კარამელიდან ჩუპა-ჩუპსამდე - Gemrielia.ge

კარამელიდან ჩუპა-ჩუპსამდე

ამერიკელმა რობერტ ჰენრი უინბორნ უელშმა, რომელსაც ბავშვობაში ვუნდერკინდს უწოდებდნენ, მიატოვა სწავლა სამხედრო-საზღვაო აკადემიაში და გახდა ჰარვარდის იურიდიული კოლეჯის მსმენელი, თუმცა ვერ შეეგუა ვერც იქაური სწავლების სტილს და გადაწყვიტა ბიზნესისათვის მოეკიდა ხელი.

მან ჩათვალა, რომ ერთადერთი ბიზნესი, რასაც არ სჭირდებოდა დიდი კაპიტალი, იყო საკონდიტრო საქმე და საფუძველი ჩაუყარა საკონდიტრო კომპანიას – "oxford candy company", რომელიც აწარმოებდა ნაღების პომადას და კარამელს.

ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ჯერ კიდევ შესაგრილებელ კარამელში ჩაარჭო ჩხირი და მიიღო ახალი სახის ნაწარმი, რომელიც სულ მალე გახდა ბავშვებისა და უფროსების პოპულარული ნუგბარი, რომლის მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ საქმეს ვეღარ აუდიოდა და სამუშაოდ მიიღო თავისი ძმა, ჯეიმსი. მათ გარკვეული ხანი იმუშავეს ერთად და 1925 წელს ჯეიმსმა გახსნა თავისი საკუთარი საწარმო.

1932 წელს დიდი დეპრესიის ტალღა შეეხო ოქსფორდის კომპანიასაც და გაკოტრდა. სამაგიეროდ აყვავდა ჯეიმსის ბიზნესი და მიიწვია ძმა, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა პროდუქციის გასაღებისა და რეკლამისათვის. კომპანიამ გამოუშვა კარამელის კანფეტები "Sugar Daddy ", "Pom Pom", რომელთა წარმოება შემდგომი 30 წლის მანძილზე 200 ათასი დოლარიდან 20 მილიონამდე გაიზარდა. ჯეიმსი ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა, ხოლო რობერტი, მულტიმილიონერი 1956 წლამდე საქმეს განაგებდა.


ამასობაში ევროპაში, კერძოდ ბარსელონაში მემკვიდრეობით ბიზნესმენი, ვინმე ენრიკე ბერნატი, რომლის ფირმა წარმატებით აწარმოებდა 200-ზე მეტი სახეობის საკონდიტრო ნაწარმს, იწყებს კარამელის კანფეტების გამოშვებას. მან სწორად გათვალა - მალე კარამელის კანფეტები გავრცელდა მთელ ესპანეთში და დღითიდღე მატულობდა მათზე მოთხოვნა. ბრენდს ეწოდა "ჩუპსი." კანფეტის
შესაფუთი მასალა და ლოგოტიპი შექმნა სალვადორ დალიმ. ჩუპა-ჩუპსად წოდებული კომპანიის ნაწარმი სულ მალე გავრცელდა ევროპის ქვეყნებში და ამერიკაშიც ჩააღწია. საფრანგეთში აშენდა პირველი უცხოური ქარხანა. ამჟამად 170 ქვეყანაში ხდება 50-ზე მეტი სახეობის ჩუპა-ჩუპსის რეალიზაცია და ეს არის პირველი სახეობა კანფეტებისა, რომელიც 1995 წელს კოსმოსში წაღებულ იქნა ორბიტალურ სადგურ "МИР"-ზე. 1957 წლიდან ენრიკე ბერნატმა არაერთხელ სცადა სიახლის შეტანა კანფეტების წარმოებაში. ერთერთი მისი ორიგინალური იდეა იყო კანფეტის ჩხირების შეცვლა პატარა ჩანგლებით. ჩუპა-ჩუპსებს თავდაპირველად აწარმოებდნენ 7 სახის – მარწყვის, ლიმნის, პიტნის, ფორთოხლის, შოკოლადის, ნაღებიანი ყავისა და ნაღებიანი მარწყვის არომატით.

კარამელის კანფეტები არც ჩვენთვის, ქართველებისთვისაა უცხო, მითუმეტეს, რომ აღმოსავლეთიდან ჩვენში ყოველთვის შემოდიოდა სხვადასხვა სახის შაქრის მომზადებული ნუგბარი. გოზინაყი – ქართული ტკბილეულის ნამდვილი მეფე თამამად შეიძელბა ითქვას, რომ კარამელიზებული თაფლით მზადდება, ხოლო "მამალო", ჯერ კიდევ ჩვენი ბებიებისა და დიდი ბებიებისთვის საუკეთესო ნუგბარად ითვლებოდა. მისი მომზადების წესიც ანალოგიურია, შაქრისაგან მზადდება კარამელი, რომელსაც ემატება სულ ცოტა ლიმონის წვენი ან ძმარი, რათა არ დაკრისტალდეს, შემდეგ ასხამენ სპეციალურ მამლის ფორმაში, უკეთებენ პატარა ჯოხებს და ახარებენ პატარებს. "მამალოს" ფერის მისაცემად ხმარობდნენ ბუნებრივ საკვებ საღებავებს, რომლებიც გემოზე არ იმოქმედებდა. უმეტესად ჭარხლის, სტაფილოს, მარწყვის წვენი გამოიყენებოდა. ვისაც ფორმა არ გააჩნდა, ჯოხზე ძერწავდნენ ჯერ კიდევ გაუმაგრებელ კარამელს. არომატისათვის ურევდნენ პიტნას, ლიმონს, ვანილს და სხვადასხვა ესენციებს.