ყველაზე გემრიელი და ამავდროულად დიეტური ნაყინი - რას სთავაზობს „პალომა“ მომხმარებელს
ნაყინის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია, თუმცა ნაყინის მირთმევისგან ბევრი იკავებს თავს მისი მაღალკალრიულობის გამო. სპეციალურად მათთვის ნაყინის მწარმოებელმა ბრენდმა „პალომამ“ დიეტური ნაყინი შექმნა შაქრისა და ცხიმის გარეშე. ბრენდი იმითაც არის გამორჩეული, რომ ჭიქებში ტრადიციული ვანილისა და შოკოლადის ნაყინის პარალელურად, სხვა არატრადიციულ სახეობებსაც აწარმოებს.
როგორც საწარმოს დირექტორი ვასილ ძოწენიძე განმარტავს, სიგრილის ნაზი, სასიამოვნო არომატი, რომელსაც "პალომას" პროდუქციის დაგემოვნებისას შეიგრძნობთ, წარმოებაში ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით მიიღწევა. „პალომა“ „ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2005 წელს შეიქმნა და დღეს მომხმარებელს 30-მდე სახეობის ნაყინს სთავაზობს.
როგორია „პალომას“ ასორტიმენტი და რით არის ის გამორჩეული ბაზარზე?
"პალომას" ასორტიმენტშია: ჭიქის ნაყინის, საოჯახო ნაყინის, პლომბირისა და რბილი ე.წ. ჩამოსასხმელი ნაყინის სხვადასხვა სახეობები. პირველ რიგში, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს ეს არის ნაყინის არატრადიციული სახეობები, როგორიცაა ყველასთვის საყვარელი იტალიური ნაყინი "სტრაჩატელა" და ფრანგული დესერტის - "კრემ ბრულეს" გემოს მქონე ნაყინი. ანალოგიური ფართო ასორტიმენტი გვაქვს დიდ, ე.წ. საოჯახო შეფუთვებში, რომლებიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მეორე წელია, ვაწარმოებთ დიეტურ ნაყინს შოკოლადისა და მარწყვის არომატით. ადგილობრივ მწარმოებლებს შორის ეს ექსკლუზივი ჩვენ გვეკუთვნის. მხოლოდ „პალომა“ სთავაზობს სამომხმარებლო ბაზარს დიეტურ, ამავდროულად, დიაბეტურ ნაყინს მარწყვისა და შოკოლადის არომატით. ეს ნაყინი არ შეიცავს შაქარსა და ცხიმს და არაჩვეულებრივი შეთავაზებაა მათთვის ვინც კალორიებს მკაცრად აკონტროლებს.
ჩვენი მთავარი უპირატესობა განსაკუთრებული და ყველასთვის საყვარელი გემოვნური თვისებებია. კომპანიაში მუდმივად ვატარებთ ბრმა დეგუსტაციებს, რომლის მეშვეობითაც გემოს და ხარისხის კონტროლი ხორციელდება.
რომელი ქვეყნის ნედლეულს იყენებთ „პალომას“ წარმოებაში?
ნაყინის საწარმოებლად საჭიროა კარაქი, რძის ფხვნილი და სხვა დანამატები. ჩვენ ყველა საჭირო ინგრედიენტს განვითარებული ქვეყნების წამყვანი მწარმოებლებისგან ვყიდულობთ. ხარისხთან მიმართებაში კომპრომისი არ გვაქვს.
რამდენად განსხვავებულია ნაყინის წარმოების თქვენეული ტექნოლოგია?
ჩვენს მთავარ ტექნოლოგს წლების განმავლობაში სხვადასხვა უცხოურ საწარმოებში უმუშავია. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რაც ჩვენი ნაყინის გემოსა და ხარისხზე აისახება კიდეც. ის და შესაბამისად წარმოების სრული პროცესი ინოვაციებსა და მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული.
მომიყევით საწარმოს შესახებ, რა სერთიფიკატების ფლობელია ის, რამდენია წარმადობა და სხვა საინტერესო დეტალები „პალომას“ შესახებ
საწარმო არის საკმაოდ მცირე, მაგრამ ხარისხზე ორიენტირებული. ეს არის ეგრეთ წოდებული ბუწიკ საწარმო, რომელიც სეზონურად მთლინად დატვირთულია. პროდუქტის დიდი ნაწილის რეალიზაციაც „ნიკორას“ მარკეტების ქსელში ხდება. „პალომას“ ნაყინი „კარფურის“ ქსელშიც იყიდება. მოთხოვნა არის მეტზე, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის წარმოება არ შეგვიძლია საწარმოს მოცულობიდან გამომდინარე. საწარმო ISO სერთიფიკატის მფლობელია.
მოთხოვნიდან გამომდინარე წარმოების გაზრდა თუ იგეგმება?
წარმოების გაზრდაზე ვფიქრობთ, მაგრამ არსებულ ტერიტორიაზე ვერ დავეტევით. ასევე გვჭირდება გადაიარაღება, რომ ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ეს შესაძლებელი გახდება.