რამდენი კატლეტი, კარაქიანი პური და შემწვარი კარტოფილი უნდა მიირთვას ბავშვმა - მარი მალაზონიას რჩევები - Gemrielia.ge

რამდენი კატლეტი, კარაქიანი პური და შემწვარი კარტოფილი უნდა მიირთვას ბავშვმა - მარი მალაზონიას რჩევები

 

ჯანსაღი კვების პრონციპები თითქოს ყველამ ვიცით. ამის მიუხედავად, ყოველდღიურ ყოფით პირობებში მაინც ჩნდება კითხვები. ბავშვისთვის ზეთში შემწვარი ჯობია თუ კარაქში? რამდენი კატლეტი ან შემწვარი კარტოფილი უნდა მიირთვას ბავშვმა - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ცნობილი ექიმი, ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია პასუხობს.

 

- მშობლები ხშირად კითხულობენ, რომელ ცხიმში მოამზადონ ბავშვის საკვები, ზეთი, კარაქი თუ ერბო? რომელი გამოიყენონ მოსათუშად და შესაწვავად. ბევრი კარაქსა და ერბოში წვავს, ეს ნორმალურია?

 

- მოდით, ჯერ გავარკვიოთ, რას წარმოადგენს თითოეული პროდუქტი:
ზეთი თხევადი მცენარეული ცხიმია,რომელიც მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, შეიცავს არაერთ სასარგებლო ნივთიერებას, განსაკუთრებით, დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია ანუ გვიცავს კიბოგან, ნაადრევი დაბერებისგან და სხვა. მაგრამ... 

 

* თუ ზეთის ერთსა და იმავე ულუფას რამდენჯერმე ვადუღებთ და ისე გამოვიყენებთან შესაწვავად მოვიხმართ ზეთს,

 * რომელიც არ არის გამიზნული თერმული დამუშავებისთვის, წარმოიქმნება სხვადასხვა სახის მავნე ნაერთები, მათ შორის, ტრანს-ცხიმები, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის.

 

A ვიტამინით მდიდარი კარაქი რძის ნაღებისგან მიღებული ცხოველური პროდუქტია, რომელიც ადვილად დნება და სწრაფად იწვის. ამიტომ თუ გახურებულ ტაფაზე დააგდებთ, მალე შენიშნავთ თეთრ კვამლს - აკროლეინს, რომელიც კიბოს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია. შესაბამისად, კარაქში შეიძლება შევწვათ მხოლოდ ისპროდუქტი, რომელსაც სწრაფად მოვამზადებთ, მაგალითად, კვერცხი და არა კარტოფილი.


მცენარეული კარაქი პირობითი დასახელებაა (არა ჭეშმარიტად კარაქი!!!) და ხაზს უსვამს მის წარმომავლობას (მცენარეული ცხიმი შედარებით "მყარი" სახით). "მცენარეული კარაქი", მარგარინის მსგავსად, მცენარეული ცხიმის ტექნოლოგიური გაჯერებით ანუ გამყარებით მიიღება, რაც ზრდის ტრანს-ცხიმების წარმოქმნის რიკს. ამიტომ ბავშვების კვების რაციონში ამ პროდუქტების სისტემატური, მით უფრო, ყოველდღიური მოხმარებისგან თავი უნდა შევიკავოთ.

 

 

ერბო რძის ანუ ცხოველური ცხიმია, რომელსაც მთლიანად მოცილებული აქვს რძის შრატი.სამწუხაროდ, ერბოსთან ხშირად აიგივებენ ე.წ. კულინარიულ ცხიმს, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის მცენარეული ცხიმის შერევის, ტექნოლოგიური დამუშავების პროდუქტი და არა რძის ცხიმი (!).

 

  • ზეთისა და ერბოს დუღილის ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე კარაქის. სწორედ ამიტომ, ალბათ შეგინიშნავთ, კულინარები ტაფაზე ჯერ ზეთს ასხამენ, ადუღებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ამატებენ კარაქს საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად.
  • დადასტურებულია, რომ მოზარდ ორგანიზმს სჭირდება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული ცხიმი. ამასთან, უჯერი ცხიმი (მაგ., სიმინდის, მზესუმზირის, ყურძნის წიპწის, ნიგვზის ან გოგრის ზეთის, თევზის, ნიგვზის, ავოკადოს სახით) უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე ნაჯერი (მაგ., ხორცის) ცხიმი.
  • პროდუქტის შესაწვავად გამოიყენეთ მხოლოდ თერმული დამუშავებისთვის გამიზნული უსაფრთხო ცხიმი.
  • საუკეთესო არჩევანია არა მზადებისას, არამედ უკვე მზა კერძში ცხიმის დამატება.

 

- ცნობილია, რომ ცხიმში შემწვარი პროდუქტი დიდად სასარგებლო არ არის, არადა ბავშვებს ძალიან უყვართ კატლეტები, შემწვარი კარტოფილი, შემწვარი ქათამი, შემწვარი თევზი, ზეთში გამომცხვარი ჭადები, ყიყლიყოები და შემწვარი კვერცხი. თუ შეიძლება გვესაუბრეთ ამ კერძებზე, მართლაც არ არის სასარგებლო მათი ხშირი მიღება?

 

- დავიწყოთ იქიდან, რომ უმთავრესი ზომიერებაა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელმა ადამიანმა ჩამოთვლილი პროდუქტები პერიოდულად შეიძლება მიირთვას, განსაკუთრებით, სწორ კომბინაციაში, მაგალითად, ბოსტნეულთან დაწყვილებით. თუმცა პროცესირებული (შემწვარი, შებოლილი, დაშაშხულ-დამარილებული, კონსერვირებული) პროდუქტები, მათ შორის, ზოგიერთი ბავშვისთვის საყვარელი ძეხვი, ლორი ან სოსისი დასაშვებია არარეგულარულად და არავითარ შემთხვევაში, ყოველდღიურად!

 

სამწუხაროდ, მადის აღმძვრელ და გემრიელ დაბრაწულ გარსებში (მაგალითად,პურის ხრაშუნა-კნატუნა ქერქში, ფრინველის ან თევზის კანში და ა.შ.) გროვდება კანცეროგენული ნივთიერებები, თუმცა საზიანოა არა ერთჯერადი, არამედ სისტემატური გამოყენება.

 

ჩამოთვლილი პროდუქტებიდან, მჭადს საერთოდ არ სჭირდება მდუღარე ზეთში შეწვა. გარწმუნებთ, მამა-პაპური წესით მომზადებული ბევრად უფრო სასარგებლოა! კვერცხზე და, შესაბამისად, ყიყლიყოზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ზოგადად, პროდუქტების შესაწვავად ე.წ. გრილის ანუ ცხიმის გარეშე თერმული ეფექტის გამოყენება უკეთესი არჩევანია.

 

სრულად ინტერვიუ წაიკითხეთ mshoblebi.ge-ზე