”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!” - შერჩევა დაიწყო - Gemrielia.ge

”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!” - შერჩევა დაიწყო

დღეს აღარავინ დავობს, რომ ქართული ღვინო ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციულია. საოცარია მისი დაყენების წესიც. მრავალსაუკუნოვანი ისტორია და განსაკუთრებული ტექნოლოგია აქცევს ქართულ ღვინოს ყველასთვის საყვარელ სასმელად. მსოფლიო მასშტაბით უამრავი ღვინის მოყვარული თუ სომელიე აღფრთოვანებას ვერ მალავს ქართული ღვინის გასინჯვისას. თუმცა ის მაინც არ არის გლობალურად ისეთ დონეზე ცნობილი და პოპულარული, როგორსაც იმსახურებს. 
 

ქართული ღვინის მეტი პოპულარიზაციისთვის ღვინის ონლაინ მაღაზია allwine.ge-მ ახალი პროექტი დაიწყო. ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!” - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. 
 

10 ღვინო, რომელიც ფესტივალის ფარგლებში დაიწყება და დაანონსდება პროექტი, განსაკუთრებული შეფუთვით რამდენიმე ლოკაციაზე გაიყიდება. ერთ-ერთი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც მოგზაურებს არამსხვრევადი შეფუთვით გამზადებული 10-ვე სახეობის ღვინის მარტივად შეძენა და წაღება შეეძლებათ.
 

”პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ღვინის მსხვილ მწარმოებლებს, ისე მცირე მარნებს. ჩვენ ვუკავშირდებით ყველას, ვისთანაც ხმა მიგვიწვდება და მონაწილეობას ვთავაზობთ. ასევე, ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია, დაუკავშირდეს allwine.ge-ს და ჩვენ მივაწვდით მათთვის საინტერესო ამომწურავ ინფორმაციას. საბოლოო ჯამში კი 10 რჩეული გამოვლინდება,” - განმარტავს allwine.ge-ს დირექტორი ლაშა შარიქაძე.
 

10 საუკეთესო ქართული ღვინის შერჩევა 15 ოქტომბერს, ქართული ღვინის ფესტივალზე დაიწყება. აღნიშნულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე ქართველი მწარმოებელი, რომლებიც წარადგენენ 1 თეთრ და 1 წითელ ღვინოს. წარდგენილი 80-მდე სახეობიდან ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა იქნება. შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იწარმოებს. საბოლოოდ კი ხალხის რჩეულებიდან 10 საუკეთესოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს. სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიურის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

”შერჩეული 10 ღვინის პოპულარიზაციას მაქსიმალურად შევეცდებით. ვფიქრობთ, რომ მათი გასაჯაროვება ეტაპობრივად მოხდება. ეს კიდევ უფრო საინტერესოს და ჩართულს გახდის პროექტს. ჩვენი საბოლოო მიზანი კი ქართული ღვინის ცნობადობისა და ოპულარობის ზრდა არის. სტარტს კი 15 ოქტომბერს ავიღებთ,” - აღნიშნავს ლაშა შარიქაძე.
 

რაც შეეხება ქართული ღვინის ფესტივალს, რომელიც შარდენზე 15 ოქტომბერს გაიმართება, ეს allwine.ge-სა და ”მეიდან ჯგუფის” ერთობლივი პროექტია. ღონისძიებაზე ღვინის გამოფენა, გაყიდვა, დეგუსტაცია გაიმართება. ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობებით. უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა - ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ. შარიქაძის განმარტებით, ფესტივალი ტრადიციული გახდება და რეგულარულად გაიმართება ხოლმე.
 

”ძალიან საინტერესო ტრადიციას ეყრება საფუძველი ”ქართული ღვინის ფესტივალის” სახით. ასევე, უნიკალური პროექტია ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ”. ვფიქრობთ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ლოკალური და ქართველ მომხმარებელზე გათვლილი პროქტი. შერჩეული 10 ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება და უცხოელი ვიზიტორებისთვის საუკეთესო სასაჩუქრე კრებული იქნება,” - დაამატა მან.
 

საზოგადოებას კი საშუალება ეძლევა თავად მიიღონ მონაწილეობა 10 საუკეთესო ღვინის გამოვლენაში. სწორედ ამიტომ არ გამოტოვოთ ”ქართული ღვინის ფესტივალი” 15 ოქტომბერს.