გარეთ ატლასი, შიგნით - ათასი
გარეთ ატლასი, შიგნით - ათასი


ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIII-XII საუკუნეებში, კართაგენში მოჰყავდათ ბროწეული და იქიდან გავრცელდა შემდგომ ეგვიპტეში, რომსა და ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებში. პირველი წერილობითი ცნობები ამ მცენარის შესახებ ეკუთვნის ჰეროდოტეს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 490 წელს. ამ პერიოდში ბერძნებს თავს დაესხნენ სპარსელები ქსერქსეს მეთაურობით. ქსერქსეს პირად დაცვაში იყო ე.წ. `ბროწეულის ბრიგადა~, რომლის მეომრებს, მაღალი წოდების ნიშნად, შუბის ბოლოზე მიმაგრებული ჰქონდათ ოქროს ბროწეულები.

აღმოსავლეთში ბროწეული ითვლებოდა ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ. თურქეთში დღესაც შემონახულია წეს-ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქორწილში პატარძალს მწიფე ბროწეულით ასაჩუქრებენ, ქალმა საჩუქარი მიწაზე უნდა დაანარცხოს და რამდენი მარცვალიც გადმოვარდება, იმდენი შვილი გაჩნდება მათ ოჯახში.
ძველმა ბერძნებმა ზევსის დედა, ჰერა, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო, გამოსახეს ბროწეულთან ერთად. ბროწეული, ყურძენთან ერთად ყურძნისა და ღვინის მფარველის, დიონისეს საყვარელ მცენარედ მიიჩნეოდა.

ბროწეულის გამოსახულებები აღმოჩენილია ძველ ბიზანტიურ ქსოვილებზე, ბერძნულ, ეგვიპტურ, ასურელ და არაბულ ორნამენტებზე. ბროწეული მოხსენიებულია აგრეთვე ბიბლიაშიც.

ბროწეული ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო მცენარეა. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის ჰიპოკრატე, რომელიც მცენარის წვენს გამოიყენებდა კუჭის ტკივილის დროს, ხოლო ნაყოფის ქერქს ხმარობდა ჭრილობებისა და დიზენტერიის სამკურნალოდ. ყვავილებს ფართო გამოყენება ჰქონდა ავიცენას სამედიცინო პრაქტიკაში. დღემდე უამრავი სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის როგორც ბროწეულის მარცვლების წვენი, ასევე ქერქი და მისი კურკებიდან გამოწურული უძვირფასესი ზეთი.
ბროწეულის უმშვენიერეს ყვავილებს და საოცრად ლამაზ, ეგზოტიკურ ნაყოფს არაერთი შემოქმედის მუზა გაუღვიძებია. ფერმწერთა შემოქმედებაში იშვიათია ნატურმორტი, სადაც მთლიანი თუ გაპობილი ბროწეული არ არის გამოსახული. უამრავ ლექსსა თუ პროზაულ ნაწარმოებში სილამაზის სიმბოლოდ ბროწეულის ყვავილებს მოიხსენიებენ.
დიდია ამ პროდუქტის მნიშვნელობა კულინარიაშიც: მისგან აღმოსავლური წარმოშობის ცნობილი ტკბილ-მჟავე, სქელი, ბლანტი საწებელი, `ნარ შარაბს~ ამზადებენ, რომელიც წარმოადგენს ხანგრძლივად ნადუღ ბროწეულის ნატურალურ წვენს და გამოიყენება ზღვის პროდუქტებსა და ხორცთან ერთად. საქართველოში ბროწეულის საწებელში შემწვარ წიწილებს აწყობენ, უმატებენ ბაჟეს. ხშირად ხმარობენ ძმრის ნაცვლად, მაგალითად ,კომბოსტოსა და ჭარხლის სალათებში, ნიგვზის გასაქნელად და სხვა. საქართველოში ბროწეულის წვენს მიირთმევდნენ თაფლთან ერთადაც. მომჟავო გემოს წყალობით, ნატურალური წვენი ეფექტურად კლავს წყურვილს. აგრეთვე მზადდება უგემრიელესი და სასარგებლო კოქტეილები.

ბროწეულის მარცვლები ძალიან პოპულარულია კერძების გაფორმებისათვის, ხოლო ქართული ნიგვზიანი ფხალეულობა წარმოუდგენელია ამ მარცვლების გარეშე.
არსებობს ბროწეულის 400-მდე ჯიში და მისი დეკორატიული ვარიანტები ჯუჯა ბროწეულის სახით, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ალამაზებს ბინის ინტერიერს.

ბროწეულის კულტურის გავრცელება თითქმის ოთხ ათასწლეულს მოიცავს. იგი გავრცელებულია მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთისა და ამიერკავკასიის მთიან რაიონებში. საქართველოში ხარობს ივრის, ალაზნის, მტკვრის ნაპირებსა და დასავლეთის ზოგიერთ რაიონში. როგორც ისტორიული წყაროები იუწყება, ბროწეული ძვირფას მცენარედ გაცილებით ადრე მიიჩნეოდა, ვიდრე ნუში, გარგარი და ატამი. როგორც საკვებ პროდუქტს, მას ადამიანმა ცივილიზაციის პირველივე ნაბიჯებიდან მიუჩინა საპატიო ადგილი ზეთისხილთან, ლეღვთან, ყურძენთან, მარცვლეულსა და თაფლთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები
31 მარტი, 2017 07:06 p.m.
ნანახია: 5204