მოვამზადოთ გემრიელი და ჯანსაღი ბურგერები სახლის პირობებში

გინდ წახემსება იყოს, გინდ კარგი სუფრა მეგობრებთან ერთად, ყოველთვის სასიამოვნო და სასურველია გემრიელი ბურგერების მირთმევა. ძროხის ხორცის კარპაჩიო და ცეცხლზე მოხრაკული ბოსტნეული, დაბრაწული ქათმის ხორცი, კრევეტები ტაილანდურად, შებოლილი იხვი, თხის ყველი, ან თუნდაც ტკბილი ბურგერი პრალინეთი... არჩევანი მრავალფეროვანია, რომელზეც, როგორცწესი, უარს ყველაზე ძლიერი ნებისყოფის ადამიანებიც კი ვერ ამბობენ.

ბურგერი შეიძლება იყოს არამარტო გემრიელი, არამედ ჯანსაღიც. კარგი ბურგერის საიდუმლო კი ძალიან მარტივია: ახალი პროდუქტი და შინ მომზადებული სოუსები. გთავაზობთ ბურგერის რამოდენიმე სახეობას და მისი შინ მომზადების წესებს:
 

სამმაგი ხორცის ბურგერი

მომზადება: 40 წუთი
შეწვა: 15 წუთი

 

საჭირო მასალა 6 ბურგერისთვის:
- 6 პატარა მრგვალი ფუნთუშა ქუნჯუთის მარცვლებით
- 1,2 კგ გატარებული საქონლის ხორცი
- 200 გრ ყველი
- 3 მოზრდილი პამიდორი
- 12 ცალი შებოლილი ლორი
- 3 ცალი მჟავე კიტრი
- 150 გ სალათის ფურცლები
- 1 სადილის კოვზი ახალი, დანაყილი მწვანილი
- რამდენიმე წვეთი ცხარე საწებელი
- 3 სადილის კოვზი კეტჩუპი
- 6 სადილის კოვზი მაიონეზი
- 3 სადილის კოვზი მზესუმზირის ზეთი
- მარილი, პილპილი

 

მომზადების წესი:

1. გააცხელეთ გრილი ღუმელში 
2. გარეცხეთ და დაჭერით სალათის ფურცლები. გარეცხეთ და დაჭერით პამიდორი. მრგვლად დაჭერით მჟავე კიტრი. დაჭერით ყველი 12 თხელ ნაჭრად.
3. ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი. გააკეთეთ 18 ცალი პურის ფორმის თხელი სტეიკი.
4. შებოლილი ლორის ნაჭრები პერგამენტ გადაფარებულ ტაფაზე დაალაგეთ და შემდეგ 3-4 წუთი შედგით გრილზე. გამოიღეთ და დატოვეთ სითბოში.
5. თასში აურიეთ მაიონეზი, ცხარე სოუსი და დანაყილი მწვანილი.
6. მრგვალი პური შუაზე გაჭერით. ქვედა ნაჭერი გაჟღინთეთ კეტჩუპით, ხოლო ზედა ნაწილს მაიონეზი გადაუსვით.
7. სალათის ფურცლების ნაწილი პურის ქვედა ნაჭერზე დაალაგეთ. ზემოდან ერთი სტეიკი დაადეთ, შემდეგ პამიდორი, მრგვლად დაჭრილი მჟავე კიტრის და კომტეს ერთი ნაჭერი. ზემოდან დაადეთ ერთი სტეიკი, ყველის 1 და შებოლილი ლორის 2 ნაჭერი.

8. ეს ყველაფერი დაასრულეთ 1 სტეიკით, ყველის 1 ნაჭრით და დარჩენილი სალათით. ქუდად ფუნთუშის მეორე ნახევარი დაახურეთ.

 

 

ტაიბურგერი


 

საჭირო მასალა 6 მინიბურგერისთვის:

- 6 პატარა ფუნთუშა ტრადიციული ან ქუნჯუთის მარცვლებით 
- 800 გრ გატარებული საქონლის ხორცი
- 300 გრ სოკო
- 6 ნაჭერი ყველი
- 120 გრ სალათის ფურცელი
- 1 სადილის კოვზი გატარებული ჯანჯაფილი
- 1 სავსე ჩაის კოვზი ვასაბი (იაპონური მწვანე მდოგვი)
- 15 მლ სოიოს სოუსი
- 2 სადილის კოვზი ხამანწკების საწებელი
- 3 სადილის კოვზი მაიონეზი
- 1 სადილის კოვზი თაფლი
- 5 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი
- მარილი, პილპილი

 

მომზადების წესი:
1. გარეცხეთ და დაჭერით სალათის ფურცლები.
2. გარეცხეთ, გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით სოკო. საშუალო ცეცხლზე მცენარეულ ზეთში შეწვით 3 წუთის განმავლობაში დაუმატეთ თაფლი, მარილი, პილპილი. აურიეთ და ოდნავ კარამელიზებამდე მიიყვანეთ. დატოვეთ სითბოში.
3. სასალათეში აურიეთ გატარებული ხორცი ჯანჯაფილთან, ხამანწკების საწებელთან, პილპილთან და მარილთან ერთად. გააკეთეთ 6 ცალი ფუნთუშის ფორმის და ზომის ხორცის სტეიკი.
4. ღუმელში გააცხელეთ გრილი.
5. ტაფაზე ზეთი გაახურეთ და 2-3 წუთით შეწვით სტეიკი ორივე მხრიდან. გადაღვარეთ ზედმეტი ცხიმი და სტეიკებს სოიოს სოუსი მოასხით. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 4 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი თეფშზე გადმოიღეთ და დატოვეთ სითბოში.
6. თასში აურიეთ მაიონეზი და ვასაბი.
7. პატარა პურები შუაზე გაჭერით და ოდნავ გახუხეთ ღუმელში.
8. პურის ორივე ნაჭერზე მაიონეზიანი ვასაბი გადაუსვით. ქვედა ნაჭერზე დაალაგეთ სალათის ფურცლები, ზემოდან ხორცის 1 სტეიკი დაადეთ, ასევე ყველის 1 ნაჭერი და სოკო. ბოლოს დაახურეთ პურის მეორე ნაჭერი. 


 

ბურგერ ქათმის ხორცითა და თხის ყველით

 

მომზადება: 40 წუთი
+ 30 წუთი გაცივება
შეწვა: 15 წუთი

 

საჭირო მასალა 6 მინი ბურგერისთვის:


- 6 პატარა მრგვალი ფუნთუშა კარით ან ქუნჯუთის მარცვლებით 
- ქათმის ხორცის 6 ნაჭერი, თითოეული დაახლოებით 120 გრ
- 7 პატარა ზომის ახალი თხის ყველი
- 1 პატარა ზომის უმი ჭარხალი
- 2 სტაფილო
- 100 გრ სალათის ფურცელი
- 1 ჩაის კოვზი ესპელეტის წიწაკა
- 2 მწიკვი კარი
- 1 სადილის კოვზი სქელი არაჟანი
- 5 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
- მარილი, პილპილი

 

 

მომზადების წესი:

1.  არაჟანი მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაამატეთ 1 ცალი თხის ყველი და ურიეთ 2 წუთის განმავლობაში ისე, რომ ყველი გადნეს. შეკაზმეთ მარილით და პილპილით. გადაიტანეთ თასში და შედგით მაცივარში შესასქელებლად 30 წუთი.
2.  ღრმა თეფშზე ერთმანეთში აურიეთ 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარი და ერთი მწიკვი მარილი. ქათმის ხორცი დაბეგვეთ, ოდნავ გააბრტყელეთ და სანელებლებით შეკაზმეთ.
3. ღუმელი გაახურეთ.
4.  სტაფილო და ჭარხალი გათალეთ და დაჭერით წვრილ ნაჭრებად. მოათავსეთ თასში და აურიეთ ზეთში, მარილსა და პილპილში.
5. გარეცხეთ და დაძენძეთ სალათის ფურცლები.
6. ქათმის ხორცის სტეიკი შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.
7. ფუნთუშები შუაზე გაჭერით და ოდნავ გახუხეთ ღუმელში.
8.  ორივე ნაჭერი გაჟღინთეთ არაჟნის და ყველის ნაზავში. სალათის ფოთლები დააწყვეთ პურის ქვედა ნაჭერზე. ზემოდან ქათმის ხორცის 1 სტეიკი, ყველის 1 ნაჭერი და ცოტა სტაფილო და ჭარხალი დაადეთ. დაახურეთ ფუნთუშის მეორე ნაწილი.
 

გემრიელად მიირთვით!

მსგავსი ბურგერების, ჰოთ-დოგებისა და ბაგელების კიდევ 53 რეცეპტი შეგიძლიათ ნახოთ „პალიტრა L“-ის გამოცემულ ახალ წიგნში „ბურგერები“.

 

 

 

 

 

 
 

მასალის გამოყენების პირობები
1 აგვისტო, 2017 12:06 p.m.
ნანახია: 3315