ვინ არის „რადისონ ბლუ ბათუმის“ მთავარი შეფმზარეული და როგორია მისი კულინარიული ხედვა? - Gemrielia.ge

ვინ არის „რადისონ ბლუ ბათუმის“ მთავარი შეფმზარეული და როგორია მისი კულინარიული ხედვა?

ზღვისპირა რეგიონში  ირაკლი თოდაძის შესახებ ბევრს სმენია. სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმის“ მთავარი შეფმზარეულის საფირმო კერძებით არამარტო ბათუმელებს, არამედ აჭარაში ჩასულ ტურისტებსაც ხშირად უმასპინძლდება. ამბობს, რომ კერძების მომზადება დამოუკიდებლად ისწავლა, თუმცა უფროსი მზარეულებისგან რჩევებს ხშირად ისმენდა
პროფესიული ზრდისთვის უცხოეთშიც იმოგზაურა და ქართული ტრადიციული კერძების გარდა, საერთაშორისო სამზარეულოც შეისწავლა. ამბობს, რომ საფირმო კერძი არ აქვს, თუმცა მის მიერ მომზადებული კერძებით სასტუმროს სტუმრები აღფრთოვანებული რიან. სასტუმრო "რადისონ ბლუ ბათუმის" შეფ-მზარეულთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:

თქვენს შესახებ, რომ გვესაუბროთ. სად მიიღეთ განათლება და როდის იპოვეთ თავი ამ სფეროში?

განათლება კოლეჯში მივიღე. მახსოვს, 90-იანი წლები იყო როდესაც რესტორნის სამზარეულოში პირველად შევაბიჯე. ეს იყო სიყვარული დანახვისთანავე...მაშინ სულ რაღაც 19 წლის  ვიყავი. მაშინვე გამიჩნდა კერძების მომზადების სურვილი.  სხვადასხვა სურნელმა, არომატმა, გემოების ძიებამ და მრავალფეროვნებამ  განაპირობა, რომ მე დღეს შეფმზარეული ვარ...

 

 

ახსენეთ შეფმზარეული და აქვე გკითხავთ, ვინ არის ის შეფმზარეული, რომელსაც ბაძავთ და თუნდაც თქვენი შთაგონების წყაროა?

თავიდან,  რა თქმა უნდა, კუმირები მყავდა, რომელთა მიერ მომზადებული კერძები დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. როცა გავიზარდე მივხვდი, რომ ნაკლებად ცნობილი მზარეულებიც ნამდვილ შედევრებს ქმნიამ სამზარეულოში. მას შემდეგ გავიაზრე,  რომ ნიჭიერი ადამიანი ამ სფეროში გაცილებით ბევრია და ასე ვერ გამოყოფდი რომელიმეს. დღეს უკვე, თამამად შეიძლება ითქვას რომ,  ძალიან ბევრი ახალგაზრდა წარმატებული შეფმზარეულია საქართველოში.

 

 

რადგან ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, რამდენად ხშირი შეხება გაქვთ ახალგაზრდა დამწყებ მზარეულებთან, თუ უზიარებთ გამოცდილებს?

ახალგაზრდებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს და ჩემი მიზანი სწორედ ის არის, რომ  კულინარიაში რაც შეიძლება მეტი ჩართულობა და დაინტერესება იყოს მათი მხრიდან.  როცა კერძს ამზადებენ ყოველთვის ვურჩევ, რომ ეცადონ განსხვავებული გემო და კომბინაციები შექმნან....

 

ალბათ ბევრ რესტორანში გიმუშავიათ, მათ შორის უცხოეთში? იქნებ გაიხსენოთ ის პერიოდი და რა გზა გაიარეთ წარმატების მისაღწევად?

მე ვარ თვითნასწავლი მზარეული. უფროსი თაობის მზარეულებმა ბევრი რამ მასწავლეს და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეფმზარეული ვარ. 90- იან წლებში სხვადასხვა რესტორანში ვმუშაობდი როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც, მათ შორის  დუბაიში. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ იმ პერიოდშიპროდუქტები თითქმის არ არსებობდა რომ კერძები მოგვემზადებინა და გამოცდილება მიგვეღო. 1998 წლიდან მზარეულის პოზიციაზე ვმუშაობ. რაც შეეხება უცხოეთს, სწავლა და მუშაობა დუბაიში გავაგრძელე,- ეს იყო 2000 წელს, სადაც ახლობლის დახმარებით დავიწყე მუშაობა. მაშინ 20 წლის ვიყავი. სწორედ იქ შევისწავლე პროდუქტების დამუშავება და უცხო კერძების მომზადება. დუბაიში ორი წლის განმავლობაში ცოდნასა და გამოცდილებას ვიძენდი...

 

თქვენ აღნიშნეთ, რომ დუბაიში ცხოვრობდით და იქნებ გვითხრათ ის ნიშა, რაც ქართულ და უცხოურ სამზარეულოს ერთმანეთისგან ასხვავებს თავისი გემოთი და შემადგენლობით? და რას ნიშავს ქართული სამზარეულო თქვენთვის?

ქართული სამზარეულო დღესდღეისობით სულ უფრო და უფრო იხვეწება და შეიძლება ითქვას რომ მსოფლიო კულინარიის ბილიკს დაადგა. მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მაგალითად, როგორც დღეს არის ძალიან პოპულარული იტალიური კერძი "ლაზანია", რომლის მომზადებაც თითქმის ყველა მზარეულმა იცის, სულ მალე ზუსტად ასეთივე ცნობილი გახდება ჩვენი აჭარული ხაჭაპური, ხინკალი და ჩაქაფულიც მსოფლიოში.

გვითხარით, რომელი კერძია თქვენი საფირმო, რითაც თავს იწონებთ სტუმრებთან?!

ჩემთვის ეს არის ქართული სუფრა. რომელიმე ერთი კერძის გამოყოფა გამიჭირდება. სუფრა სრული იმპროვიზაციაა.  დღეს აღარ არსებობს ჩარჩოები და სტანდარტები, შეიძლებ აითქვას რომ, სრული თავისუფლებაა.

თქვენ ისაუბრეთ იმაზე, რომ არაერთ რესტორანში გიმუშავიათ როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ სასტუმრო "რადისონ ბლუს" შეფმზარეული?

"რადისონ ბლუ“-ს სასტუმროების ქსელში  გახსნის დღიდან, 2009 წლიდან ვმუშაობ. ამ სასტუმრომ ჩემს სფეროში განვითარების დიდი შესაძლებლობა მომცა. მიმართულებებს ვიცვლიდი და ყველაფერს კულინარიას ვუკავშირებდი. ჩვენს სტუმრებზე განსაკუთრებით ვზრუნავთ და ვცდილობთ, რომ ყოველთვის განსხვავებული კერძები შევთავაზოთ. ასევე აღსანიშნავია, ჩვენი მომსახურების მაღალი სტანდარტებიც.

 

ზღვისპირა ქალაქში მუშაობთ და ბუნებრივია, როგორც ბათუმელები ასევე ტურისტებიც იქნებიან თქვენი სტუმრები, მაინტერესებს თქვენს მიერ მომზადებულ რომელ კერძზე აჩერებენ ხშირად არჩევანს?

 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს "მიდიებია". ამ კერძს განსაკუთრებული რეცეპტით, სხვადასხვა შემადგენლობით  ვამზადებთ.  2006 წელს  ჩვენ გავხსენით "ივერია ბიჩი", სადაც სტუმრებს პირველად შევთავაზეთ ჩვენი განსხვავებული რეცეპტი. მახსოვს სტუმრები „მიდიების“ დასაგემოვნებლად თბილისიდანაც კი, ჩამოდიოდნენ... ეს კერძი რესტორან „ქლაუდსის“ მენიუში დღესაც გვაქვს.

რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს, რას აპირებთ? როგორია თქვენი მიზანი ამ მიმართულებით?

ჩემი მიზანია კულინარია ახალგაზრდებში უფრო მეტად განვავითარო. რაც შეიძლება მეტი დამწყები მზარეული  ჩავრთო ამ სფეროში, ამისთვის ვცდილობ მათ მეტი პრაქტიკულ გამოცდილება მივცე.

ბოლოს მინდა გკითხოთ, სამზარეულოს გარდა, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

თავისუფალი დრო ნამდვილად ცოტა მაქვს, მაგრამ, ზოგადად, ძალიან მიყვარს ხესთან მუშაობა. ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს შექმნილი..