„მასტერშეფის“ აღმოჩენა - 19 წლის ია ძაგანია „თუ რამე არ გამომდის, არ ვნებდები და საქმე ბოლომდე მიმყავს“
„მასტერშეფის“ აღმოჩენა - 19 წლის ია ძაგანია „თუ რამე არ გამომდის, არ ვნებდები და საქმე ბოლომდე მიმყავს“

 

მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს ქართულმა ანალოგმა „მასტერშეფმა“ სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და ინტერესების ადამიანები გააერთიანა.
ია ძაგანია კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეა. იგი 19 წლისაა, პირველივე ტურში დაიმსახურა „მასტერშეფის“ აღმოჩენის ტიტული და ტოპ ათეულში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ იამ მეგობრებთან ერთად სტარტაპი „ამოჭამე“ წამოიწყო, რომელიც გურმანებს წიწაკისა და ხახვის მურაბებს სთავაზობს.


ია ძაგანია „მასტერშეფის“, კულინარიისა და თავისი საფირმო წიწაკის მურაბის შესახებ  გვესაუბრა.

რას საქმიანობ და კულინარიისადმი ინტერესი როდის გაგიჩნდა?


ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ, თეატრალურ უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას და გატაცებული ვარ კულინარიით.
კულინარია ბავშვობიდან მაინტერესებს. ბოლო წლების განმავლობაში თვითგანათლებას მივყავი ხელი. ყოველდღე ვკითხულობ რეცეპტებს სხვადსხვა საიტზე, ვიდეოებს ვუყურებ… ყოველთვის მინდოდა, კულინარიაში რამე გამეკეთებინა და წიწაკის მურაბის წარმოებით დავიწყე. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ნაბიჯი კულინარიაში.

 

საიდან გაჩნდა წიწაკის მურაბის იდეა?


მე და ჩემს მეგობრებს უცხოური ჯიშის წიწაკა გვქონდა, რომლის შენახვა გვინდოდა, მაგრამ ვერ ვწყვეტდით, რა ფორმით შეგვენახა. ბევრი ფიქრის შემდეგ მურაბა მოვხარშეთ. მისი გემო ისე მოგვეწონა, რომ აჯიკის ფესტივალზე წარმოვადგინეთ. ვინც გასინჯა, ყველას ძალიან მოეწონა, ამიტომ ჩემს ორ მეგობართან ერთად წიწაკის მურაბის წარმოება დავიწყე. ერთ-ერთი მათგანი თინაა, რომელიც ასევე „მასტერშეფის“ მონაწილეა. აქ მოსვლა ერთად გადავწყვიტეთ და საბედნიეროდ, ჯერ ორივე შოუში ვართ.

 

შოუში ერთმანეთის კონკურენტები ხართ?


ჯერჯერობით, არა. პირველ რიგში, მეგობრები ვართ და მომავალში რესტორნის გახსნასაც ერთად ვაპირებთ, სადაც ჩემი საკუთარი მენიუც იქნება წარმოდგენილი.

 

 

ფსიქოლოგია, თეატრალური სფერო და კულინარია - როგორ უკავშირდება ეს სამი სფერო შენს პიროვნებას?

ვფიქრობ, ამ სამიდან ფსიქოლოგია მესამე ადგილას დგას, რადგან ყველაზე მეტად თეატრალური სფერო და კულინარია მაინტერესებს. რაღაც მხრივ, ესენი კვეთს კიდეც ერთმანეთს, რადგან ორივე სფერო გაძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი გამოხატო.

 

პირველივე ტურიდან მოხიბლე ჟიური და მაყურებელი. რას გრძნობდი, როცა პირველად წარადგინე შენი კერძი?


ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ტრადიციული კერძი არ მქონდა. ჩემი გემოვნებით, ჩემი შერჩეული ინგრედიენტების კომბინაციით გავაკეთე და არ ვიცოდი, ჟიურის მოეწონებოდა თუ არა. რომ გასინჯეს კერძი, ვერ მივხვდი, რა შთაბეჭდილება დარჩათ, შენიშვნებიც მითხრეს, მაგრამ საბოლოოდ თქვეს, რომ მოეწონათ და ძალიან გამიხარდა. ამის მიუხედავად, არ ველოდი, თუ ტოპ ათეულში მოვხვდებოდი, რადგან ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან.

 

 

საუკეთესო ათეული შეგარჩიეს. შენი აზრით, სხვებთან შედარებით რა უპირატესობა გაქვს?


სხვებს არ შევედარები, მაგრამ, ზოგადად, კულინარიაში ჩემს უპირატესობად სითამამე და გამბედაობა მიმაჩნია. არ მეშინია თამამი გადაწყვეტილებების მიღების. ძალიან მაინტერესებს ეს სფერო და თუ რამე არ გამომდის, არ ვნებდები და საქმე ბოლომდე მიმყავს.
ვფიქრობ, ზურგს მიმაგრებს ის ცოდნა, რასაც ინტერნეტში ვეძებ, ამას ემატება ჩემი ფანტაზია, ექსპერიმენტებისადმი სიყვარული და ბოლოს გამოდის ის, რაც გამოდის.

 

„მასტერშეფში“ გამარჯვებისთვის მოხვედი?
გამარჯვება, რა თქმა უნდა, გამიხარდება და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, მაგრამ ის გამოცდილება, რასაც ეს კონკურსი მაძლევს, არანაკლებ მნიშვნელოვანია.
 

მასალის გამოყენების პირობები
7 ივნისი, 2019 11:31 a.m.
ნანახია: 152