„გო ე' მიო"-ს გასტრონომიული გზამკვლევის შეფების ღონისძიება - Gemrielia.ge

„გო ე' მიო"-ს გასტრონომიული გზამკვლევის შეფების ღონისძიება

 

 

 

„გო ე’ მიო"-ს შეფების გალა ღონისძიება დეკემბერში, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში" გაიმართა, რომელსაც ქართველი და ევროპელი ცნობილი კულინარები, შეფ-მზარეულები, სომელიეები, რესტორატორები, საუკეთესო რესტორნების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ხელოვანები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. 

 

 

მია კუპრავა, ორგანიზატორი:


_ მიხარია, რომ „გო ე’ მიო"-ს შემაჯამებელმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. ჩვენი დიდი ოჯახის ყველა წევრი, განსაკუთრებით შეფები, ელოდებოდნენ ნომინაციებს, გამარჯვებულებს და ბედნიერი ვარ, რომ მათი გახარებული სახეები ვიხილე.

 


_ როგორ ჩაეყარა საფუძველი ამ ყველაფერს და რამდენად რთული იყო „გო ე’ მიო"-ს საქართველოში შემოყვანა?


_ საკმაოდ რთული პროცესი იყო. ჯერჯერობით, ჩვენთვის პირველი ნაბიჯებია და დასაწყისში ყოველთვის რთულია, თუმცა ჩვენი დევიზია-იარე ნელა, მაგრამ ხარისხიანად. ეს რიგით მესამე ღონისძიებაა, რომელზეც უამრავი საპატიო სტუმარი გვეწვია, როგორც ქართველი, ისე ევროპელი. მათ შორის, „გო ე’ მიო"-ს ორქუდიანი, ცნობილი შეფი ქალაქ ლიონიდან, ბატონი ლორენ რიგალი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ძალიან მოეწონა.   

 


ლორენ რიგალი, რესტორნის შეფი საფრანგეთში:


_ საქართველოში პირველად ვარ და მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი დღე დავყავი, თქვენმა ქვეყანამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. ყველგან საოცრად თბილად მიმიღეს. აქ „გო ე’ მიო~-მ მომიწვია და საქართველოს მაზიარა. რაც შეეხება კულინარიას, აქ არის შესანიშნავი პროდუქტები, შეფ-მზარეულები, უდიდესი პოტენციალი. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, როგორ შეძლო „გო ე’ მიო~-მ ღონისძიების ასე კარგად ორგანიზება, არაჩვეულებრივი მენიუთი და არაერთი გამარჯვებულით. 


_ ლორენ, რამდენათ კმაყოფილი ხართ აქაური სერვისით?


_ სულ რამდენიმე რესტორნის ნახვა მოვასწარი, მაგრამ ვფიქრობ, ჭამის კულტურა ცოტა დასახვეწია. ჯერ კიდევ გვხვდება „სართულებიანი~ მაგიდები. ამას გამოსწორება სჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, მალე მოგვარდება. ყველანაირი პირობაა ამისათვის. თითო თეფშის მირთმევა სასიამოვნო დღესასწაული უნდა იყოს. 


„გო ე’ მიო"-ს დახვეწილ და მასშტაბურ ღონისძიებაზე არაერთ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მაგალითად, ტურისტების რჩეული რესტორანი „ქეთო და კოტე~ გახდა. რესტორანი საუკეთესო ხედით _  „ფუნიკულიორი~. წლის კონცეპტუალური რესტორნის ტიტული მიიღო რესტორანმა „სტუმრად შეფის ბებიასთან". წლის ნომინაცია „გენი ქართული"  კი _  „სტუმრად ბარბარესთან". წლის პოპულარულ რესტორნად _  „ქალაქი" დასახელდა. რესტორან „ვერიკოს" შეფებმა კი გაიმარჯვეს ნომინაციაში _  „ახალგაზრდა შეფი" . დაჯილდოვდნენ ასევე, რესტორანი „ხარჩო" და მერიკო გუბელაძე; საუკეთესო მოლეკულური სამზარეულო _ ლაშა კენჭაძე; წლის აღმოჩენა _  „გო ე’ მიო"-ს მრჩეველთა საბჭოს, ჟიურის წევრებისადა ექსპერტების გადაწყვეტილებით, ლევან ჩხეიძე გახდა; წლის საუკეთესო მიმტანი კი _ ზურაბ დათიაშვილი.

 


წლის საუკეთესო რესტორნად „ანდროპოვის ყურები" დასახელდა, რომლის შეფ-მზარეული ენცო-ნერი გახლავთ:


_ მე იტალიელი ვარ და დიდი ხანია საქართველოში ვცხოვრობ. აქაურობა ძალიან მიყვარს. დიდი მადლოიბა საქართველოს, ქართველებს იმ დიდი სიყვარულისთვის, რასაც მე მათგან ვიღებ. ყველას უღრმესი მადლობა, ვინც ამ საქმეში ჩემთან ერთადაა. უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელებს და მადლობა „გო ე’ მიო"-ს!

 


ტიტული _ წლის საუკეთესო შეფმზარეული გადაეცა გურამ ბაღდოშვილს:  


_ ამ ჯილდოს ნამდვილად არ ველოდი, რადგან ძველ გვარდიას ვეკუთვნი. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 90 წელს, 13 წლის ვიყავი, როდესაც მაგიდის ქვეშ ფეხით გაძრომა დავიწყე, უკვე სამზარეულოში ვმუშაობდი. ამიტომ ჩემხელა ქვაც აღარ დაგორავს (იცინის). ყოველთვის მეგონა, რომ ისეთი ძველი ვარ, არავის ვახსოვარ-მეთქი. დიდი მადლობა ყველას იმისათვის, რომ ვიღაცას, რაღაც მოეწონა ჩემი. იმედია, ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი მზარეული იქნება ჩემს ადგილას აქ, მომავალ წლებში და მე ამით ბედნიერი ვიქნები. 

 


თეკუნა გაჩეჩილაძე:
_ ჯილდო, რომელიც გადმომეცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე მეორედ ვარ წარდგენილი, შარშან ერთი ჯილდო მივიღე და ვფიქრობ, ეს დიდი მოტივაციაა. როგორც გურამ ბაღდოშვილმა აღნიშნა, ჩვენ უკვე ძველი გვარდია ვართ და ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციაა, რომ ხარისხის ამ ნიშანს მიაღწიონ. „გო ე’ მიო" ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდია და საქართველოს მსოფლიო კულინარიულ რუკაზე სვამს.