მოულოდნელი სტუმრები, ანუ როგორ გავშალოთ სუფრა 30 წუთში – არაფრისგან

სტატისტიკური კვლევა რომ ჩავატაროთ, ალბათ, ყველაზე მეტი სტუმარი ჩემს თანამშრომელს, ორმოცდარაღაცა წლის ნატოს მისდის სახლში, რომელიც სამსახურში თავისი განუმეორებელი კერძებითაა განთქმული. ბევრისგან მსმენია, რომ ნატოს შეუძლია, არაფრისგან კულინარიული შედევრი შექმნას. ალბათ, სწორედ ამიტომაც უყვარს შინაურსაც და გარეულსაც მასთან სტუმრობა და პირის გემრიელად ჩატკბარუნება.

რაღა დაგიმალოთ და მეც მიფიქრია „სტუმართმოყვარე“ ნატოსთან სტუმრობაზე და მისი შედევრების დაგემოვნებაზე, მაგრამ როდესაც მის ადგილას საკუთარ თავს წარმოვიდგენ, მიკვირს, საერთოდ როგორ უჩნდება კარის გაღების სურვილი. სტუმრები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.

ერთხელ გონებაში წარმოვიდგინე კიდეც, რომ ნატოს კარზე ვიღაც აკაკუნებს, ის კი ფეხის წვერებით უახლოვდება „საჭვრიტინოს“, თან გონებაში თვალს გადაავლებს მაცივრის თაროებს და იხსენებს, რა ეგულება სახლში, რომ გემრიელობები რაც შეიძლება სწრაფად მოამზადოს.

ერთხელ ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ისეთი დღე, რომ თავი „სტუმართმოყვარე“ ნატოდ ვიგრძენი…

ერთ მზიან და მშვენიერ შაბათ დღეს, ყოფითი საქმეები ფეხებზე დავიკიდე, ხალათში გახვეულმა მთელი დღე საწოლში ვიკოტრიალე და ლეპტოპში ოთხ ფილმს გადაბმულად ვუყურე. არაფრის კეთების სურვილი არ მქონდა. სამუშაო კვირა სერიალ „სანტა ბარბარასავით“ გაიწელა და ამიტომ აღარც არეული სახლი მაღელვებდა და არც ცარიელი მაცივარი. შემწვარი კვერცხი სავსებით მაკმაყოფილებდა. მაგრამ საღამოს, ტელეფონზე ჩემმა შორეულმა ნათესავმა დამირეკა და მომახარა, რომ ოჯახთან ერთად მოდიოდა სტუმრად. უფრო მეტიც, უკვე გზაში იყვნენ და ნახევარ საათში უკვე ჩემთან იქნებოდნენ…

– მითხარით ერთი, ვის უყვარს მოულოდნელი სტუმრები? „სტუმრებში“ სულაც არ ვგულისხმობ მეგობარს, რომელიც ყავის დასალევად შემოირბენს, ან მეგობრებს, რომლებთანაც მთელი საღამო ჭორაობაში გაატარებ და გიტარაზე იმღერებთ. მე ვგულისხმობ სტუმრებს, რომლებსაც აუცილებლად ბარაქიანი სუფრა უნდა დაახვედრო და რომელთა წასვლის შემდეგაც სახლში მხოლოდ დასარეცხი ჭურჭლის მთა და ცარიელი მაცივარი დაგრჩება.

ასეთი მხოლოდ ნატოა!

სასოწარკვეთილებაში გადავარდნას აზრი აღარ ჰქონდა. როგორღაც უნდა მომეხერხებინა – 30 წუთში თავის, სახლისა და სუფრის მოწესრიგება. პირველ რიგში, საწოლი გადავასწორე და დილის 6 საათზე საწოლიდან წამოგდებული ჯარისკაცივით, 1 წუთში ჩავიცვი.

მერე მისაღები ოთახიდან ყველა ზედმეტი ნივთი ჩემს საძინებელში გავიტანე და კარი გამოვკეტე.

18: 20 – 18: 35 სთ

„ნიკორაში“ ჩავირბინე, რომელიც, მადლობა ღმერთს, ჩემს სახლთან ზუსტად რამდენიმე ნაბიჯშია და თავისი არსებობით წარმოუდგენელ კომფორტს მიქმნის.

სასწრაფოდ ვიყიდე: მზა სალათები: ისპანახი ნიგვზით, ნიგვზიანი ბადრიჯანი, კრაბის სალათა; აფხაზურა, შაშხი, ტოსტის პურები, ყველის ფირფიტები (სენდვიჩისთვის), „ჩვენი ფერმერის“ სულგუნი, შესაწვავი ბლინები, მზარეულის კექსი, ხილი და წვენები. ზუსტად 15 წუთში ჩავეტიე.

18 : 35 – 18 : 50 სთ

ხილი გავრეცხე, სალათები თეფშებზე გადავიღე, 2 ტაფაზე ერთდროულად დავყარე აფხაზურა და ხორციანი ბლინები. სენდვიჩებიც ელვის სისწრაფით დავამზადე. მერე ყველაფერი მაგიდაზე დავალაგე და შვებით ამოვისუნთქე.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ნათესავებისგან უკვე ქება-დიდებას ვისმენდი. ვერაფრით იჯერებდნენ, როგორ მოვასწარი ამდენი რამის გაკეთება 30 წუთში. სიმართლე გითხრათ, აღარც მე გამოვიდე თავი და კომპლიმენტები შევიფერე. გულში კი ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ერთი ან ორი საუკუნით ადრე არ გამაჩინა. მაშინ ვერც „ნიკორა“ მიხსნიდა და ვეღარც კულინარიის ღმერთი (თუკი უარსებია ასეთს).

საკმაოდ გვიანი იყო, როცა ჩემმა დაუპატიჟებელმა სტუმრებმა, როგორც იქნა, წასვლა დააპირეს.

– უკვე მიდიხართ? – ვკითხე მოთმინებადაკარგულმა.

– კი, მივდივართ! – მიპასუხა ნათესავმა.

უცბად, ცოტა დამაკლდა, კინაღამ რომ არ წამომცდა:

-„მერე, რატომ ასე ნელა?..“

იმ დღის მერე ნატო სხვანაირად დავაფასე და მასზე აუგი არასოდეს დამცდენია. გულწრფელად მიკვირს, როგორ ახერხებს სამსახურიდან დაღლილ-დაქანცული, სახლში სტუმრების გამასპინძლებას და თანაც ისე, რომ მათ ცუდი არაფერი აგრძნობინოს.

არა, ცუდად არ გამიგოთ, ჩემი სახლის კარი სტუმრებისთვის მუდამ ღიაა, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, მოულოდნელი სტუმრები (თანაც ამ დროში) – ნამდვილი თავის ტკივილია.

წყარო: teasblogi

მასალის გამოყენების პირობები
19 აპრილი, 2017 11:51 a.m.
ნანახია: 4293