“აჯიკას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!
აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას უკვე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ძეგლის სტატუსი აჯიკას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქეთევან პაპავასა და არჩილ ზამბახიძის პროექტ “ქართული გემოს მემკვიდრეობის” ფარგლებში მიენიჭა. იმას, რაც დღეს “აჯიკის” სახელითაა ცნობილი, რეალურად “აპირპილ-ჯიკა”, ანუ წიწაკიანი მარილი ქვია. იგი სავარაუდოდ მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს. გადმოცემის თანახმად, ცხოველების მეპატრონეებმა, მწყემსებისთვის განკუთვნილ მარილში, წიწაკის შერევა დაიწყეს, რათა ცხოველებისთვის მადის აღსაძვრელად განკუთვნილი მარილი მწყემსებს თავისთვის არ მოეპარათ. თუმცა მწყემსებმა, წიწაკიან მარილს მთის ბალახი და ნიორი დაამატეს და სწორედ ასე შეიქმნა აჯიკა.
არჩილ ზამბახიძე: “პროექტ “ქართული გემოს მემკვიდრეობის” ფარგლებში, ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველოს გარშემო და მოვიძიეთ 140 რეცეპტი. მათ შორისაა როგორც ნაცნობი, ასევე აბსოლუტურად უცნობი ქართული რეცეპტები. მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება ეტაპობრივად არის დაგეგმილი.”
წყარო : marketer.ge