ახალი მონაწილეები და გარემო ძველი წესებითა და გემრიელი კერძებით - #CHEFმარკეტერის მეორე სეზონი გრანდიოზულად გაიხსნა

ჟურნალ „გემრიელიას“ უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსის, #CHEFმარკეტერის ახალმა სეზონმა რესტორან „მეამაში“აიღო სტარტი. შეუდარებელი გარემო, უგემრიელესი კერძები, კომპეტენტური ჟიური და საინტერესო მონაწილეები - პროექტის ახალი სეზონის პირველი ტურის გახსნის ცერემონიალი ივენთ კომპანია Bloom Events-მა გრანდიოზულად ჩაატარა.
თბილისის ლამაზი ხედების ფონზე 7 კომპანიის მარკეტერები ერთმანეთს ყველაზე გემრიელი და საინტერესო ხორცის სალათის მომზადებაში ეჯიბრებოდნენ. მათი მომზადებული კერძები კი კომპეტენტურმა ჟიურიმ 2 კრიტერიუმით: გემოთი და ვიზუალური გაფორმებით შეაფასა.

უცვლელი იყო კონკურსის წესები, მარკეტერებს 30 წუთი და ჟიურის მიერ წინასწარ მიწოდებული ინგრედიენტები ჰქონდათ კერძის მოსამზადებლად. საბოლოოდ ჟიურის, რომლის წევრებიც იყვნენ: ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორი ქეთი ადეიშვილი, ტელეწამყვანი და კულინარი ნინო შაინინა ბარათაშვილი, რესტორან „მეამას“ მმართველი პარტნიორი ირაკლი კახიძე და „მეამას“ შეფ-მზარეული გიორგი ჯეგაძე, რთულ კონკურენციაში მოუწია გადაწყვეტილების მიღება და გამარჯვებულის გამოვლენა.

 

 

სახალისო და ყველაზე გემრიელი კონკურსის ახალი სეზონის პირველი კონკურსის მონაწილეები „რედისონის“, „ელიტ ელექტრონიქსის“, „ნაბეღლავის“, „საქართველოს ფოსტის“, „ამბასადორის“, „ნაბროსფარმასა“ და „ჩვენი სუფრის“ მარკეტინგის მენეჯერები გახლდნენ. მათ ფანტაზია და ჟიურის მიერ კერძის მოსამზადებლად წინასწარ გამოყოფილი ინგრედიენტები არ დაუშურებიათ იმისათვის, რომ კონკურსის ახალი სეზონის პირველი გამარჯვებულები გამხდარიყვნენ, თუმცა საბოლოოდ დაძაბულ და სახალისო შეჯიბრში სამორინე „ამბასადორის“ წარმომადგენელმა მარიამ გოგოჭურმა დაიკავა პირველი ადგილი.

„ძალიან კარგი ღონისძიება იყო. პირველად მივიღე მსგავს შეჯიბრში მონაწილეობა და არ ვიცი, რამდენად კარგად გამოვიდა. რთული იყო, თუმცა ბოლომდე ვეცადე, ჩემი კერძი კარგი გამოსულიყო და გაამართლა- გავიმარჯვე, თან ვისწავლე გემრიელი ხორცის სალათის მომზადება“, - აღნიშნა მან.
 

კონკურსით კმაყოფილი დარჩა რესტორან „მეამას“ მმართველი პარტნიორი ირაკლი კახიძეც:

„ვთვლი, რომ ქართული კულინარიისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. ჩვენ, ჩვენი მხრივ, შევეცადეთ, რაღაც ახალი გვესწავლებინა სტუმრებისთვის. ამიტომ მათ შევთვაზეთ ე.წ. ქართული სტეიკ-სალათის მომზადება, რომელიც ჩვენს რესტორანში შეიქმნა. კონკურსანტებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დავალებას. თითოეული მათგანის მიერ მომზადებულ სალათას ჰქონდა ინდივიდუალური და განსხვავებული გემო“, - განაცხადა მან.

 

 

კულინარიული შეჯიბრის ბოლოს ყველა მონაწილე დასაჩუქრდა „პალიტრა L“-ის კულინარიული ნაკრების წიგნით „იაპონური სამზარეულო“. რაც შეეხება გამარჯვებულს, იგი საუკეთესო შეფ-მარკეტერის ტიტულთან ერთად, „სლობოდას“ სასაჩუქრე კალათის და „პალიტრა L“-ის წიგნის, „ბურგერების“ მფლობელი გახდა. ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორის თქმით, #CHEFმარკეტერის ახალი სეზონი საკმაოდ საინტერესოდ გაიხსნა.
„მონაწილეების და მოთხოვნების დონე სეზონიდან სეზონამდე მატულობს. შესაბამისად, მომავალი კულინარიული შეჯიბრებებიც უფრო და უფრო საინტერესო იქნება“, - აღნიშნა მან.

 

 

შეგახსენებთ, რომ ჟურნალ „გემრიელიას“ მიერ ორგანიზებული კონკურსის, #CHEFმარკეტერის ფარგლებში მსგავსი საღამოები გასული წლიდან იმართება და მასში საქართველოში ცნობილი კომპანიების მარკეტინგის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

#CHEFმარკეტერის პირველი სეზონის დასკვნითი, გრანდიოზულ ღონისძიება მაისის თვეში გაიმართა და მასში პირველი სეზონის შეჯიბრებების გამარჯვებულებს შორის საუკეთესო გამოვლინდა.
 

 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
28 ნოემბერი, 2018 03:27 p.m.
ნანახია: 116