სამარხვო კატლეტები 3 განსხვავებული რეცეპტით, რომლებიც თქვენს მენიუში ღირსეულ ადგილს დაიკავებენ - Gemrielia.ge

სამარხვო კატლეტები 3 განსხვავებული რეცეპტით, რომლებიც თქვენს მენიუში ღირსეულ ადგილს დაიკავებენ

 

არ აქვს მნიშვნელობა, მარხვაზე ხართ თუ არა, ამ რეცეპტებით ნებისმიერ დროს შეძლებთ ოჯახის წევრების გაოცებას:

 

1) პირველი კომბოსტოს კოტლეტებია, რომელთა მომზადება ძალიან მარტივია.

 

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო - 1 კგ
  • მანის ბურღული - 100 გ
  • ფქვილი - 50 გ
  • ხახვი - 2 თავი
  • კარტოფილი - 2 ცალი
  • სასურველი სუნელები
  • მარილი და პილპილი
  • სასურველი მწვანილი
  • ნიორი - გემოვნებით
  • ზეთი - შესაწვავად

მომზადების წესი:

თავდაპირველად დადგით გაზე ქვაბით წყალი და აადუღეთ. სანამ წყალი ადუღდება, მოამზადეთ ბოსტნეული. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, დაჭერით გასუფთავებული კომბოსტო მოზრდილ ნაჭრებად და მოწალეთ ადუღებულ მარილწყალში.

გადაიტანეთ მოწალული კომბოსტო საწურზე და გააგრილეთ. გაატარეთ ყველა ბოსტნეული და მწვანილი (ძალიან უხდება კამა) გაატარეთ ხორცისსაკეპ მანქანაში. შენიშვნა: კარტოფილი აჯობებს გახეხოთ (მსხვილზე) სულ ბოლოს და ისე დაუმატოთ ფარშში, რადგან არ გაშავდეს. თუ ძალიან წვნიანი ფარში გამოგივიდათ, გადაუღვარეთ, თუ ოდნავ სველია, დატოვეთ, მანის ბურღული ფარშს გაასქელებს. ახლა დაუმატეთ სანელებლები, მარილი და პილპილი. ჩაუმატეთ ფარშში მანის ბურღული. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი, მიეცით ხელით ფარშს კატლეტის ფორმები (წყალში დასველებული ხელებით), ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. მიირთვით ნებისმიერ სოუსთან და გარნირთან ერთად.

 

2) თუ უფრო მრავალფეროვანი გემო გსურთ, წიწიბურასა და ბოსტნეულის კოტლეტს შემოგთავაზებთ.

 

ინგრედიენტები:

  • ტკბილი წიწაკა - 1
  • მარილი და პილპილი
  • ქინძი - 1 კონა
  • პრასი - 1
  • კარტოფილი - 1
  • სტაფილო - 1
  • წყალი - 2 ჭიქა
  • წიწიბურა - 1 ჭიქა
  • საფანელი - 1/2 ჭ
  • კომბოსტოს მწნილი - გარნირად

 

მომზადების წესი:
 
წიწიბურას დავასხათ ცხელი წყალი, გავუწყოთ მარილი და თავდახურული მოვხარშოთ დაბალ ცეცლხზე.

კარტოფილი გავფცქვნათ, სტაფილო გავთალოთ. ქინძი და ბოსტნეული მსხვილად დავჭრათ.

წიწიბურა შევაგრილოთ და ბოსტნეულთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, დავუმატოთ მარილი და პილპილი.

მასისგან გავაკეთოთ 8 ცალი კატლეტი, ამოვავლოთ საფანელში და საშუალო ტემპერატურაზე ზეთში შევწვათ, მივირთვათ კომბოსტოს მწნილთან ერთად.

 

3) სამარხვო კატლეტები შვრიით და კარტოფილით

 

 

ინგრედიენტები

 
  • შვრიის ფანტელი - 1 ჭიქა
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 1 კბილი
  • კარტოფილი - 1 საშუალო ზომის
  • მდუღარე წყალი - 100 მლ
  • მარილი და პილპილი - სხვა სანელებლები - გემოვნებით
  • საფანელი
  • ზეთი შესაწვავად

 

მომზადების წესი:
დაასხით შვრიის ფანტელს 100 მლ ცხელი წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, რათა გაფუვდეს.
ხახვი და ნიორი გახეხეთ საშუალო სახეხზე და დაუმატეთ გაფუებულ შვრიის ფანტელს.
კარტოფილი გარეცხეთ და გაფცქვენით, გაატარეთ ან გახეხეთ წვრილად და შეურიეთ შვრიის ფანტელის მასას.
ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიეცით ფარშს კატლეტების ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
შემდეგ დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთით.
გემრიელად მიირთვით!