დარიჩინი - Gemrielia.ge

დარიჩინი


დარიჩინი ინდოეთიდან და ჩინეთიდან მოგვიანებით საბერძნეთსა და რომში, შემდეგ კი მთელ ევროპაში გავრცელდა, თუმცა მეტად მაღალი ფასის გამო, ის მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

დარიჩინი 10-15 მ სიმაღლის ხეა და დაფნისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. სანელებლად გამოიყენება მისი გამხმარი ქერქი, უფრო სწორად, ქერქის შიდა ფენა, რომელიც იყიდება როგორც ჩხირებად, ისე დაფქული სახით. საუკეთესოდ შრი-ლანკასა და ინდოეთის სამხრეთში წარმოებული დარიჩინი მიიჩნევა. დარიჩინი გამოირჩევა თბილი და ძლიერი არომატით, რაც მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა. ეს ეთერზეთები ფარმაცევტიკაში, აგრეთვე პარფიუმერიული და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისთვის გამოიყენება.

ჩვენთან, ისევე როგორც ევროპაში, დარიჩინს ძირითადად ტკბილეულში, ნამცხვრებში ვიყენებთ, მაგრამ აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ხორცეულისა და ფრინველის კერძებშიც ამატებენ. საყოველთაოდ ცნობილია დარიჩინისა და ვაშლის შეხამება. ეს სანელებელი მართლაც განუმეორებელ გემოს აძლევს ვაშლის ნამცხვრებს, შტრუდელებს. მისი დამატება რეკომენდებულია კომპოტებშიც _ ვაშლის, მსხლის, ქლიავის კომპოტი ამით უფრო არომატული და გემრიელი გახდება.

სცადეთ დარიჩინი ბრინჯის ჩირებიან და ქიშმიშებიან ტკბილ ფლავთან ერთად, შეგიძლიათ ცოტა ფორთოხლის ცედრაც დაამატოთ.

ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ ცხელი ღვინის სასმელი დარიჩინით  - გლინტვეინი.

დაფქული დარიჩინი კერძს ბოლოს უნდა დავამატოთ, რადგან ჩხირებისგან განსხვავებით, ის თერმულ დამუშავებას ვერ იტანს და მწარდება.