#CHEFმარკეტერი და „პილპილის“ საფირმო კერძი, გვალოშხვარე - Gemrielia.ge

#CHEFმარკეტერი და „პილპილის“ საფირმო კერძი, გვალოშხვარე

 

#CHEFმარკეტერის მორიგი შეხვედრა,რომელიც ტრადიციულად ჟურნალი „გემრიელიას“  ორგანიზებით გაიმართა რესტორან „პილპილში“, მყუდრო და სასიამოვნო გარემოში შედგა, სადაც მონაწილეებს სიურპრიზი ელოდათ. მათ უნდა მოემზადებინათ რესტორნის საფირმო კერძი, გვალოშხვარე - შებოლილი და ახალი სულგუნისგან დამზადებული უგემრიელესი კერძი.

 

 

ღონისძიებას სპონსორობა გაუწია სტამბამ „კოლორპაკი“ და სპეციალური პრიზებიც დააწესა მონაწილეებისთვის. კონკურსანტთა შორის იყვნენ: ნათია მეტრეველი - ,,M Group" , ნინი ზექალაშვილი - „აზატო“, თამთა ასლანიშვილი - ,, მიკრო ბიზნეს კაპიტალი", სოფო ახალაია -  „საგა“, ანი ნადარეიშვილი _ „სუფთა სახლი“ და ირინა ონაშვილი - „ბელჰაუსი“.

გვალოშხვარე მეგრული გებჟალიის ტრადიციაზე შექმნილი კერძია, რომელიც განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა _ ერთმანეთს ეხამება არომატული აჯიკისა და შებოლილი სულგუნის დახვეწილი გემოები. შეჯიბრება დაძაბულ, კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა. ჟიურის წევრებს გაუჭირდათ გადაწყვეტილების მიღება. საბოლოოდ, არჩევანი თამთა ასლანიშვილის მომზადებულ კერძზე შეჩერდა და სწორედ მას ერგო გამარჯვება. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ, ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორი, ქეთი ადეიშვილი, შეფმზარეული, ელენე კაკაბაძე, რესტორან „პილპილის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ნინო თურმანიძე და ამავე რესტორნის შეფმზარეული, თამარ გაბელაია. შეფმარკეტერის ყოველ მონაწილეს, გარდა სტამბა „კოლორპაკის“ დაწესებული
საჩუქრებისა, გადაეცათ „პალიტრა L“-ის კულინარიული წიგნები.

 

გამარჯვებულს წილად ხვდა „ბურგერების წიგნი“, დანარჩენ მონაწილეებს კი - „იაპონური სამზარეულო“. გამარჯვებული,
თამთა ასლანიშვილი მონაწილეობას მიიღებს #CHEFმარკეტერის ფინალურ ეტაპზე.


ნინო თურმანიძე, რესტორან „პილპილის“ დირექტორი:


-  ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ღონისძიებაა, სხვა დროსაც ვმონაწილეობდით ამ ღონისძიებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია
ისიც, რომ ბევრი ადამიანი გაიცნობს ჩვენს რესტორანს და ჩვენს კერძებს და დაინტერესდება.

 

 

თამთა ასლანიშვილი, ,,მიკრო ბიზნეს კაპიტალის" წარმომადგენელი, გამარჯვებული:
- კარგი ივენთი იყო კომუნიკაციისთვის, ახლის შესწავლისთვის, სამუშაო დღის შემდეგ გასახალისებლად. მე ჟურნალ „გემრიელიასა“
და მისი საიტის დიდი ხნის მკითხველი ვარ და თუკი რამე ვიცი, სწორედ მათგან.