ოსპი – საუკეთესო საკვები კუჭნაწლავისა და ბევრი სხვა ორგანოსთვის (+რეცეპტები)
მსოფლიოს დიეტოლოგებისა და მედიკოსების აზრით, დიდ შეცდომას უშვებენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ოსპის კერძებზე. მას თავისი კვებითი თვისებებით შეუძლია შეცვალოს პური და ხორციც კი. ოსპი მიჩნეულია დედამიწაზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად. შეიცავს A და C და B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისებს, ბევრ ცილას, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, ფოლიუმის მჟავას (რომელიც გვიცავს კიბოსაგან), მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს. თანამედროვე მედიცინა აქტიურად იყენებს ოსპს სამკურნალოდ. ძალიან სასარგებლოა ოსპის კერძები (წვნიანი, სალათა, ფაფა) გულ-სისხლძარღვთა და დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემების (კოლიტი, წყლული) დროს. სასურველია, მომავალმა დედებმაც ოსპი გაითვალისწინონ რაციონში, რადგან ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოსპი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტია, რადგან ის არ აგროვებს ტოქსინებსა და ნიტრატებს. მასში შემავალ ნივთიერებებს, იზოფლავონებს, უნარი შესწევთ, თავიდან აგვაცილონ ძუძუს კიბო. გარდა ამისა, შეიცავს გულისთვის აუცილებელ უჯრედისს.
ნახევარ ულუფაში არის 9 გრამი ცილა, 8 გრამი უჯრედისი, არ შეიცავს ცხიმს. ენერგეტიკული ღირებულებაა 115 კილოკალორია. იზოფლავონები დამუშავებისას არ იშლება, ამიტომ თამამად შეგიძლიათ, იყიდოთ კონსერვირებული ან გამომშრალი ოსპი. თურმე ოსპს ადრე ღარიბების ხორცს უწოდებდნენ, რადგან დიდი რაოდენობით ცილას და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, ამასთანავე ნოყიერია და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს.
ასე რომ, თამამად და აქტიურად ჩართეთ ოსპი თქვენს მენიუში, კვირაში ერთხელ მაინც დაგეგმეთ ოსპის დღე და მოამზადეთ ოსპის კერძები. ის ერთნაირად სასარგებლოა დიდებისა და პატარებისთვის. თან – გემრიელიც. რამდენიმე რეცეპტსაც გთავაზობთ:
ოსპის სუპი დაგჭირდებათ: ხახვი – 100 გრ სტაფილო – 200 გრ წითელი ოსპი – 200 გრ ზეთი – 40 გრ პრასი – 1 ცალი მარილი, მწვანილი გემოვნებით
მომზადება: ყველაზე კარგად წითელი ოსპი იხარშება, მით უმეტეს, თუ წინასწარ დაალბობთ, ერთი-ორი საათი მაინც. წვნიანის მომზადებას იმდენი დრო არ უნდა, როგორც სხვა ბარდეულის. თან გემრიელია და ადვილად ანაყრებს. ხელს უწყობს კუჭნაწლავის მოქმედებას. ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ მსხვილად გახეხილი სტაფილო და კიდევ 2-3 წუთი მოშუშეთ. ძალიან უხდება პრასი, თხელ რგოლებად დაჭრილი, რომელსაც ასევე ტაფაში დაამატებთ მოშუშვის დროს. აადუღეთ ქვაბში 2 ლიტრი წყალი, იქ გადაიტანეთ მოშუშული ბოსტნეული და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაამატეთ ოსპი და კიდევ 15-20 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. ოსპი უნდა დარბილდეს და ფერსაც შეიცვლის – უფრო ღია ფერის გახდება. ბოლოს დაუმატეთ მარილი, შეგიძლიათ, მწვანილიც დაუმატოთ გემოვნებით.