ჟურნალისტი გიორგი მანჯავიძე „მასტერშეფში“: ვცდილობ, თავი არ შევიზღუდო კონკურენტებზე ნერვიულობით და იმაზე ფიქრით, რომ ვინმეს უნდა ვაჯობო“ - Gemrielia.ge

ჟურნალისტი გიორგი მანჯავიძე „მასტერშეფში“: ვცდილობ, თავი არ შევიზღუდო კონკურენტებზე ნერვიულობით და იმაზე ფიქრით, რომ ვინმეს უნდა ვაჯობო“

 

კულინარიულ შოუ „მასტერშეფში“ ტემპერატურა იმატებს. გასულ შაბათს შოუ გიორგი ჯაჭვლიანმა დატოვა და ქვეყნის ნომერ პირველი მასტერშეფის ტიტულისთვის ბრძოლას 9 კონკურსანტი აგრძელებს. მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი მანჯავიძე, რომლის კერძმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა და სამ საუკეთესოს შორის დასახელდა.
როგორ ეხმარება „მასტერშეფში“ თავისი ჟურნალისტური გამოცდილება, რა დაუტოვა დიდმა ბებიამ და „გადაიწერა“ თუ არა შაინინასგან - ამის შესახებ გიორგი მანჯავიძე გვესაუბრა.


რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში კულინარიას?


კულინარია ჩემთვის ხელოვნებაა. კერძს რომ ამზადებ, იმით შენ თავს გამოხატავ და რაღაც სათქმელს ამბობ. სტრესი და დაძაბულობა ჩემი პროფესიის განუყოფელი ნაწილია, სამზარეულო კი ის ადგილია, სადაც ვისვენებ და განტვირთვას ვახერხებ. ჩემი მეგობრებისთვის რომ ვამზადებდი ხოლმე, სულ მეუბნებოდნენ, მხოლოდ სახლის სამზარეულოთი არ დავკმაყოფილებულიყავი. ასევე, ხშირად ვუყურებ კულინარიულ გადაცემებს და სულ ვოცნებობდი, რომ რამე მსგავსში მეც მიმეღო მონაწილეობა.

 


გახსოვს, პირველი კერძი, რომელიც დამოუკიდებლად მოამზადე?


ჩემი მეუღლისთვის გავაკეთე ტოსტი ერბო კვერცხით და მოეწონა. საერთოდ, მეუღლე და შვილები არიან ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსები და სულ მეუბნებიან, რა მოეწონათ ან არ მოეწონათ.

 


გადაცემაში აღნიშნე, ასე ცხოვრებაში არ მინერვიულიაო...


რაც „მასტერშეფში“ მოვედი, სულ ვნერვიულობ. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიიდან გამომდინარე ხშირად ვყოფილვარ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში, კონფლიქტებსა და სამხედრო თემებსაც ხშირად ვაშუქებდი, ასეთი ადრენალინი არსად არ მიგრძნია. ვხვდები, რომ ამ კონკურსში ემოციებს ვერ ვაკონტროლებ. თავში ყველაფერი მერევა, მეშინია, არაფერი დამაკლდეს... მოკლედ, ძალიან რთული ყოფილა მზარეულობა. ამის მიუხედავად, წამითაც არ ვნანობ, რომ „მასტერშეფის“ მონაწილე ვარ და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, ასეთი კონკურენციის პირობებში 9 საუკეთესო კონკურსანტს შორის ვარ. ყოველი ტურის შემდეგ რაღაც ახალს ვსწავლობ და სადამდეც არ უნდა მივიდე, ყველა შემთხვევაში კმაყოფილი ვიქნები.

 

 


შაბათის გადაცემის პირველ ნაწილში შენი და შაინინას კერძები ერთმანეთს დაემთხვა. შაინინა ფიქრობს, რომ მისგან „გადაიწერე“...


ინგრედიენტები რომ დავინახე, სამი იდეა გამიჩნდა: ატრია, მეგრული კვერები და მესამე ვარიანტად განვიხილავდი ხინკალს. თან მეშინოდა, რადგან ხინკალს რომ არქმევ რაღაც კერძს, უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. მაინც გადავწყვიტე მისი მომზადება და შაინინა არაფერ შუაში არ იყო. რომ დავინახე, ისიც ხინკალს აკეთებდა, გული დამწყდა და ვიფიქრე, სხვა რამის გაკეთება ხომ არ ჯობდა-მეთქი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და საუკეთესო კერძებს შორის მოხვდა ჩემი პიტნიანი ნადუღის ხინკლები.

 


ქართული კერძის ტურში ბადრიჯნის მომზადება რატომ გადაწყვიტე?


დიდი ბებია მყავდა სამეგრელოდან, კიკი ერქვა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მახსოვს მისი კულინარიული შემოქმედება. როცა გვითხრეს, რომ ქართული კერძი უნდა მოგვემზადებინა, მაშინვე ბებოს რეცეპტი გამახსენდა - ბადრიჯანი ხარჩოს სუნელით და მისივე როდინი გამოვიყენე. ვცადე, ძველი გემოები გამეხსენებინა და მიმემსგავსებინა ბებიის რეცეპტისთვის. რა თქმა უნდა, რაღაცები დამაკლდა და ჩემი დიდი ბებია ცოცხალი რომ იყოს, ქოქოლას დამაყრიდა, მაგრამ მე მაქსიმალურად ვეცადე.

 

 


ყველაზე საშიშ კონკურენტად ვის მიიჩნევ?


მართლა ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან და გამიჭირდება რომელიმეს გამოყოფა. მაკა ყოველთვის სტაბილურად ძლიერია, თინა არაორდნარულია, თათია ძალიან მებრძოლია... შიშით არავის არ მეშინია. არა იმიტომ, რომ მე ძალიან მაგარი ვარ, უბრალოდ, ვცდილობ, თავი არ შევიზღუდო კონკურენტებზე ნერვიულობით და იმაზე ფიქრით, რომ ვინმეს უნდა ვაჯობო. უბრალოდ, ვცდილობ, ისეთი კერძი გავაკეთო, რომ ჟიურის მოეწონოს და ურნაში არ აღმოჩნდეს. ბოლოს და ბოლოს ადამიანებმა საუკეთესოებს შორის გამოგარჩიეს, გენდნენ, ხალხი გიყურებს - ეს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

 


„მასტერშეფში“ მოსვლის შემდეგ რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?


„მასტერშეფის“ შესარჩევი ტურის შემდეგ ჩემს მეგობართან ერთად სწრაფი კვების ობიექტი გავხსენი. ნელი ნაბიჯებით, მაგრამ წარმატებულად მივდივართ წინ.


რაც მთავარია, თითოეული ეტაპის გადალახვის შემდეგ უფრო თავდაჯერებული ვხდები. ერთია, როცა შენი მეგობრებისთვის ამზადებ და სულ სხვაა, როცა პროფესიონალი ჟიური გაფასებს. აღმოვაჩინე, რომ იმაზე ბევრად მეტი შემიძლია, ვიდრე მეგონა. ახლა მთავარია, მე როგორ წარვმართავ ჩემს უნარებს. ამ სფეროში არანაირი განათლება და გამოცდილება არ მაქვს, ჩემი პირის გემოსა და ფანტაზიის იმედად ვარ.