მიხაკი - Gemrielia.ge

მიხაკი

მიხაკის ხე 100 წლამდე ცოცხლობს და მხოლოდ მე-7 წელს იწყებს ნაყოფის გამოტანას. მისი ყვავილები ძალიან სურნელოვანია. სანელებლად გამოიყენება სწორედ ამ ყვავილების კვირტები: მათ გაყვავებამდე კრეფენ და აშრობენ. მიხაკი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს, რაც განაპირობებს კიდეც მის სასარგებლო თვისებებს.მიხაკი ერთნაირი წარმატებით გამოიყენება კულინარიასა და მედიცინაში, განსაკუთრებით კი სტომატოლოგიაში. მისი ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი და იყენებენ კბილის ტკივილის დროს, ასევე პირის ღრუს ჰიგიენისთვის.კულინარიაში მიხაკის გამოყენება შესაძლებელია ყველგან: ტკბილეულში, ხორცეულში, ბულიონებში, ბოსტნეულში... საკონდიტრო ნაწარმის, კომპოტებისა და პუდინგების მოსამზადებლად იყენებენ მთლიან კვირტს, ან დარიჩინთან ერთად დაფქულს. უმჯობესია, თუ მხოლოდ მიხაკის თავებს გამოიყენებთ, რადგან ღეროსგან განსხვავებით უფრო არომატული და ნაკლებად მწარეა. მიხაკი, შავ პილპილთან ერთად, კარგად ეხამება ცხვრისა და ღორის ცხიმიან ხორცს, ბულიონებს (სადაც შეგიძლიათ ხახვში ჩარჭობილი მიხაკი გამოიყენოთ) და ფრინველის ხორცისთვის განკუთვნილ სოუსებს. ეს სანელებელი ასევე ფართოდ გამოიყენება მარინადების მოსამზადებლად: ხორცისთვის, სოკოსთვის, თევზისთვის. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ღვინის ან ძმრის ბაზაზე მომზადებულ მარინადებში მიხაკი ძალიან მცირე დოზით უნდა დაამატოთ, რადგან სპირტი მის მწარე გემოს აძლიერებს.მიხაკი გამორჩეულ არომატს ანიჭებს როგორც ცხელ, ისე ცივ კერძებს.