ლუკა ნაჭყებია თავის სიმკაცრეზე: „თუ ვიღაც თეფშს გადაგიგდებს და ამას ემოციურად ვერ გაუძლებ, კულინარიაში არაფერი გესაქმება“ - Gemrielia.ge

ლუკა ნაჭყებია თავის სიმკაცრეზე: „თუ ვიღაც თეფშს გადაგიგდებს და ამას ემოციურად ვერ გაუძლებ, კულინარიაში არაფერი გესაქმება“

 

„მასტერშეფი“ მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუა, რომლის ჟიურის წევრებიც წარმატებული შეფმზარეულები არიან, დიდი სიმკაცრით გამოირჩევიან და თუ კერძი არ მოეწონათ, მას მზარეულის თვალწინ გაანადგურებენ, თეფშს ნიჟარაში ჩააგდებენ ან პირდაპირ სახეზე ააფარებენ.


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟიურის სიმკაცრით არც „მასტერშეფის“ ქართული ანალოგის ჟიური ჩამორჩება. ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში ჟიურის წევრმა, ლუკა ნაჭყებიამ კონკურსანტის კერძი ურნაშიც კი გადააგდო, რასაც მაყურებლის მხრიდან განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა.
რატომ არის ლუკა განსაკუთრებულად მკაცრი და რას ფიქრობს კონკურსანტებზე, წაიკითხეთ ინტერვიუში.

 


რა გააკეთა „მასტერშეფმა“ საქართველოში?


კულინარიაზე სპორტული ინტერესი გააჩინა. სამზარეულო აღარ აღიქმება „კუხნად“, როგორც ეს ადრე იყო. ასევე, ალბათ, პირველი შოუა საქართველოში, რომელიც ხალხთან მაქსიმალურად ინტერაქტიულია. რეალურად, მაყურებელს საშუალება ეძლევა, შოუს მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე იყოს ჩართული  გადაცემაში. თან ვუსმენთ მას, თან ვართობთ.

 


ლეგენდები დადის შენს სიმკაცრეზე. ერთ-ერთი მონაწილის კერძი ურნაშიც კი გადააგდე.


მაგ ფაქტის შემდეგ ზუსტად ვიცოდი, რომ ლანძღვა-გინებას ვერ ავცდებოდი. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ თუ ვიღაც მოვა, თეფშს გადაგიგდებს და ეს შენ ემოციურად გაგტეხავს, ამ ინდუსტრიაში არაფერი გესაქმება. რესტორანში ყოველდღე ასობით ადამიანი შემოდის, მათგან ერთი მაინც აღმოჩნდება ინტრიგანი. ხან ვიღაც გაგაკრიტიკებს, ხან ვიღაც ფეისბუკზე დაგიწერს უარყოფით შეფასებას, ზოგი ზურგსუკან დაგცინებს... კულინარია კრიტიკის ინდუსტრიაა, რადგან ძალიან სუბიექტური სფეროა და შეიძლება ამა თუ იმ კერძზე ყველა ადამიანს განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ამიტომ, თუ ვიღაც ლუკა ნაჭყებიას გადაგდებულ თეფშს ვერ გაუძლებ ემოციურად, ე.ი. კულინარიაში არაფერი გესაქმება. კულინარია ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, იყო მხოლოდ სამზარეულო, ახლა შოუბიზნესია. წარმატებული შეფი წარმატებული მუსიკოსივითაა. თუ გინდა, დიდი მზარეული იყო, უკიდეგანო სტრესისთვის უნდა იყო მზად.


კონკურსანტები როგორ ართმევენ თავს დავალებებს?


იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილეებს მსგავს სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, ძალიან კარგად ართმევენ თავს დავალებებს. კონკურსის პირველსა და მეორე ეტაპს შორის მკაფიო განსხვავებაა და რამდენიმე კონკურსანტის პროგრესიც კარგად ჩანს. კონკურსანტების ნაწილი სტაბილურად მიიწევს წინ, ნაწილი - დიდი ნახტომებით. არიან ისეთებიც, რომლებიც ვერ ამართლებენ მოლოდინებს.


როგორ დაახასიათებდი „მასტერშეფის“ კონკურსანტებს?


ვლადიმერი - ჯერჯერობით უფრო მეტს კბეჩს, ვიდრე დაღეჭვა შეუძლია.
შაინინა - ძალიან ცდილობს, ყოველ ჯერზე რთულ გზას ირჩევს, იმის ნაცვლად, რომ რამე უფრო მარტივი სცადოს.
მაკა - მასზე მახსენდება სიტყვა „თითქმის“. ძალიან სტაბილურია, ძლიერი კონკურსანტია, თითქმის იმარჯვებს, მაგრამ ბოლომდე საუკეთესო მაინც არ არის ხოლმე.
ნათია - აფეთქების მოლოდინი. ყოველ ჯერზე ველოდებით, რომ აფეთქდება და გაგვაოცებს.
ია - უკიდეგანო პოტენციალი იარების გარეშე. რა დონეზეც ეგ ახლაა, ამ ასაკში ძალიან ცოტამ მოახერხა ამის მიღწევა. ერთადერთი, რაც აკლია, შესაძლებლობების განმტკიცებაა; იმ იარების შეგრძნება, რაც საბოლოოდ ფეხზე მყარად დააყენებს.
თინა - დინჯი და დახვეწილი, მაგრამ სიდინჯემ, ემოციის გამოუხატველობამ და აგრესიის ნაკლებობამ შეიძლება უმტყუნოს კიდეც.
თათია - უშტორმო ოკეანეში ცურავს ჯერჯერობით. ამიტომ ვცდილობთ, ისეთი სტრესული სიტუაციები შევუქმნათ, რომ ვნახოთ, მართლა შეუძლია კარგად კეთება, თუ უბრალოდ უმართლებს.
გიორგი - ესენციით გურმანი, გულიანი. ადამიანი, რომელსაც ტყავში აქვს გამჯდარი კარგი გემოს შეგრძნება.

 


ყველაზე მეტად რომელმა კერძმა მოგხიბლა?


იას კორკოტის წვნიანი იყო შესანიშნავი. სტაჟიან, დიდი გამოცდილების მქონე შეფს რომ გამოსვლოდა ეგ კერძი, არ გამიკვირდებოდა. ია კი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და თან ვეგეტარიანელია. ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან, არ შეეშინდა ცხიმის, აგრესიული გემოების და შედეგად ძალიან დახვეწილი ქართული გემო მიიღო.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ია თუ არა, იასნაირი ხალხი 5 წელიწადში ყველას ჯიბეში ჩაგვიდებს და სახლებში გაგვიშვებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანას გასტრონომიულად ავითარებენ.