ორიგინალური რესტორნები - Gemrielia.ge

ორიგინალური რესტორნები

რესტორნები, ბარები, კაფეები თუ პაბები დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მათი მფლობელები რას არ იგონებენ, რომ სხვაზე მეტი კლიენტი მოიზიდონ. ჩვენ შევეცდებით, რამდენიმე ორიგინალური რესტორანი და ბარი წარმოგიდგინოთ.


ისრაელის ქალაქ ეილატში რესტორანი Red Sea Star (რედ სი სტარი) პირდაპირ ზღვის ფსკერზეა აგებული. რესტორნის კლიენტები გემრიელ საჭმელსა და სასმელთან ერთად წყალქვეშა სამყაროს სილამაზითაც ტკბებიან.

GEMRIELIA
სრულიად საპირისპირო გრძნობებს აღძრავს უკრაინაში, ქალაქ ტრუსკავეცში მდებარე ბარი "ვეჩნოსტი", რომელსაც კუბოს ფორმა აქვს. ბარის სიგრძე 20 მეტრია, სიგანე კი _ 6 მეტრი. შიგნიდან ბარი კუბოებითა და გვირგვინებით არის მორთული, ყველა მაგიდაზე ანთია სანთელი, რაც გარემოს კიდევ უფრო ნაღვლიანს ხდის. ბარის სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ისეთი კერძები, რომელთა დასახელებებიც ექსტერიერ-ინტერიერთან სრულ შესაბამისობაშია: ,,9 დღე”, ,,40 დღე” და ა.შ.

GEMRIELIA

ტაილანდში, ბანგკოკში მდებარე Hajime Restaurant- ში (რესტორანი ჰაჯიმე) კლიენტებს ოფიციანტის ნაცვლად რობოტები ემსახურებიან. ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რესტორანი სტუმრებს იაპონური სამზარეულოს შედევრებით უმასპინძლდება.

GEMRIELIA
ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ისეთ რესტორანს ნახავთ, სადაც კედლები და ჭერი დოლარიანი კუპიურებითაა დაფარული. ამბობენ, ასეთი დაწესებულების პატრონებს ბარაქა არ აკლიათ და სხვაზე მეტ ფულს შოულობენო. მაგალითად, No Name Pub (ნო ნეიმ პაბი) 1931 წელს გაიხსნა. გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან მოყოლებული პაბის კლიენტებმა კედლებზე დოლარიანი კუპიურების გაკვრა დაიწყეს. დღეისათვის, როგორც ამბობენ, ბარში უკვე გვარიანი თანხა _ 750 000 დოლარია ,,დაბანდებული”. ასეთივე დეკორაციით გამოირჩევა პაბი McGuire’s Irish Pub (მაკ გაირს აირიშ პაბი) რომელიც 1977 წელს გაიხსნა. ფულის კედელზე გაკვრის ტრადიციას საფუძველი ბარის ოფიციანტმა მოლიმ ჩაუყარა, რომელმაც თავისი პირველი გამომუშავებული დოლარიანი აიღო და კედელზე მიაწება. პაბის კედლებსა და ჭერს დღეისათვის უკვე 550 000-ზე მეტი დოლარიანი ამშვენებს.

GEMRIELIA
ტანზანიაში, ინდოეთის ოკეანის ნაპირთან ახლოს, პაწაწინა კლდოვან კუნძულზე მდებარეობს Rock Restaurant (როკ რესტორანი) სადაც სულ 14 მაგიდა ეტევა. რესტორანი კლიენტებს ზღვის პროდუქტების კერძებით უმასპინძლდება.

GEMRIELIA

იამაიკაზე, დასახლება ტრეჟე ბიჩის ნაპირიდან 500 მეტრში, ასევე პირდაპირ ოკეანეში მდებარეობს Floyd’s Pelican Bar (ფლოიდს პელიკან ბარი). ის ვინმე ფლოიდმა მთლიანად ხის ტოტებისგან ააგო.

GEMRIELIA