როგორ დავამარილოთ ორაგული
წითელი თევზი მთელ მსოფლიოში დელიკატესა ითვლება და ძვირად ფასობს. განსაკუთრებით ძვირი ღირს გამოყვანილი ორაგული.
ჩვენ გასწავლით თუ როგორ უნდა გამოიყვანოთ ორაგული სახლის პირობებში. ასე უფრო იაფიც დაგიჯდებათ და გემრიელიც გამოვა.
უპირველესად უნდა შევიძინოთ მაღალი ხარისხის ორაგული (ვინაიდან, საქართველოში ახალ ორაგულს ძნელად ნახავთ, შეიძინეთ
გაყინული. ორაგული არ უნდა იყოს მკრთალი ფერის, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თევზი მაღალი ხარისხის არ არის). თუ შესაძლებლობა გვექნება ახალი თევზი მოვამზადოთ, ყურადღება მივაქციოთ სუნსა და გარეგნულ მხარეს: ახალ წითელ თევზს არა აქვს მკვეთრი სუნი, არის მკვრივი და ელასტიკური. თუ გაყინულ თევზს მოვამზადებთ, წინასწარ უნდა გავალღოთ ჯერ მაცივარში, შემდეგ კი ოთახის ტემპერატურაზე. თევზი არ უნდა ჩავდოთ წყალში, იგი მას გამოაშრობს. ასევე არ გამოვიყენოთ მიკროტალღური ღუმელი.
თევზის დასამარილებლად შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მთლიანი თევზი, ასევე ნაჭრები. თუ თევზს თავიდანვე თხელ ნაჭრებად
დავჭრით, უფრო მალე მომზადდება. თუ მთლიან თევზს გამოვიყენებთ, ჯერ თავი უნდა მოვაჭრათ, ფარფლებისა და ფხებისგან გავა-
თავისუფლოთ. თევზის ხერხემალზე საკმაო რაოდენობის ხორცი რჩება, რითაც შეგვიძლია გემრიელი წვნიანი მოვამზადოთ. იმისათვის, რომ თევზმა მარილი კარგად მიიღოს, კანი უნდა გავაცალოთ. შეიძლება კანიანად მოვათავსოთ მარილში, შემდეგ მსუბუქად გავყინოთ და დანით თხლად ავათალოთ ფენები ისე, რომ კანი ცალკე დარჩეს, თუმცა ეს უფრო რთულია და გამოცდილებას მოითხოვს. ორაგული შეგვიძლია დავამარილოთ მშრალი და სველი წესით. მშრალად დამარილების დროს
გამოიყენება მარილი და სანელებლები, სველი წესით მომზადებისას კი თევზი სპეციალურ
მარინადში იდება.
მასტერკლასი
კლასიკური მშრალი წესით დამარილებისას თევზს უსვამენ მარილისა და შაქრის ნარევს ყველა მხრიდან, დებენ თავდახურულ ჭურჭელში და 24 საათი აჩერებენ, ასევე შეიძლება დაემატოს სხვადასხვა სანელებელი: შავი პილპილი, ქინძის თესლი, როზმარინი, მდოგვის თესლი და სხვა. 1 კგ თევზის ფილეზე გათვლილია 2 ს.კ. მარილი და 1 ს.კ. შაქარი. სველი წესით თევზი მომზადებულ მარინადში იდება. 24 საათის შემდეგ ორაგული მხოლოდ 1 კვირამდე ძლებს, ამიტომ ჯობს, რომ მოვათავსოთ ქილაში და
დავასხათ ზეთი.
გთავაზობთ ორაგულის დამარილების საინტერესო რეცეპტებს:
ინგრედიენტები:
1 კგ ორაგული
2 ს.კ. მარილი
1 ს.კ. შაქარი
ხმელი ქინძი
შავი პილპილი
მომზადება:
თევზი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ კანი და ფხები. ფილეს ნაჭრებს წავუსვათ მარილისა და შაქრის ნარევი, ჩავდოთ კონტეინერში
და 24 საათით მაცივარში შევინახოთ. მზა ორაგულით შეგვიძლია მოვამზადოთ გემრიელი ბუტერბროდები, კანაპე, გამოვიყენოთ
სალათებში.
ინგრედიენტები:
1,5 კგ ორაგული
1 ს.კ. მარილი
1 ჩ.კ. შაქარი
100 მლ ზეთი
ახალდაფქული შავი პილპილი
როზმარინი
მომზადება:
თევზის ფილე თხელ ფენებად დავჭრათ. ერთმანეთში ავურიოთ შაქარი და მარილი. ჭურჭელში ჩავდოთ თევზი ერთ ფენად, მოვაყაროთ მარილისა და შაქრის ნარევი, ხმელი ქინძი, როზმარინი და მოვასხათ ცოტა ზეთი, ასე მოვამზადოთ შემდეგი ფენებიც.
მომზადებული თევზი შევინახოთ 5 საათის განმავლობაში, შემდეგ გამოვიყენოთ დანიშნულებისამებრ.