ელის პასკუალეს ქართული გურმანტური - Gemrielia.ge

ელის პასკუალეს ქართული გურმანტური



სწორედ ამ მიზნით 2 წლის განმავლობაში 25 ქვეყანაში 40-ჯერ იმოგზაურა. სანამ სტუმარს შევხვდებოდი, მის ბლოგს გადავხედე. ელისი მიიჩნევს, რომ ადამიანთა უმრავლესობა კულინარიულ ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარება, ცოცხალი შთაბეჭდილებები იმ დღეებიდან რჩება, როდესაც სადღესასწაულო სუფრა იშლება. “მე პირველი გემო მახსოვს ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში, როდესაც იტალიუირი ფეტუჩინი დავაგემოვნე. ბავშვობას უკავშირდება აგრეთვე, 7 წლის ასაკში გასინჯული ცხვრის ხორცის კერძი, რომელიც ლონდონში მდებარე ჰაროდსის ცენტრში მივირთვი. ხორცი წიწაკაში იყო ამოვლებული, ასეთი არომატული და წვნიანი ხორცი მანამდე არ გამისინჯვს”, _ ამბობს იგი.

მსოფლიო სამზარეულოდან ორ კერძს გამოყოფს – იტალიაში მომზადებულ შემწვარ გოჭს ტრიუფელებით და კაისეკის სტილის სადილს ტოკიოში, რომელსაც ელისმა პირობითად "ცხოვრების კერძი" უწოდა. უცნაური კერძებიდან დაუგემოვნებია შემწვარი მორიელი, ცოცხალი კრევეტები კოპენჰაგენსა და შანხაიში, ლიმაში – ზღვის გოჭი, ტოკიოში  - უმი ზღვის კიტრი, შოტლანდიური ტრადიციული ჰაგისი (მზადდება ცხვრის ჯიგრით), ალიგატორი  - ნიუორლეანში და მოხარშული ღორის თავი – ტოსკანაში. სიმართლე გითხრათ, ამ ბოლო კერძზე გამეღიმა, რადგან უცნაური ნამდვილად არ მეჩვენა. გარდა ამისა, ელისის ბლოგზე საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, თუ როგორ იცავს თავს სხვადასხვა ავადმყოფობისგან მოგზაურობის დროს. ამისთვის აქვს სამი ძირითადი პრინციპი: ჭამს ადგილობრივი წარმოების იოგურტსა და რძის პროდუქტებს, რაც საჭმლის მონელებას ეხმარება. მიირთმევს ცხარე საწებლებს, რაც მისი აზრით დეზინფექციას უკეთებს ორგანიზმს, ხოცავს ბაქტერიებს და აყოლებს ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლურ სასმელებს. ცნობილი ბლოგერი სამომავლოდ ანტარქტიდაზე მოგზაურობასაც გეგმავს.
GEMRIELIA

ელის პასკუალეს თბილისში ნატურალური ღვინის ბარმა ღVINO Uნდერგროუნდ უმასპინძლა. ბარის ერთ-ერთმა მფლობელმა, რამაზ ნიკოლაძემ წინასწარ გამაფრთხილა საინტერესო სტუმრის ჩამოსვლის შესახებ და გადავწყვიტეთ პასკალისთვის ქართული რძის პროდუქტები და მათგან მომზადებული მსუბუქი, საზაფხულო კერძები შეგვეთავაზებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი ქართული ყველის სახეობებზე, მაწვნის შეჭამანდსა და პიტნით შეზავებულ ნადუღზე შევაჩერეთ. ელისი მკვეთრი არომატების მოყვარული აღმოჩნდა და ბლომად ქინძითა და პიტნით შეკაზმული მაწვნის შეჭამანდი ძალიან მოეწონა. ბარის მასპინძელმა, რამაზ ნიკოლაძემ მომჟავო კერძთან ციცქა-ცოლიკაური შემოგვთავაზა. ვახშმობისას ელისმა თავისი ქართული შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. მას უკვე მოესწრო თბილისის რესტორნებში ქართული კერძების დაგემოვნება: '`ჩემი აზრით, ქართული სამზარეულო გარკვეულწილად განიცდის აღმოსავლეთ ევროპულ, სპარსულსა და ინდურ გავლენას, მაგრამ, მიუხედავად ამისა თვითმყოფადია და ძალიან მრავალფეროვანი. განსაკუთრებით საიტერესოა საქართველო თავისი ღვინის უძველესი კულტურით. ძალიან მომეწონა ქამა სოკო სულგუნით, მეგრული ხაჭაპური, შქმერული, ასევე ქართული დამპლინგები (ხინკალი), ტოლმა ვაზის ფოთოლში და ლობიო მჭადთან ერთად.”

დასასრულ ელისმა ჩვენთვის თვითონ მოამზადა უგემრიელესი ყავა და მისი მომზადების პატარა საიდუმლოც გაგვიმხილა, რომელიც მან იტალიელებისგან შეიტყო, ყავა ესპრესოს არომატი უკეთ რომ ვიგრძნოთ, უმჯობესია სრულიად უშაქროდ მივირთვათ. ხოლო მას თუ ცოტა ჭაჭის არაყსაც დავუმატებთ, ოდნავ დავატკბოთ და ისე მივირთვათ. ყავა მართლაც არომატული და გემრიელი აღმოჩნდა, რაშიც, ჩემი აზრით, დიდი წვლილი მოდუღების თავისებურებასთან ერთად კონიაკისთვის განკუთვნილ ფუჟერებსაც მიუძღოდა.

ქეთი ადეიშვილი