შარდენზე 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართება

ფესტივალი მათთვის, ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს! 
 

ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები 15 ოქტომბერს გრანდიოზულ ფესტივალს გამართავენ - "ქართული ღვინის ფესტივალი" შარდენის მოედანზე, 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება, სადაც მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. 
 

ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობებით. იგეგმება 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა - ეს მხოლოდ მცირედია, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ და რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
 

"მეიდან ჯგუფის ინიციატივით, AllWine.ge-სთან თანამშრომლობით წელს პირველად ძველი თბილისის ტერიტორიაზე ჩატარდება ქართული ღვინის ფესტივალი, რომლის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდა, როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში. ფესტივალის ფარგლებში გვსურს საშუალება მივცეთ, როგორც კარგად ნაცნობ მსხვილ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, ასევე მცირე ღვინის მარნებს, წარადგინონ თავიანთი უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ფესტივალი გაამართლებს, როგორც მონაწილეების, ასევე ვიზიტორების მოლოდინს და ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს" - აცხადებენ "მეიდან ჯგუფში". 
 

"ALLWINE.GE ყოველთვის ზრუნავს ღვინის პოპულარიზაციაზე და მცირე მარნების განვითარებაზე. ამ მიზნით შეიქმნა როგორც ღვინის საინფორმაციო მედია პორტალი, ასევე ჩვენი სადეგუსტაციო კუთხეები. გვსურდა მნიშვნელოვანი როლი შეგვეტანა საქართველოში ღვინის განვითარებაში და ვთვლით რომ ამგვარი სახის ფესტივალი, ხელს შეუწყობს საქართველოს ღვინის კულტურას და განსაკუთრებული სახეობის ღვინოების ცნობადობის ამაღლებას. მცირე მარნებს და კომპანიებს საშუალება ეძლევათ წარუდგინონ მათი ღვინოები, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხარებლებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ეს ფესტივალი თავის ადგილს დაიმკვიდრებს და ყოველწლიურ სახეს მიიღებს. 
 

ამ ფესტივალის ფარგლებში ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს ქართული ღვინის მეტი პოპულარიზაციისთვის - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!" - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე ქართველი მწარმოებელი, რომლებიც წარადგენენ 1 თეთრ და 1 წითელ ღვინოს. წარდგენილი 80-მდე სახეობიდან ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა იქნება. შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იწარმოებს. საბოლოოდ კი ხალხის რჩეულებიდან 10 საუკეთესოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს. სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიურის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი" - განმარტავს allwine.ge-ს დირექტორი ლაშა შარიქაძე.
 

"ქართული ღვინის ფესტივალი" საუკეთესო საშუალებაა გაიცნო ქართული ღვინო და დააგემოვნო მცირე მარნების იშვიათი, უნიკალური ღვინოები. ეს არის უნდა გამოგრჩეს!

მასალის გამოყენების პირობები
21 სექტემბერი, 2017 01:32 p.m.
ნანახია: 725