იცით, რატომ აქვს კონსერვის ქილას ასეთი თავსახური? - მეცნიერების თავსატეხი, რომლის ამოხსნას წლები დასჭირდა - Gemrielia.ge

იცით, რატომ აქვს კონსერვის ქილას ასეთი თავსახური? - მეცნიერების თავსატეხი, რომლის ამოხსნას წლები დასჭირდა

თითქმის ორი საუკუნის წინ ფრანგმა მზარეულმა ფრანსუა აპერმა ამოხსნა საკვები პროდუქტების დაკონსერვების საიდუმლო.

ამ აღმოჩენას, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა, წინ უსწრებდა სამეცნიერო კვლევების მთელი სერია. კვლევებში ჩართული იყო მრავალი მეცნიერი. ისინი დაინტერესებული იყვნენ საკვებ პროდუქტებში მიკრობების წარმოშობის საკითხით. დისკუსიის პროცესში იბადებოდა სხვადასხვა ჰიპოთეზა. ფრანგი ნატურალისტი ბუფონი ამტკიცებდა, რომ მიკრობები წარმოიშვება მკვდარ ნივთიერებაში. ამავე აზრის იყო ირლანდიელი მკვლევარი ნიდგემი. ამის დასამტკიცებლად მან მინის ბოთლში ჩაასხა ცოტაოდენი ცხვრის ხორცის საწებელი, გაუკეთა საცობი და მოადუღა. დუღილის დროს მიკრობები იხოცებოდა, მაგრამ ამავე დროს ბოთლში ჩნდებოდა ახალი მიკროორგანიზმები, რადგან საცობი ვერ უზრუნველყოფდა ბოთლის სრულ ჰერმეტიზაციას. ნიდგემის აზრით, ცხვრის საწებელი თვითონ აჩენდა მიკრობებს. იტალიელმა სწავლულმა სპალანცანიმ უარჰყო ნიდგემის აზრი - ''არაფრიდან არაფერი წარმოიქმნებაო! " მისი აზრით, მიკრობები იბადებოდა მსგავსი მიკრობებიდან. მან გაიმეორა ნიდგემის ცდა, მაგრამ ბოთლს მყარად გაუკეთა საცობი. შედეგმა არ დააყოვნა - მიკრობები აღარ გაჩენილა.

ამ ცდების შესახებ შეიტყო ფრანგმა მზარეულმა აპერმა და დაინტერესდა იმ მიკრობებით, რომლებმაც მას არაერთხელ მიაყენეს უსიამოვნება. ადამიანი, რომელიც შორს იყო მეცნიერებისგან, თავისით მიხვდა, რა დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა მეცნიერების ექსპერიმენტებზე დაყრდნობით. მან თუნუქისა და მინის ქილები აავსო ბულიონით, კენკრითა, მურაბით, შემწვარი ხორცითა და მჭიდროდ დაახურა საფარებელი, რის შემდეგაც დიდი ხანი ადუღა წყალში. 8 თვის შემდეგ, როდესაც აპერმა ქილები გახსნა, ყველა პროდუქტი საკვებად ვარგისიანი აღმოჩნდა. ეს იყო უდიდესი აღმოჩენა. იმ პერიოდში ნაპოლეონი აწარმოებდა ხანგრძლივ ომებს. ფრანგულ არმიას მუდმივად ჰქონდა პროდუქტების ხანგრძლივი დროით შენახვის პრობლემა, კონსერვები კი ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იყო. აპერმა ამ გამოგონებისთვის საფრანგეთის მთავრობისგან მიიღო პრემია კაცობრიობის წინაშე სასარგებლო საქმიანობისათვის.

სიტყვა კონსერვი წარმოიშვა ლათინური "კონსერვარედან", რაც შენახვას ნიშნავს. ყოფილა შემთხვევა, როცა ათეული წლების შემდეგ გახსნილი კონსერვის ქილებში სრულიად ვარგისი პრიოდუქტი აღმოჩენილა. ერთმა ინგლისელმა ვახშმად მოიწვია ქიმიკოსები მსხვილი ინგლისური ფირმებიდან. ვახშმად შესთავაზა დაკონსერვებული და სპეციალურ მაცივრში შენახული ოთხი კერძი. პირველი - ეს იყო 1900 წელს დამზადებული პაშტეტი, მეორე - 1849 წლით დათარიღებული შემწვარი ცხვრის ფეხი, მესამე - 1823 წელს მომზადებული პუდინგი და ბოლოს, ჩაროზად, ყველაზე ახალი პროდუქტი - 1915 წელს მომზადებული შოკოლადი. 1857 წელს ლონდონის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა აპერის 1813 წლით დათარიღებული კონსერვები. პროფესორ რეისლერის წიგნში მოთხრობილია, რომ 1815 წელს დამზადებული კონსერვების ნაწილი ლეინტენანტ კოცებუს საზღვაო ექსპედიციის დროს დატოვეს ყინულებში. 90 წლის შემდეგ ისინი იპოვნეს და აღმოჩნდა, რომ სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო მათი კვებითი ღირებულება.

მართალია, კონსერვები აადვილებს ადამიანს შრომას, მაგრამ აქვს თავისი უარყოფითი მხარეც. უპირველესყოვლისა, აქვეითებს პროდუქტების ხარისხსა და მათ სასარგებლო თვისებებს. კერძოდ, მაღალ ტემპერატურაზე იშლება ვიტამინები, მცირდება არომატული თვისებები, ნაზი ფაქტურის ხილი, ბოსტნეული და კენკრა კარგავს ფორმას. თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას და ყველა წესის დაცვით ქარხნულ პირობებში მომზადებული კონსერვი სრულიად უსაფრთხოა ადამიანს ჯანმრთელობისათვის. შინაურ პირობებში კი გვამართებს მეტი ყურადღება და სიფრთხილე რათა თავიდან ავიცილოთ ბოტულიზმის საფრთხე.