენილი რეცეპტებით იხელმძღვანელოს. ფერმერისთვის ეს ბიზნესია და ამას ვერ მოსთხოვ, რადგან სხვადასხვა სპეციფიკის ყველს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. გარდა ამისა, ყველის დიდი ხნის დავარგების ფუფუნება რიგით ფერმერებს არა აქვთ.
მანანა ტრენკლეს შესახებაც გვიამბეთ. ისიც ხომ აქტიურად ჩაება ქართული ყველის წარმოებაში?
მანანა ტრენკლე ჯერ კიდევ სიღნაღის ყველის ფესტივალამდე გავიცანი, იგი თავად დამიკავშირდა და ამ გრანდიოზულ წამოწყებაში მხარდაჭერა აღმითქვა. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ძვირფასი მანქანა ღების გზებზე გაჩენილ ორმოებში დატოვოს, იქვე ანაკლიაში ფესტივალის მოწყობის იდეა დაებადოს და იქიდან ანაკლიაში წავიდეს. აბსოლუტურად უღალატო და ენთუზიაზმით სავსე ადამიანია. მან
ფერმა სამეგრელოში გახსნა, მაგრამ ყველის წარმოებისთვის იქაური გარემო მზად არ აღმოჩნდა და მუშაობა შეჩერდა. ჩვენ მრავალი რეცეპტი
გვქონდა და ამ იდეების განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა.
ახლა რა ეტაპზე ხართ და სად მოღვაწეობთ?
სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, მიხო სვიმონიშვილმა, რომელიც ჩვენსავით ახირებული ადამიანია, (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით), თელეთში დაგვითმო სივრცე, სადაც სამეურნეო წარმოებისათვის მართლაც უნიკალური გარემოა. გვაქვს ექსპერიმენტული ფერმა-საწარმო და ჩვენს საქმეს მშვიდად ვაკეთებთ.
როგორც ვიცი, ყველის მწარმოებლები სახელმწიფომ დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გაათავისუფლა, ეს როგორ აისახება ქარული ყველის წარმოებაზე?
დღგ-სგან ყველის წარმოების გათავისუფლება დიდი დახმარებაა
მწარმოებლისთვის. პროდუქციაც გაიაფდა.
ყველის მყიდველის გემოვნება თუ დაიხვეწა?
მეგონა, რომ ძვირადღირებული პროდუქტის მიმართ მომხმარებელს
პროტესტი გაუჩნდებოდა, მაგრამ შევცდი, ყველის თითოეულ სახეობას თავისი მყიდველი ჰყავს, გარდა ამისა, მომხმარებლები ახალ გემოსა და არომატებს ეძებენ, რაც ამტკიცებს, რომ საზოგადოებამ უკეთ გაიცნო ეს პროდუქტი.

GEMRIELIA
ფერმერული მეურნეობა ძნელად განვითარდება იმ პირობებში, როცა სოფლის მოსახლეობა მუდმივად ქალაქისკენ მიიწევს. არსებობს რესურსი, რომ ხალხი სოფელს დაუბრუნდეს?
როცა გინდა გყავდეს ძროხა, მაგრამ ვერ ჩადიხარ სოფელში, შეგიძლია მეზობელი დააინტერესო, საკვებით მოამარაგო, მიწაც დაამუშავებინო და როცა დრო გექნება, თავადაც მიხედო მეურნეობას. სამაგიეროდ, ჯანსაღი პროდუქტები გექნება, რაც მომავალში კიდევ უფრო აქტუალური გახდება. ამ ფორმით სოფლისა და ქალაქის ინტეგრაციაც შეუქცევადი გახდება.

ქეთი ადეიშვილი