როგორ ვიპოვე დაკარგული „ცივი ბედნიერება“ - Gemrielia.ge

როგორ ვიპოვე დაკარგული „ცივი ბედნიერება“

გინახავთ ადამიანი, რომელსაც ნაყინი არ უყვარს? ის ხომ ყველას უყვარს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და სოციალური სტატუსისა. 

მაგრამ მგონია, რომ ნაყინი ჩემსავით მაინც არავის უყვარს...

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ნაყინის ალბათ მილიონი სახეობა მაინც არსებობს და ყოველ ნაბიჯზე იყიდება, ვერაფრით დავივიწყე ჩემი ბავშვობის ნაყინის გემო, რომელიც ყველაფერს მერჩივნა. შვიდი წლის ასაკში, გლანდების ოპერაციას მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდი, რომ ბევრი ნაყინის ჭამა შემძლებოდა...

გუშინდელი დღესავით მახსოვს ზაფხული... დილიდან ყურებდაცქვეტილი როგორ ველოდით „ნაყინის კაცს“, რომელიც მხარზე გადაკიდებული ყუთით დადიოდა ეზო-ეზო და ხრინწიანი ხმით გაიძახოდა: - „აბა მაროჟნიიიეე... სტაკანჩიკი მაროჟნიიი...“

იმავე წამს ახმაურდებოდა და გამოცოცხლდებოდა ეზოც. უფროსები ფანჯრებიდან ეძახდნენ: - „მაროჟნი, მაროჟნიი...“ ბავშვები კი თავპირისმტვრევით ჩარბოდნენ ეზოში, რომ „ცივი ბედნიერება“ ეყიდათ... ვისაც კიბეზე ჩასვლა ეზარებოდა, თოკზე გამობმულ დაწნულ კალათს ჩაუშვებდა აივნიდან. ყველა „ნაყინის კაცს“ დაესეოდა და ყუთის გახსნასაც აღარ აცდიდნენ...

განსაკუთრებულად მიყვარდა მუშთაიდის ბაღის ცნობილი სანაყინე... ღია კაფეში, რკინის პატარა ფიალებით რომ მოჰქონდათ, სამი ცალი უგემრიელესი თეთრი ბურთულა - რძის გემოთი, რომელსაც ზემოდან წვრილად გახეხილი შოკოლადი ჰქონდა მოყრილი...
„გასტრონომში“ ნაყიდი წონის ნაყინიც ძალიან მიყვარდა... თეთრხალათიანი გამყიდველი დანით რომ ჩამოგიჭრიდა და ძველებურ, გირებიან სასწორზე წონიდა... დღემდე იმ გემოს ძებნაში ვარ, რომელიც ვერა და ვერ დავივიწყე.

ალბათ იცით, რომ მოგონებებს ყველაზე კარგად - სუნი აღვიძებს. ეს ინდიელებმაც კარგად იცოდნენ და საგულდაგულოდ ინახავდნენ ისეთ ნივთებს, რომლებიც სუნით იმ კონკრეტულ ადგილს ან მოვლენას გაახსენებდათ, რომლის დამახსოვრება სურდათ. ჩემი ბავშვობის მოგონებები ასე ცხადად მეც სწორედ ნაცნობმა სურნელმა გამიღვიძა, რომელიც სრულიად შემთხვევით, ქუჩაში ვიგრძენი...

ეს ცოტა ხნის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა, როდესაც „ნიკორას“ სათაო ოფისიდან გამოვედი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და „ნიკორას“ სტატიის დასაწერად ვესტუმრე. გაზაფხულის თბილი და მზიანი ამინდი იყო. გადაბმული და მომაბეზრებელი წვიმიანი დღეების მერე, მზის დანახვა ძალიან მესიამოვნა. ამინდიც ისეთი იყო, განსაკუთრებით რომ განდომებს ბავშვობაში დაბრუნებას, ყველა პრობლემის დავიწყებას და ცივი ტკბილეულით პირის ჩატკბარუნებას.

მარტო არ ვიყავი. თან მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი მახლდა გასაცილებლად. მასთან დამშვიდობება რომ დავაპირე, უცებ თბილმა ნიავმა წამოუქროლა და საოცარი, რძის და ვანილის სასიამოვნო, ჩემთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სურნელი მოიტანა...


ადგილზე გავშეშდი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. თვალები თავისით დამეხუჭა და მოგონებებში ჩავიძირე. ჩემი საყვარელი ბებიას „სახლის ნაყინიც“ კი გამახსენდა, რომელსაც თავისი ხელით ამზადებდა, რკინის მართკუთხა სანაყინე ჭურჭელში ასხამდა და საყინულეში დებდა. მე კი ბოლომდე გაციებას არ ვაცლიდი, ვიპარავდი და ვჭამდი.

მგონი დამავიწყდა კიდეც, რომ მარტო არ ვიყავი. „ნიკორას“ წარმომადგენელს ჩემი ემოციები არ გამოჰპარვია, სიცილით მითხრა: - „როცა ნაყინის საწარმოში „პალომას“ ნაყინი იხარშება და გარეთ ნიავია, ლამის მთელი ოფისის თანამშრომლები ეზოში გამოვიშალოთ და სამუშაო დღე ჩავშალოთო...“

სულაც არ გამკვირვებია! „ნიკორას“ ერთ-ერთი შვილობილი ბრენდის, „პალომას“ ნაყინის საწარმო, სათაო ოფისის ეზოში, სხვა საწარმოების გვერდით აღმოჩნდა.

ბედნიერება იქნებოდა მახლობლად ცხოვრება. გამონაბოლქვის ნაცვლად, ფანჯარაში ნაყინის საოცარი სურნელი რომ შემოაღწევდა.

ვილლი ვონკას შოკოლადის  საოცარ ქარხანაზე ხომ გინახავთ ფილმი... მისი მფლობელი ქალაქის მცხოვრებლებისთვის კონკურსს რომ ატარებს და მონაწილეებს შოკოლადისა და ტკბილეულის საოცარ სამყაროში ამოგზაურებს. ჰოდა, მეც მომინდა ნაყინის სამყაროში გასეირნება... უარი არ უთქვამთ. ასე ავიხდინე ჩემი ბავშვობის ოცნება და საკუთარი თვალით ვიხილე ნაყინის მომზადების პროცესი.

 

აი, სწორედ ასე ვიპოვე ჩემი ბავშვობის გემო, რომელიც დღემდე მახსოვდა და ვერა და ვერ დავივიწყე. კარგად მახსოვს, როგორ მინდოდა, ნაყინის გამყიდველი ვყოფილიყავი...
ჩემმა მეგობრებმა კი უკვე კარგად იციან, რა გამიხარდება ყველაზე მეტად.

Wink

წყარო: თეა'ს ბლოგი