თუ წელს რამის გაყინვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! - გეტყვით, როგორ გაყინოთ ბოსტნეული და ხილი ზამთრისთვის - Gemrielia.ge

თუ წელს რამის გაყინვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! - გეტყვით, როგორ გაყინოთ ბოსტნეული და ხილი ზამთრისთვის

ყველა ქალბატონმა კარგად იცის, რა პრაქტიკული და სასარგებლოა ზამთრისთვის გაყინული ხილი თუ ბოსტნეული. ზამთრის მარაგისთვის ასე შენახული პროდუქტების შედარებაც კი არ შეიძლება ე.წ. კონსერვებთან და იმ "საოცარ "და "მადისაღმძვრელ" ხილთან თუ ბოსტნეულთან, რომელთაც ზამთრის პერიოდში მარკეტებსა თუ ჰიპერმარკეტებში გვთავაზობენ.


ამიტომ, ქალბატონებო! დახარჯეთ მცირეოდენი დრო წელიწადის ამ ყველაზე მოსავლიან პერიოდში და თქვენ ნამდვილად ისიამოვნებთ გაზაფხულისა და ზაფხულის სურნელითა და გემოთი ზამთრის ცივ და სუსხიან დღეებში. თქვენს საყინულე კამერაში კი მუდამ იქნება ზაფხულის კარგი განწყობის ნაწილი, გემრიელი მარაგი კენკრის, ბოსტნეულის, ხილის და თქვენს წინაშე იქნება უზარმაზარი ასპარეზი კულინარიული ექსპერიმენტებისთვის.


როგორც კომპოტების, მურაბებისა და სხვადასხვა კონსერვის მომზადება საჭიროებს ტექნოლოგიური პროცესების დაცვას, ასევე საჭიროა პრუდუქტების გაყინვის დროს რამდენიმე აუცილებელი ფაქტორის გათვალისწინება, რათა ხილ-ბოსტნეული სწორად გაიყინოს და მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს პროდუქტს როგორც სასარგებლო თვისებები, ასევე სტრუქტურა.
ტემპერატურა: პრუდუქტის გასაყინად საუკეთესო ტემპერატურა -18-დან -23 გრადუსამდეა. ამ ტემპერატურაზე ხილი თუ ბოსტნეული გაცილებით უკეთ იყინება და ხანგრძლივადაც, პრაქტიკულად მომდევნო მოსავლამდე, ინახება (8-დან 12 თვემდე). პროდუქტის გაყინვა ასევე შესაძლებელია 0-დან - 8 გრადუს ტემპერატურაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში გაყინული პრდუქტის ვარგისიანობის ვადა გაცილებით მცირეა. მისი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ 3 თვის მანძილზე.
კონტეინერი: გაყინული პროდუქტის შესანახად საუკეთესო საშუალებაა პოლიეთილენის პაკეტები და საშუალო ზომის კონტეინერები.


რაოდენობა: იმის გათვალისწინებით, რომ გაყინული პროდუქტის გალღობის შემდეგ მისი ხელმეორედ გაყინვა არ არის რეკომენდებული, რამდენადაც კარგავს ვიტამინებსა და სასარგებლო თვისებებს, უმჯობესია, პროდუქტი გაიყინოს ისეთი ზომის ულუფებად, რომელთა გამოყენებასაც პირველივე გალღობისას მთლიანად შეძლებთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მცირე ზომის ულუფები გაცილებით სწრაფად, ხარისხიანად იყინება და ინახება.


გასაყინი ხილ-ბოსტნეული: შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი ხილის, ბოსტნეულის, კენკრისა და სოკოს გაყინვა. ამ შემთხვევაშიც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. გაყინეთ მხოლოდ ის პროდუქტი, რომელსაც ზუსტად იცით, რომ გამოიყენებთ, რათა არ გადატვირთოთ საყინულე კამერა გამოუსადეგარი პროდუქტებით.
გახსოვდეთ!


• პროდუქტი, რომლის გაყინვასაც ინებებთ, აუცილებელია, იყოს ახალი, საღი და ბოლომდე დამწიფებული.
• გაყინული პროდუქტის გალღობის შემდეგ მათი გარეცხვა არ არის რეკომენდებული, ამიტომ სანამ მათ გაყინვას დაიწყებთ, საფუძვლიანად გარეცხეთ და გააშრეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაყინული პროდუქტი შეეწებება ერთმანეთს და დაკარგავს ფორმას. ხილ-ბოსტნეულის გაშრობა შეგიძლიათ საწურზე დაწრეტით, სუფთა ტილოზე ან სამზარეულოს ქაღალდზე დაწყობით.
• ბოსტნეულის უმეტესობა გაყინვამდე ბლანშირებას (მცირე რაოდენობის წყალში მოთუშვა) საჭიროებს. ბლანშირების ხანგრძლივობის დრო ბოსტნეულის სახეობის მიხედვით იცვლება (ყვავილედებად დანაწევრებული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - 3 წუთი, სტაფილო - 3-5 წუთი, ისპანახი - 3 წუთი, დატეხილი მწვანე ლობიო - 3 წუთი, ყაბაყი - 30 წამი)
• გამლღვალი პროდუქტი სწრაფადვე გამოიყენეთ. ნუ დატოვებთ მას 2 დღეზე მეტხანს, თუნდაც მაცივარში.
ხილი: კარგად გარეცხვისა და საფუძვლიანი გაშრობის შემდეგ დაალაგეთ ხილი დაფაზე და შედგით საყინულეში. მას შემდეგ, რაც იგი კარგად გაიყინება, გამოიღეთ საყინულედან, მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტებში, გამოუშვით ზედმეტი ჰაერი, მოუკარით მჭიდროდ თავი და დააბრუნეთ საყინულეში ახლა უკვე ხანგრძლივი შენახვისთვის. დიდი ზომის კურკის მქონე ხილი უმჯობესია უკურკოდ, ხოლო პატარა კურკის შემხთვევაში იგი გამოცლას არ საჭიროებს. რაც შეეხება ხილის იმ კატეგორიას, რომელიც წვრილი კურკით გამოირჩევა (მსხალი, კომში) სასურველია, გაფცქვნათ, დაჭრათ და ისე გაყინოთ, თუმცა მსგავსი სახით გაყინვისას შეიძლება ხილმა შეიცვალოს ფერი და გამუქდეს. ასეთი რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გაყინვის წინ დაჭრილ ხილს შეგიძლიათ შაქარი მოაყაროთ ან ლიმონის წვენი მოასხათ.


კენკრა: ხილის მსგავსად კენკრის გაყინვაც ძირითადად "მშრალი" სახით ხდება. ცელოფანგადაფარებულ დაფაზე განალაგეთ გასუფთავებული, გარეცხილი, კარგად გამშრალი კენკრა და შედეთ საყინულეში. კარგად გაყინვის შემდეგ ჩაყარეთ პოლიეთილენის პაკეტში, გამოდევნეთ ზედმეტი ჰაერი, საფუძვლიანად მოუკარით თავი და კვლავ დააბრუნეთ საყინულეში ხანგრძლივად შესანახად. კენკრის ის სახეობა რომელიც განსაკუთრებული სინაზით გამოირჩევა (მარწყვი, ჟოლო, მაყვალი) გაყინვის შემდეგ პაკეტების ნაცვლად კონტეინერებში განათავსეთ, რათა შეინარჩუნოს ფორმა და ნაკლებად დაიჭყლიტოს. კენკრა ასევე შეგიძლიათ გაყინოთ და შეინახოთ პიურეს სახით, შაქრით ან უშაქროდ.

მწვანილი: (ქინძი, ოხრახუში, ნიახური, კამა...) გულდასმით გარეცხილი და გამშრალი მწვანილი დაჭერით წვრილად, დაჰყავით პატარა, მუჭისოდენა ულუფებად, ჩაალაგეთ პოლიეთილენის პაკეტებში და გაყინეთ.


ყვავილოვანი კომბოსტო: ყვავილოვანი კომბოსტოს გასაყინად მოაშორეთ მას გარე ფურცლები, კომბოსტოს თავი დაყავით ყვავილედებად და მოთუშეთ (მოთუშვისას დაუმატეთ 3 წვეთი ლიმონმჟავა). გადაწურეთ წყალი, გააციეთ კომბოსტო, გააშრეთ, მოათავსეთ პაკეტებში ან კონტეინერში და გაყინეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბოსტნეულის ბლანშირების შემდეგ მისი გაციება სწრაფადვეა საჭირო. ამ მიზნით შეგიძლიათ ცივი, გამდინარე წყალი გამოიყენოთ.


ბროკოლი: ვინაიდან ბროკოლი კომბოსტოს ერთ-ერთი ყველაზე ნაზი სახეობაა, მისი წინასწარი მოთუშვა არ არის სასურველი. საკმარისია, დაყოთ იგი საშუალო ზომის ყვავილედებად, გარეცხოთ, გააშროთ და გაყინოთ პაკეტებით.


ტკბილი წიწაკა: ბროკოლის მსგავსად ასევე არ საჭიროებს მოთუშვას ტკბილი წიწაკა. მისი გაყინვა სხვადასხვა სახითაა შესაძლებელი. თუ გსურთ ტკბილი წიწაკა ფარშირებული წიწაკის მოსამზადებლად მოიმარაგოთ, ის შემდეგნაირად გაყინეთ: მოაშორეთ ბოლოები, ფრთხილად გაასუფთავეთ თესლებისგან, გარეცხეთ, გააშრეთ, ჩააწყვეთ პაკეტებში თითო-თითო და შედეთ გასაყინად. შეგიძლიათ გაყინოთ ფარშირებულიც - სტაფილოსა და მოხარშული ბრინჯის ან ხორცის ფარშით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტკბილი წიწაკის გაყინვა სხვადასხვა ტიპის კერძისთვის გსურთ, გარეცხეთ და გააშრეთ კარგად, დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და გაყინეთ პაკეტებით.


პომიდორი: პომიდვრის გაყინვა შესაძლებელია როგორც სიგრძეზე დაჭრილი (კანით ან კანის გარეშე) ასევე პიურეს სახით. თუ გსურთ მისი პიურეს სახით გაყინვა, შემდეგნაირად იმოქმედეთ: გარეცხეთ ახალი პომიდორი, შეაშრეთ კარგად და გახეხეთ სახეხზე ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ კონტეინერში და სწრაფადვე გაყინეთ. პატარა ზომის პომიდვრები (ჩერის ტიპის) არ საჭიროებს დაჭრას, მაგრამ სასურველია დაიჩხვლიტოს რამდენიმე ადგილას, რათა არ დასკდეს გაყინვის დროს.


კიტრი: იმის გათვალისწინებით, რომ გაყინვის შემდეგ კიტრს ძირითადად სალათებში ვიყენებთ, უმჯობესია, გაყინოთ პაკეტებში კუბიკებად ან სიგრძეზე დაჭრილი. გალღობის შემდეგ კი კარგად გაწურეთ ცხრილზე.


სოკო: არსებობს მოსაზრება, რომ სოკო გაყინვამდე მოხარშვას საჭიროებს, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს აუცილებლობას. მაგალითად, მანჭკვალა ან ქამა თავისუფლად შეიძლება უმად გაიყინოს. ამისათვის საჭიროა მისი მხოლოდ კარგად გარეცხვა, გაშრობა და ზედმეტი ნაწილების მოჭრა. დიდი ზომის სოკოები დაჭერით ნაჭრებად, მომცრო ზომის სოკო კი დატოვეთ მთელ-მთელი. გაყინეთ პაკეტებში. გალღობის შემდეგ მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც სხვადასხვა კერძში (სუპებში), ასევე შესაწვავად.