„მასტერშეფის“ გამორჩეული კონკურსანტი - თინა ვაშაკიძე: „მე და ია ერთმანეთის დანდობას არ ვაპირებთ“ - Gemrielia.ge

„მასტერშეფის“ გამორჩეული კონკურსანტი - თინა ვაშაკიძე: „მე და ია ერთმანეთის დანდობას არ ვაპირებთ“

 

კულინარიულ შოუ „მასტერშეფში“ დაძაბულობა იმატებს და ყოველ შაბათს ერთი კონკურსანტი ეთიშება პროექტს. 
გასულ შაბათს „მასტერშეფის“ ყველაზე პატარა მონაწილემ, ია ძაგანიამ იმუნიტეტი მოიპოვა, რომელიც თავის მეგობარს, თინა ვაშაკიძეს გაუზიარა. გოგოები „მასტერშეფში“ ერთად მოვიდნენ, ერთმანეთს გულშემატკივრობენ და მალე რესტორნის გახსნასაც ერთად აპირებენ, მაგრამ კონკურსს ერთი გამარჯვებული უნდა ჰყავდეს!


რას ფიქრობს შოუს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურსანტი კონკურენტებზე და როგორია მისი გასტრონომიული ფილოსოფია - ამის შესახებ თინა ვაშაკიძე გვესაუბრა.


როდის დაინტერესდი კულინარიით?


განათლებით ფსიქოლოგი ვარ, 10 წელი ბიზნესსექტორში ვიმუშავე. კულინარია ყოველთვის მიტაცებდა და ხშირად ვამზადებდი, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტერესი გამიძლიერდა და გადავწყვიტე, პროფესიულად ჩავრთულიყავი ამ სფეროში. ასე რომ, 35 წლის ასაკში შევიცვალე პროფესია და კულინარიის აკადემიაში მცირე კურსი გავიარე, მაგრამ პროფესიონალურ სამზარეულოში არასოდეს მიმუშავია.


ოჯახი როგორ შეხვდა პროფესიის შეცვლას?


საკმაოდ მტკივნეულად შეხვდნენ, რადგან ეს პროფესია ძალიან ბევრ დროს მოითხოვს, შესაბამისად, ჩემ შვილებს ყურადღება მოაკლდათ. ჯერ კიდევ არ მიყურებენ სერიოზულად, როგორც მზარეულს. ისეთი კრიტიკულები არიან, რომ ჟიური მოგონილია მაგათთან. იმედი მაქვს, მალე ჩემით იამაყებენ.


„მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება რატომ გადაწყვიტე?


ეს იყო პროექტი, რომელსაც წლების განმავლობაში ვუყურებდი, მაგრამ მონაწილეობის მიღებაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. ქართულ „მასტერშეფში“ მონაწილეობის სურვილი თავიდან იამ გამოთქვა, მერე მეც შემომთავაზა: ხომ არ ცდიდიო. იმასაც კი არ ველოდი, რომ წინსაფარს დავიმსახურებდი, მაგრამ ჟიურის ჩემი კერძი მოეწონა და ათეულშიც მოვხვდი. შესარჩევი ტურის შემდეგ მივხვდი, რომ მეტი უნდა გამეკეთებინა  და აუცილებლად  მომენდომებინა, რომ გულშემატკივრებისთვის იმედი არ გამეცრუებინა.

 


შენ და იამ როგორ დამეგობრდით?

 

Image may contain: 2 people, people smiling, people standing


ერთმანეთი კულინარიის აკადემიაში გავიცანით. მიუხედავად ასაკში დიდი სხვაობისა, საერთო ვნება აღმოგვაჩნდა გასტრონომიისადმი. ერთად დავიწყეთ რაღაცების კეთება, ექსპერიმენტების ჩატარება, რაც შემდეგ ერთობლივ თანამშრომლობაში გადაიზარდა. ჯერ სტარტაპი „ამოჭამე“ წამოვიწყეთ, ახლო მომავალში კი რესტორნის გახსნასაც ვაპირებთ.
ჩვენ კულინარიას როგორც მეცნიერებას, ისე ვუყურებთ. ვცდილობთ ბოლომდე შევისწავლოთ ის ინგრედიენტი, რასაც ვიყენებთ, სხვადასხვა ტექნიკით დავამუშაოთ... ყველა კერძი რაღაც ემოციას, განწყობას გამოხატავს.


შენთვის ყველაზე საყვარელი ინგრედიენტი რომელია?


წიწაკა. ხშირად ვიყენებ და ჯერჯერობით, ვერაფერმა გადაფარა ჩემი მისდამი სიყვარული. ზოგადად, მომწონს, როდესაც კერძებში ინგრედიენტის გემო ხაზგასმით იგრძნობა. იმ ინგრედიენტს, რომელსაც იყენებ, პატივისცემით უნდა მოექცე და მისი გემო არ უნდა დაკარგო. 


საყვარელ კერძზე რას გვეტყვი?


ყველაზე მეტად პური მიყვარს. ჩემთვის პური ცალკე კერძია. მისი ცხობაც, სუნიც, გემოც ძალიან მიყვარს. უამრავი ვარიაციით გამიკეთებია, მაგრამ ნამდვილი, მხოლოდ ხორბალზე, წყალსა და მარილზე დამზადებული პური ყველაფერს მირჩევნია, შემიძლია, მთელი დღე ვჭამო.

 


კონკურსის გამორჩეული მონაწილე და ბევრისთვის საშიში კონკურენტი ხარ. როგორ ფიქრობ, რატომ?


ბევრს ვშრომობ, თავდაჯერებული ვარ, არ ვერიდები ექსპერიმენტებს, სტრატეგიულად სწორად შემიძლია კერძის შერჩევა. ხშირად დავდივარ რეგიონებში, სულ ვსინჯავ ახალ კერძებს, შესაბამისად, ცოდნას ვაგროვებ ამ სფეროში. სიახლეების ძიება ყველაზე საინტერესო პროცესია და მუდმივად ვცდილობ, რაღაც ახალი აღმოვაჩინო. 


შენი ყველა კერძი ექსპერიმენტია. რა გაძლევს სითამამეს?


როგორც წესი, რაღაცას რომ იწყებ, თავიდან უნდა დაიწყო, დიდი დრო დაუთმო, გამოცდილება უნდა დააგროვო, რომ რაღაცას მიაღწიო. მე მივხვდი, რომ ამ ასაკში პროფესიის შეცვლა იმდენად რთულია, რომ თავიდან ვერა, რაღაც უფრო მაღალი საფეხურიდან უნდა დამეწყო. ბევრი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ ამ ექსპერიმენტებემდე მივსულიყავი. სახლში სამ-ოთხ რაღაცას ვაკეთებდი ხოლმე, რომ ეს სითამამე გამომემუშავებინა. იმდენი ახალი გემოა აღმოსაჩენი, რომ ვერ ვხვდები, რეცეპტით რატომ უნდა მოამზადო რაღაც, როცა შეგიძლია, შენი რეცეპტი შექმნა.


შენსა და იას შორის რამდენად მაღალია კონკურენციის ხარისხი? გიფიქრია, რა მოხდება, თუკი თქვენ ორი დარჩებით ფინალში?

 

Image may contain: 3 people, people smiling, people standing


ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ. მე ძალიან გამიხარდება იას გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, რომ მასაც გაუხარდება ჩემი გამარჯვება. სანამ შევძლებთ, ვაპირებთ ერთმანეთის „გატანას“ მაგრამ, რა თქმა უნდა, ფინალზეც მიფიქრია, ია ძლიერი კონკურსანტია, მაგრამ ეს შეჯიბრია და ერთმანეთის დანდობას არ ვაპირებთ. კონკურსგარეთაც, მე და ია ყოველთვის ვეჯიბრებით ერთმანეთს, რომ საბოლოოდ რაღაც კარგი შევქმნათ. ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის ბადებს ახალ იდეებს. ია ახალგაზრდაა, განსაკუთრებული ხედვა აქვს, მე - ჩემი გამოცდილება და ასე ვაბალანსებთ ერთმანეთს.


„მასტერშეფის“ მონაწილეები ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონკურსანტად გასახელებენ. შენ თუ მიიჩნევ შენ თავს ძლიერად და რას ფიქრობ კონკურენტებზე?


ნამდვილად ვფიქრობ, რომ ძლიერი ვარ, საკუთარ თავზე მუშაობა შემიძლია, არასოდეს არ ვნებდები... რაც შეეხება სხვა კონკურსანტებს, ყველას ვაკვირდები, ზოგი მომწონს, ზოგი - ნაკლებად. ყველას აქვს ძლიერი მხარე. მაგალითად, ვლადიმერის სერვირების სტილი ძალიან მომწონს, მაკას ყოველთვის დაბალანსებული და საინტერესო კერძები აქვს, მანჯი ძალიან გემრიელად ამზადებს...

 


კონკურსის განმავლობაში რომელიმეს კერძზე გიფიქრია, ნეტავ, ეს ჩემი იყოსო?


იას კორკოტის წვნიანზე, რომელმაც მართლა აღმაფრთოვანა. ვფიქრობ, ეს წვნიანი აღმოჩენაა არამხოლოდ ამ კონკურსში, არამედ , მთლიანად ქართულ კულინარიაში და ჩვენი რესტორნის მენიუში აუცილებლად იქნება ეს კერძი.


შენსა და იას რესტორანზე რას გვეტყვი?


რესტორანს „ისტორია“ ერქმევა, რადგან ისტორიულ შენობაში, ძველ ღვინის მარანში ვხსნით, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის. გვინდა ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს გავუსვათ ხაზი. ეს იქნება ჩვენი თვალით დანახული ქართული სამზარეულო, რომელიც ქართულ ხასიათსა და ტრადიციულ ინგრედიენტებს წამოწევს წილა პლანზე. გვინდა, მივიწყებული გემოები ახლებურად წარმოვაჩინოთ. ექსპერიმენტების ჩატარებას გავაგრძელებთ და რესტორნის მენიუც ხშირად შეიცვლება.