მეფეთა მზარეული და მზარეულთა მეფე - Gemrielia.ge

მეფეთა მზარეული და მზარეულთა მეფე

მარი-ანტუან კარემი (Marie-Antoine Carеme) – თანამედროვე სამზარეულოს ერთ-ერთი ფუძემდებელი, სახელგანთქმული ფრანგი მზარეული, რომელიც თავის დროზე ტალეირანთან, ჯორჯ IV-სთან, ალექსანდრე I-სა და ბარონ როტშილდთან მუშაობდა.

სწორედ ამიტომ უწოდებდნენ კარემს ,,მეფეთა მზარეულსა და მზარეულთა მეფეს". მარი-ანტუან კარემი 1784 წელს დაიბადა პარიზში, მრავალშვილიან ოჯახში. კულინარიასთან პირველი შეხება სულ პატარა ასაკში მოუხდა – ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც პარიზის ერთ-ერთ სასადილოში მზარეულის დამხმარედ დაიწყო მუშაობა. 1798 წელს ყმაწვილი კარემი ცნობილი კონდიტერის – სილვან ბეილის მოწაფე გახდა. სწორედ ბეილიმ შენიშნა პირველად კარემის განსაკუთრებული კულინარიული ტალანტი. 1803 წელს კარემმა საკუთარი საკონდიტრო გახსნა პარიზში. კარემი მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმს კი არ ქმნიდა, მისი ტკბილეული ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები იყო. კარემის მიერ შაქრისა და მარციპანისგან გამოძერწილი ნუგბარი პირამიდების, დიდებული ტაძრებისა და ანტიკური არქიტექტურის სხვა შედევრების შთაგონებით იქმნებოდა. შემდგომში კარემი ტალეირანთან გადავიდა სამუშაოდ, შიგადაშიგ კი ნაპოლეონისთვისაც ამზადებდა კერძებს. მაგალითად, მას ანდეს ნაპოლეონისა და მარია ლუიზას საქორწილო ტორტის გამოცხობა, ერთი წლის შემდეგ კი – მათი ვაჟის დაბადების აღსანიშნავი წვეულების მოწყობა. ცნობილია, რომ ნაპოლეონი სრულიად გულგრილი იყო საჭმლისადმი, თუმცაღა საზოგადოებრივ ურთიერთობებს დიპლომატიის ხელშემწყობ და აუცილებელ პირობად აღიარებდა. 1804 წელს სწორედ ამ მიზნით გამოუყო ნაპოლეონმა თანხა ტალეირანს, რომელმაც დიპლომატიური შეხვედრებისთვის პარიზის მახლობლად შეიძინა მამული Château de Valençay. ტალეირანმა შატოში კარემიც წაიყვანა, რომელიც იქ ნაპოლეონის მმართველობის დასასრულამდე მუშაობდა. იმპერიის დაცემის შემდეგ (1816-1817 წწ.) კარემი ჯერ ინგლისში, პრინც-რეგენტის (შემდგომში მეფე ჯორჯ IV) შეფმზარეულად, შემდეგ კი რუსეთში, იმპერატორ ალექსანდრე I-ის კარზე მოღვაწეობდა. ზოგიერთი ცნობით, კარემი რუსეთში პირადად პეტრე ბაგრატიონმა მიიწვია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბაგრატიონი 1812 წელს ბოროდინოს ბრძოლაში დაიღუპა, კარემი კი რუსეთში პირველად მხოლოდ 1819 წელს ჩავიდა, ცხადი გახდება, რომ ეს ცნობა რეალობას არ შეესაბამება. კარემი, რომელიც ცუდად იცნობდა რუსულ სამზარეულოს, თავდაპირველად რუსეთში სულ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სასახლეში დაბინავდა, კარემი ისე დაბრუნდა უკან, რომ იმპერატორისთვის ერთხელაც არ მოუმზადებია სადილი. ამბობენ, რომ ის ვერ შეეგუა ხაზინის ქურდობის ფაქტებსა და მის წინააღმდეგ გაბმულ ინტრიგებს და პარიზში დაბრუნდა. გარდა იმისა, რომ წარმატებული პრაქტიკოსი კულინარი იყო, კარემმა უდიდესი თეორიული სამუშაოც გასწია. მან შეიმუშავა კულინარიული სისტემა, შეადგინა უამრავი კერძის რეცეპტი, დეტალურად აღწერა მათი მომზადების სირთულეები და ეტაპები, აგრეთვე სამზარეულოს ინსტრუმენტები და მათი გამოყენების ტექნიკა. კარემი არაერთი წიგნის ავტორიც გახლდათ. 1815 წელს მან პირველი წიგნი გამოსცა. ეს იყო 800-გვერდიანი ორტომეული, სადაც დაწვრილებით აღწერილი რეცეპტების გარდა ავტორის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის მოგონებებიც შედიოდა. ორტომეული უხვად იყო ილუსტრირებული თვით კარემის მიერ. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე (1833 წ.) კარემმა დაასრულა წიგნი ,,XIX საუკუნის ფრანგული სამზარეულოს ხელოვნება" (L"Aრტ დე ლა ცუისინე ფრანცაისე აუხ XIX-ე სიèცლე). კარემის სახელთან არაერთი კულინარიული აღმოჩენაა დაკავშირებული. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ნამცხვარი ეკლერი, რომლის სახელიც ფრანგულად ,,ელვას" ნიშნავს. ამბობენ, რომ ეკლერი პირველად სწორედ კარემმა მოამზადა მოხარშული ცომისგან, შემდეგ ეს დესერტი ელვისებური სისწრაფით გავრცელდა მსოფლიოში და სახლიც სწორედ ამის მიხედვით ეწოდა. ჩვენი ჟურნალის პირველ ნომერში შემოგთავაზეთ ფენოვანი ცომისგან მომზადებული კალათების – ვოლოვანის რეცეპტი. ვოლოვანის იდეაც კარემს ეკუთვნის, სახელი კი ფრანგულად ნიშნავს ,,ქარში გაფრენილს" და მისი წარმოშობის ისტორია ასეთია _ როდესაც კარემის შეგირდმა დაინახა, თუ როგორ ამოიბურცა ცხობისას ფენოვანი კალათები, აღტაცებულმა შესაძახა:Maître, il vole au vent! ! (მეტრ, ისინი ჰაერში აფრინდნენ!). ასე ეწოდა ფენოვან კალათებს ვოლოვანი.