როგორ მოვამზადოთ საუკეთესო ბლინები? - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ საუკეთესო ბლინები?

ყველას როდი შეუძლია რძიანი თხელი ბლინების გამოცხობა. რასაკვირველია, ამისათვის აუცილებელია მოხერხება, მარჯვე ხელი, კულინარიული იღბალი, მაგრამ პრაქტიკა სათანადო თეორიული ცოდნის გარეშე არ არსებობს, რადგან თხელი, აჟურული ბლინების გამოცხობა ტაფის არჩევით იწყება.

 

აუცილებელია, ტაფას ჰქონდეს მინიმუმ 8 მმ სისქის სქელი ძირი. საუკეთესოა ამ მხრივ თუჯისაგან დამზადებული და მიწვის საწინააღმდეგო მასალით დაფარული ტაფა. ასეთი სახის ტაფას არ სჭირდება ცხიმის წასმა, მაგრამ თუ საჭიროა ცხიმის წასმა, მაშინ უმჯობესია გამოვიყენოთ ზეთში დასველებული, ჩანგალზე წამოცმული და შუაზე გაჭრილი ხახვი ან უმი კარტოფილი, ანდა სილიკონის კულინარიული ფუნჯი. თუ ბევრი ცხიმი მოგვივიდა, ბლინები ზედმეტად ცხიმიანი და უგემური იქნება.
ახლა რაც შეეხება ცომს: არსებობს რძეზე მომზადების მრავალი ვარიაცია, მაგრამ მთავარია, ინგრედიენტები ისე შევურიოთ, რომ მივიღოთ ნაღების სისქის ერთგვაროვანი მასა. რაც მთავარია, ბლინების მომზადებას სჭირდება აკურატულობა და მოთმინება, სხვა სირთულე არ არსებობს. გასათვალისწინებელია შემდეგი:


* რძე უნდა შეთბეს 40 გრადუსამდე. მეტ ტემპერატურაზე კვერცხი აიჭრება.
* კვერცხი მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე უნდა გამოვიღოთ მაცივრიდან.
* ფქვილი აუცილებლად უნდა გაიცრას.
* სასურველია, არ გამოვიყენოთ ბლინების ფქვილი და მსგავსი შემცვლელები. ფქვილი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის.
*  თუ რეცეპტში სოდაც არის გათვალისწინებული, მაშინ საჭიროა, გავხსნათ თბილ წყალში და მხოლოდ ამის შემდეგ დავუმატოთ ცომს.
* სოდა არ გავხსნათ ძმარში ან ლიმონმჟავაში. უმჯობესია, გავხსნათ რძეში და მჟავები კი ცალკე დავუმატოთ ცომს.
* ფქვილი ერთბაშად არ ჩავყაროთ სითხეში. თავდაპირველად კვერცხი გავთქვიფოთ შაქარსა და მარილთან ერთად, დავუმატოთ ცოტა რძე, ცოტა ფქვილი, შემდეგ ისევ რძე, ფქვილი და ა.შ. შესაძლებელია, რომ კვერცხიან მასას მთლიანად დავუმატოთ ფქვილი, ერთი ჭიქა რძე და მოვზილოთ ცომი, შემდეგ თანდათანობით დავუმატოთ რძე და გავთქვიფოთ, რომ მივიღოთ თხელი ცომი.
* ბლინებმა რომ არ მიიწვას, ნუ გავუკეთებთ ზომაზე მეტ შაქარს.
* მომზადებული ცომი 10-20 წუთით გავაჩეროთ, რათა გაფუვდეს და გამოცხობისას არ დასკდეს.

აქვე გთავაზობთ ბლინის რამდენიმე საუკეთესო რეცეპტს:

 

თხელი ბლინები რძეზე სოდისა და ლიმონის წვენის დამატებით


ინგრედიენტები: 750 მლ რძე; 3 კვერცხი;
2 ჭიქა ფქვილი; 1-2 ს.კ. შაქარი; 2-3 ს.კ. ზეთი;
1 ჩ.კ. სოდა; 1 ს.კ. ლიმონის წვენი; მწიკვი
მარილი.


მომზადება: გავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი,
მარილი, დავუმატოთ ფქვილი, წყალში
გახსნილი სოდა, ლიმონის წვენი, გავაჩეროთ
10-15 წუთი. გამოცხობა - ჩვეულებრივი წესით.

 

თხელი ბლინები რძესა და მდუღარე წყალზე

 


ინგრედიენტები: 2 ჭიქა რძე; 3 კვერცხი;
1,5 ჭიქა ფქვილი; 1 ჭიქა მდუღარე წყალი; 3
ს.კ. ზეთი; 2 ს.კ. შაქარი; 1/2 ჩ.კ. მარილი.


მომზადება: მოვამზადოთ ისევე, როგორც
წინა რეცეპტშია და მდუღარე წყალი
დავუმატოთ ცომის დასვენების წინ.

 

თხელი ბლინები რძესა და მინერალურ წყალზე


ინგრედიენტები: 2 ჭიქა რძე; 2 ჭიქა
გაზიანი წყალი; 3 კვერცი; 2 ჭიქა ფქვილი;
1-2 ს.კ. შაქარი; 1/2 ჩ.კ. მარილი; 2 ს.კ. ზეთი.


მომზადება: მომზადება ჩვეულებრივი
წესით, გაზიანი წყალი ემატება ცომს დასვენების
შემდეგ.

 

კლასიკური თხელი ბლინები რძეზე

 

ინგრედიენტები: 500 მლ რძე; 1,5 ჭიქა
ფქვილი; 3 კვერცხი; 1-2 ს.კ. შაქარი; 1/2 ჩ.კ.
მარილი; 1-2 ს.კ. ზეთი.


მომზადება: გავთქვიფოთ კვერცხი მარილსა
და შაქართან ერთად, დაუმატოთ ფქვილი. სასურველია
გავთქვიფოთ მიქსერით. დავუმატოთ
რძე. გავაჩეროთ 10-20 წუთი, შემდეგ დავუმატოთ
ზეთი, ავურიოთ და ცომი გამოსაცხობად
მზადაა. გავაცხელოთ ტაფა, წაუსვათ ცხიმი და
დავასხათ იმდენი ცომი, რომ ტაფის ფსკერზე
თხლად მოეფინოს. როცა ბლინი დაიბრაწება,
სამზარეულო ნიჩბით ფრთხილად გადავაბრუნოთ.
თუ ფარშით ვამზადებთ, მაშინ უნდა
შეიწვას მხოლოდ ერთი მხრიდან.