დესერტების დედოფალი, თათია თექთურმანიძე: „ნებისმიერ ქვეყანაში ვაპირებდი წასვლას, ოღონდ „მასტერშეფში“ მიმეღო მონაწილეობა“ - Gemrielia.ge

დესერტების დედოფალი, თათია თექთურმანიძე: „ნებისმიერ ქვეყანაში ვაპირებდი წასვლას, ოღონდ „მასტერშეფში“ მიმეღო მონაწილეობა“

 

პროფესიით იურისტი, არაერთი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული თათია თექთურმანიძე  „მასტერშეფის“ უმკაცრესმა ჟიურიმ გასულ შაბათს ათი კონკურსანტისგან გამოარჩია და იმუნიტეტი მიანიჭა. თათიას გამარჯვება კვლავ დესერტმა მოუტანა. ამის გამო თათია სხვა კონკურსანტებმა გააკრიტიკეს.


რას ფიქრობს თათია თავის კონკურენტებზე და რატომ გადაწყვიტა „სახლის მზარეულმა“ „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება, წაიკითხეთ ინტერვიუში.

 

რა არის შენთვის კულინარია?


ჩემთვის კულინარია არის საკუთარი თავის გამოხატვა თეფშზე. ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს თავის თავს: ზოგი ნახატით, ზოგი მელოდიით, მე კი კულინარიაში გამოვხატავ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს. ჩემს ოჯახში ყველა გატაცებულია კულინარიით, მამას განსაკუთრებით კარგად გამოსდის კეთება, შესაბამისად, ბავშვობიდანვე ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ ჩემი და და მშობლები და მეც ვერთვებოდი ამ პროცესში. 20–21 წლის ასაკში კი დესერტის მომზადებამ გამიტაცა და მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რომელიც ძალიან მომწონდა.

 


დესერტის მომზადება უფრო რთულია, თუ კერძის?


დესერტის, რა თქმა უნდა, რადგან გაცილებით მეტ სიზუსტეს მოითხოვს, ვიდრე სხვა კერძი. ამიტომ არის, რომ დესერტს არასოდეს არ ვამზადებ რეცეპტის გარეშე და მაქსიმუმ, პროპორციებში შევცვალო რამე.


გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ „სულ დესერტებს ამზადებ“...


შესარჩევ ტურში სრული თავისუფლება გვქონდა. რაც გვსურდა, ის უნდა გაგვეკეთებინა. რადგან ძალიან მიყვარს დესერტები, მისი მომზადება გადავწყვიტე. მეორე ტურში კვერცხისგან მოვამზადე კერძი, მაგრამ გადაცემაში რომ არ იყო სრულად ნაჩვენები, ხალხმა იფიქრა, რომ მხოლოდ დესერტების კეთება შემიძლია. მართალია, შემდეგ ეტაპზე შუები მოვამზადე, მაგრამ ისინი არც ტკბილი იყო და არც ტრადიციული კრემის შიგთავსი ჰქონდა,. კარამელიზირებულმა ბეკონმა სულ სხვა გემო მისცა.
ვფიქრობ, ერთადერთი მონაწილე ვარ, ვისაც საკონდიტრო სფერო ეხერხება, რადგან ჯერ ვერცერთმა ვერ გაბედა დესერტის გაკეთება. აქედან გამომდინარე, იმიტომ აკეთებენ ჩემს დესერტებზე აქცენტს, რომ თვითონ ვერ არიან ამ სფეროში ძლიერები. მინდა ყველას ვუთხრა, რომ საჭმლის კეთებაც ძალიან კარგად შემიძლია და ამას აუცილებლად ნახავთ.


შენს კონკურენტებზე რას ფიქრობ, ყველაზე ძლიერად ვის აღიქვამ?


ჩემი კონკურენტები არ არიან ჩვეულებრივი, „სახლის მზარეულები“. რამდენიმე მათგანს კულინარიის აკადემია აქვს დამთავრებული, წლებია ამას აკეთებენ, ასობით ექსპერიმენტს ატარებენ… მათ ფონზე, რა თქმა უნდა, ჩემსა და მათ შორის კონტრასტს დაინახავს მაყურებელი.
ყველაზე ძლიერ კონკურენტებად თინა და ია მიმაჩნია, მაგრამ მე რომ იმდენი ცოდნა და გამოცდილება მქონდეს, რამდენიც მათ აქვთ, დარწმუნებული ვარ, ორივეს ვაჯობებდი.

 


რატომ გადაწყვიტე „სახლის მზარეულმა“ ასეთ სერიოზულ კონკურსში მოსვლა?


ძალიან უცნაური რამ მოხდა. შესარჩევ ტურამდე 5 თვით ადრე ამერიკულ „მასტერშეფს“ ვუყურებდი, იმდენად შეპყრობილი ვიყავი ამით, რომ დღეში 4-5 ეპიზოდს ვნახულობდი. მეტსაც გეტყვით, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ამერიკის ვიზას ავიღებდი და მასტერშეფში მივიღებდი მონაწილეობას. თუ ვიზას არ მომცემდნენ, უკრაინის მასტერშეფში მივდიოდი. ანკეტაც კი გავაგზავნე, იმდენად სერიოზულად მქონდა გადაწყვეტილი. ამ ამბებში ვარ და ჩემი მამიდაშვილი მიგზავნის ფეისბუქზე დადებულ რეკლამას, სადაც წერია, რომ მასტერშეფი იწყება საქართველოში. ეს იყო შოკი. მივხვდი, რომ ჩემი ბედი იყო და ამიტომ უფრო გადავწყვიტე მონაწილოების მიღება, თორემ მაშინ კარგ კომპანიაში, კარგ თანამდებობაზე ვმუშაობდი. კონკურსის გამო იქიდან წამოსვლა მომიწია, მაგრამ წამითაც არ ვნანობ. თანაც კულინარია ისეთი სფეროა, რომ, ვფიქრობ, სანამ სურვილი მექნება, მოდელობასაც ადვილად შევუთავზებ.

 

Image result for თათია თექთურმანიძე


ადარებ ხოლმე ერთმანეთს სილამაზის კონკურსსა და კულინარიულ კონკურსს?


დიახ, შემიდარებია და ვფიქრობ, „მასტერშეფი“ უფრო რთულია, რადგან სილამაზის კონკურსში შენ თავს წარმოაჩენ - ხარ ის, ვინც ხარ, ვერაფერს ვერ შეცვლი. აქ კი გაცილებით მეტი რამის გაკეთება გიწევს.
თანაც სილამაზის კონკურსში მხოლოდ ვიზუალურად გაფასებენ, კულინარიულ შეჯიბრში კი - ვიზუალსაც, გემოსაც, მომზადების ტექნიკასაც… იმდენი კომპონენტია, რომ ძალიან საპასუხისმგებლოა და გაცილებით რთულია, ვიდრე სილამაზის კონკურსი.


როგორც აღნიშნე, დესერტები გიყვარს. ტკბილი არ გასუქებს, თუ იდეალურ ფორმას როგორ ინარჩუნებ?


ძალიან მასუქებს! ხორცი არ მასუქებს ისე, როგორც ტკბილეული. მგონია, ტორტს რომ შევხედო, ისიც კი აისახება ჩემს სხეულზე. რეჟიმი მაქვს შემუშავებული. როდესაც დესერტს ვამზადებ, აუცილებლად ვსინჯავ მთელი პროცესის განმავლობაში ყველა ინგრედიენტს, თვითონ დესერტსაც ნებისმიერ ეტაპზე. ამის შემდეგ კი ერთდღიან განტვირთვას ვიწყობ და მთელი დღე მაწონს ან რამე სხვა დაბალკალორიულს ვჭამ. ასე რომ, ერთ დღეს ჩადენილ ცოდვებს, მეორე დღეს ვინანიებ. ასე რომ არ ვაკეთებდე, წარმოდგენა არ მინდა, რა ფორმაში ვიქნებოდი.


„მასტერშეფის“ შემდეგ რა გეგმები გაქვს?

 


პირველ რიგში, მინდა ამ სფეროში იმაზე მეტი გავიგო, ვიდრე ვიცი. მომავლისთვის კი ვოცნებობ, საკუთარი კულინარიული რეცეპტების წიგნი გამოვუშვა, რომელშიც ჩემ მიერ შექმნილი და გადაკეთებული რეცეპტები შევა.