წესები,რომლებიც უნდა დაიცვათ იდეალური ბეზეს მოსამზადებლად - Gemrielia.ge

წესები,რომლებიც უნდა დაიცვათ იდეალური ბეზეს მოსამზადებლად

ბეზე -baiser მსუბუქი დესერტია, რომელიც კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილისა და შაქრისგან მზადდება. Baiser ფრანგულად ითარგმნება, როგორც კოცნა.

 

ბეზეს მეორე სახელწოდებაა მერენგა. ეს ერთი შეხედვით მარტივი დესერტი მსოფლიო საკონდიტრო ხელოვნების დიდ მონაპოვრად ითვლება. მისი წარმოშობის შესახებ მკვლევართა აზრი იყოფა. ერთნი მის სახელს გერმანიაში არსებულ პატარა ქალაქ მაირინგენს უკავშირებენ. აქ მოღვაწეობდა შვეიცარელი კულინარი გასპარინი და ბეზეს გამოგონებასაც მას მიაწერენ. სხვა ვერსიის თანახმად მერენგა მომდინარეობს პოლონური სიტყვიდან მარზინკა, ხოლო დესერტის შექმნას პოლონეთის მეფის სტანისლავ I-ის მზარეულის დამსახურებად მიიჩნევენ.



ცნობილია, რომ მერენგა ძალიან უყვარდა საფრანგეთის დედოფალ მარია-ანტუანეტას, რომელიც თურმე ამ ნუგბარს თავადაც ამზადებდა. XIX საუკუნემდე ბეზეს ფორმას კოვზით აძლევდნენ. საკონიდტრო ტომრის გამოყენება კი კონდიტერებმა მოგვიანებით დაიწყეს.

არსებობს მერენგას რამდენიმე სახეობა: Meringue ordinaire ან meringue suisse, meringue italienne და meringue cuite. პირველს სახეობას ამზადებენ გათქვეფილი ცილისა და შაქრისაგან, ამატებენ დესერტებს, რთავენ ნამცხვრებს, გამოიყენებენ როგორც მინანქარს. Meringue ordinaire ჩვენში ძალიან პოპულარულია განსაკუთრებით გამომცხვარი სახით. მას უმატებენ სხვადასხვა სახის კრემსა და გულსართს. აცხობენ სხვადასხვა ფორმის პატარა ფიგურებს, მოზრდილ ფენებს საჭიროებისდამიხედვით გამოიყენებენ ტორტებსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად. იტალიურ მერენგას ძირითადად მინანქრად იყენებენ. ცნობილი იტალიური ჩაროზი ზუპპა ინგლესე სწორედ ბეზეს გამოყენებით მზადდება.

ბეზეს ზოგჯერ ურევენ კაკაოს, ყავას, ქოქოსის ფანტელებს, თხილეულს და სახამებელს, რაც ცოტა განსხვავებულ კონსისტენციას აძლევს მას. დანამატების შერჩევა კონდიტერის ფანტაზიასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული. იგი არსებობს მერენგას მომზადების სხვა ვარიანტებიც – გათქვეფილ ცილას ასხამენ ცხელ-ცხელ შაქრის ვაჟინს ან ორთქლის აბაზანაზე თქვეფენ, რაც უზრუნველყოფს მასის მდგრადობას. ასე მომზადებული ბეზე ძირითადად გამოცხობის გარეშე გამოიყენება და თუ მაინც გამოვაცხობთ, იგი უფრო ღია ფერის გამოდის და თავდაპირველ ფერსაც უკეთ ინარჩუნებს.

წესები ბეზეს მომზადების დროს:

1. გამოვიყენოთ აუცილებლად ახალი კვერცხი.

2. სასურველია, კვერცხი იყოს კარგად გაციუებული.

3. ბეზეს მომზადების ერთ-ერთი საიდუმლოა ის, რომ გული და ცილა კარგად უნდა იყოს გაცალკევებული და არ იყოს ერთმანეთში არეული, წინააღმდეგ შემთხვევაში ცილა არ გაითქვიფება.

4. ცილა გასათქვეფად უნდა მოვათავსოთ მშრალ ჭურჭელში.

5. ცილით სავსე ჭურჭელს თუ ყინულით სავეს მეორე თასში ჩავდებთ და კვერცხის ცილას ისე გავთქვეფთ, გაცილებით კარგად გაითქვიფება.

6. ცილას გათქვეფის წინ დავაწვეთოთ 2-3 წვეთი ლიმონის წვენი

7. ბეზეს მომზადებისას საჭიროა კვერცხი და შაქარი დიდხანს ვთქვიფოთ, რომ შაქარი გაიხსნას

8. ბეზე უნდა გამოვაცხოთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე და გამოცხობის შემდეგ ღუმელში შევაგრილოთ.