საკონდიტრო ხელოვნების პიკასო Pierre Hermé - Gemrielia.ge

საკონდიტრო ხელოვნების პიკასო Pierre Hermé

 

თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, ერთხელ მაინც გექნებათ გაგონილი პიერ ერმეს სახელი, რომელსაც ამერიკულმა პრესამ საკონდიტრო ხელოვნების პიკასო უწოდა.

იგი 1961 წლის 20 ნოემბერს, კოლმარში, კონდიტერების ოჯახში დაიბადა. ალზასელი კონდიტერების მეოთხე თაობის მემკვიდრისთვის ალბათ ძნელიც იყო ამ პროფესიისთვის გვერდის ავლა. პიერმა თავისი კარიერა 1975 წელს, თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო ცნობილ კონდიტერ გასტონ ლენოტრთან. 1986 წელს, ათწლიანი სწავლის შემდეგ, როცა კარგად გაერკვა პროფესიულ წვრილმანებში, 24 წლის პიერ ერმე ფოშონის სახლის მთავარი კონდიტერი გახდა, სადაც 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა 35 ადამიანისგან შემდგარ გუნდს.



ერმე იმ პერიოდში ხშირად მოგზაურობდა საკონდიტრო გამოფენებზე. 1987 წელს მან Gault et Millau- ს პრიზი მიიღო საუკეთესო შოკოლადის ტორტისთვის, ასევე `შოკოლადის აკადემიის” ოქროს მედლის მფლობელია, ხოლო შოკოლადის მოყვარულთა კლუბმა იგი საფრანგეთის საუკეთესო მეშოკოლადეთა ათეულში შეიყვანა.

პიერ ერმე პროფესიული მიზნებით ხშირად მოგზაურობდა იაპონიაში და პირველი საკონდიტრო მაღაზიაც სწორედ ტოკიოში გახსნა. ამას შემდეგ მოჰყვა მაღაზიები პარიზსა და ნიუ-იორკში, აქვს ინტერნეტმაღაზიაც. ამასთან ერთად, ერმემ გამოსცა წიგნების სერია საკონდიტრო ხელოვნების შესახებ საფრანგეთსა და ამერიკაში.
GEMRIELIA

პიერ ერმეს ხშირად მოიხსენიებენ ისეთი ხმამაღალი ტიტულებით, როგორიცაა: “კონდიტერი-პროვოკატორი”, “გემოს არქიტექტორი”, “სამზარეულოს იმპერატორი” და სხვა. იგი არა მარტო კლასიკურ ფრანგულ რეცეპტებს იყენებს, არამედ ქმნის საკუთარ, აქამდე არნახულ დესერტებს. ერმეს საკონდიტროები გვთავაზობს ამ სფეროსათვის არატიპურ სხვადასხვა გემოს უჩვეულო შეხამებას, ერთ დესერტში შესაძლოა ერთდროულად იგრძნოთ ტკბილი და მწარე, მომჟავო და სანელებლების არომატიც. haute cuisine წყლის წვეთივით ჰგავს haute couture-ს, ამიტომაც, ყოველ წელს, ერმეს საკონდიტრო სახლი ორ კოლექციას უშვებს: გაზაფხული-ზაფხულის და შემოდგომა-ზამთრის. თითოეული მათგანი ეძღვნება განსაკუთრებულ თემას და საკუთარი სახელიც გააჩნია.

2005 წელს პიერ ერმემ საკონდიტრო ხელოვნების შემსწავლელი სკოლა l’Atelier de Formation à la Haute Pâtisserie Pierre Hermé დააარსა, სადაც კონდიტერების მომავალ თაობას ზრდის.

ნინო ჯანანაშვილი