34 წლის ბიზნესმენი „მასტერშეფში“: „შვილების გამოკვება ჩემ თავზე ავიღე და „კაცი კუხნაში“ გავხდი“
34 წლის ბიზნესმენი „მასტერშეფში“: „შვილების გამოკვება ჩემ თავზე ავიღე და „კაცი კუხნაში“ გავხდი“

 

„მასტერშეფში“ კულინარიული ბრძოლა ყველზე დაძაბულ ეტაპზე გადავიდა. ჟიურიმ საუკეთესო ათეული შეარჩია, რომლის წევრებიც მასტერშეფის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

საუკეთესო ათეულის ერთ-ერთი წევრია 34 წლის ბიზნესმენი ვლადიმერ სოკოლოვი, რომლის კერძმაც პირველივე ტურში დიდი მოწონება დაიმსახურა. ვლადიმერის თქმით, მზა რაცეპტები არ აქვს და მისი ყოველი კერძი ექსპერიმენტია.


„მასტერშეფის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე  კულინარიაზე, თავის მომზადების ტექნიკასა და კონკურენტებზე გვესაუბრა.

 

 

კულინარიაში პირველი ნაბიჯი როდის გადადგი?


წლების წინ მეგობრებთან ერთად კოჯორში ვისვენებდი. თავიდან კარგად ვიყავით, მაგრამ მერე საჭმელი შემოგვაკლდა, არც ფული გვქონდა და ერთადერთი, რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა, „ტუშონკა“ იყო. მოვაგროვე ნარჩენები, 1-2 ცალი სოსისი, წიწაკა, სანელებლები და ისეთი „ტუშონკა“ გამომივიდა, ლეგენდები დადიოდა.
22 წლის ვიყავი, როცა დედა და და სხვაგან წავიდნენ და იძულებული გავხდი, თავად მომემზადებინა საუზმე, სადილი, ვახშამი... მერე დავქორწინდი, ბავშვები შემეძინა, რომელთა გამოკვებაც მთლიანად ჩემ თავზე ავიღე. მოკლედ, „კაცი კუხნაში“ გავხდი.


რატომ გადაწყვიტე კულინარიულ შოუში მონაწილეობის მიღება?


ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით გამოვაგზავნე განაცხადი. ვფიქრობდი, რომ ჯერ მზად არ ვიყავი, მაგრამ თან მინდოდა, რომ ამ სფეროში რაღაცისთვის მიმეღწია. ბოლო წლებია, რაც კულინარიას უფრო სერიოზულად ვუდგები, რთულ კერძებს ვეჭიდები, სერვირებას უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ. მართალია, ბევრი რამე ჯერ კიდევ არ ვიცი, რადგან არსად არ მისწავლია, მაგრამ რასაც კი ხელს ვკიდებ, ყველაფერი გამომდის.

 


როგორ ფიქრობ, რატომ შეგარჩიეს ტოპ ათეულისთვის?


ძალიან მიყვარს კულინარია და ყველაფერს დიდი სიყვარულით ვაკეთებ. არ მეშინია ექსპერიმენტების, სულ რაღაცას ვიგონებ. ერთი მხრივ, ძალიან სარისკოა, მაგრამ მე ასე მინდა, სხვანაირად ის არ ვიქნები, ვინც ვარ. კასტინგის დღესაც კი რისკზე წავედი, როცა იხვის სტეიკის მომზადება გადავწყვიტე, რადგან, როგორც ჟიურიმ აღნიშნა, ძალიან რთული გასაკეთებელია და თან ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ მქონდა მომზადებული. კასტინგის დღეს, მზადების პროცესში მოვიფიქრე შტოშის ჩირის დამატებაც მეტი სიმჟავისთვის.


ასე მოვედი ათეულამდე. ყოველ ჯერზე ისეთ რთულ კერძებს ვამზადებ, რომ მოყვარული კი არა, მხოლოდ პროფესიონალი მზარეულები აკეთებენ. მე კი ერთხელ ვაკეთებ, მაგრამ პირველივე ჯერზე კარგი გამომდის.

 


„მასტერშეფს“ საკმაოდ მკაცრი ჟიური ჰყავს. როგორ იღემ მათ კრიტიკას?


როცა ჟიური ჩემს კერძს აფასებს, შინაგანად ვტყდები, მაგრამ ვცდილობ, გარეგნულად ეს არ შემეტყოს. რა თქმა უნდა, კრიტიკა არ მსიამოვნებს, მაგრამ სწორედ მაგ დროს მეხსნება გონება. ჟიურის რჩევებს ვითვალისწინებ და რაც მთავარია, ბევრს ვსწავლობ.
კონკურსის ყველაზე დაძაბული ეტაპი იწყება და საუკეთესოები ეჯიბრებით ერთმანეთს. რას გვეტყვი შენს კონკურენტებზე?
ჩემი ყველა კონკურენტი სტანდარტულად აკეთებს და კლასიკურ რეცეპტებს იყენებენ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართულ სამზარეულოს, მაგრამ სულ გადმოღებული რეცეპტებით მომზადება არ მგონია საინტერესო. მართალია, მეც მოვამზადე ტრადიციული კერძი, შქმერული, მაგრამ ჟიურიმაც არნიშნა, რომ ის არ იყო შქმერული, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული რეცეპტით მოვამზადე და რაც მთავარია, ის რეცეპტი თავად მოვიგონე.


რისთვის მოხვედი „მასტერშეფში“?


პირველ რიგში, გამარჯვებისთვის, რადგან რაღაცას რომ იწყებ, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მე ამით სიამოვნებას ვიღებ. მიყვარს საჭმლის კეთება და ყველაზე ბედნიერად თავს სამზარეულოში ვგრძნობ. ამასთანავე, მინდა ყველას ვაჩვენო, რომ მოყვარულ მზარეულსაც კი, რომელიც მხოლოდ სახლში ამზადებს, ძალიან მაღალი დონის კერძების მომზადება შეუძლია.
 

მასალის გამოყენების პირობები
3 ივნისი, 2019 10:47 a.m.
ნანახია: 144