რატომ ვაცხობთ ლობიანებს ბარბარობისთვის (+ რეცეპტი)
ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და, რა თქმა უნდა, ბევრი ემზადება ლობიანის მოსამზადებლად. მაინც რატომ გვაქვს წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე ლობიანის მომზადების ტრადიცია? ამაზე პასუხი ასეთია:
"ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. [...] გაიგივების გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს. [...] ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა. მოგვიანებით ამერიკის კონტინენტიდან ახალი კულტურული ჯიშების აქტიურმა პოპულაციამ ჩვენშიც ასახვა პოვა. ღვეზელის შემადგენლობაში ლობიომ დაიმკვიდრა. ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია. მეტი განმარტებისთვის: ლობიანის გამოცხობა და მიღება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ წმიდა ბარბარესთან არაფერ კავშირშია."
(დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი)
ასეა თუ ისე, ლობიანი ბარბარობის დღესასწაულზე მაინც ტრადიციად იქცა და ამიტომ გთავაზობთ ნახევრად ფენოვანი ცომისგან მომზადებული უგემრიელესი ლობიანის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
400 მლ. თბილი წყალი,
3 ს.კ. ზეთი,
3 ს.კ. ღვინის ძმარი,
1 ს. კ. საფუარი,
1 ჩ.კ. შაქარი,
500 გ. კარაქი (ან მარგარინი),
მარილი გემოვნებით,
ფქვილი, რამდენსაც შეიზელს.
თბილ წყალში გავხსნათ ბოლომდე საფუარი, დავამატოთ ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი. მოვზილოთ რბილი ცომი. გავაბრტყელოთ და წავუსვათ დარბილებული კარაქი. დავკეცოთ ან გადავახვიოთ რულეტივით, ჩავდოთ თავდახურულ ჭურჭელში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. უმჯობესია, თუ ცომს წინა საღამოს მოვზელთ და მთელი ღამით მაცივარში გავაჩერებთ.
შიგთავსისთვის:
1 კგ. ლობიო
2 საშუალო თავი ხახვი
ზეთი
მარილი
პილპილი
გარჩეული ლობიო წინა საღამოს დავალბოთ. დილით წყალი გადავღვაროთ, ახალი წყალი დავასხათ და ისე მოვხარშოთ. მოხარშულ ლობიოს წვენი ბოლომდე გადავუწუროთ. გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში (ან, შეგვიძლია საჭყლეტით ჩავჭყლიტოთ). დავამატოთ ზეთში მოხრაკული წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი.
ცომი გავყოთ მცირე გუნდებად, გავაბრტყელოთ თითოეული, დავადოთ გუნდად შეკრული ლობიოს შიგთავსი, მოვუკრათ თავი და გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში.
წინასწარ გილოცავთ ბარბარობას!
წყარო: intermedia.ge