მაკა კვიციანი: „თათიას გაკეთებულ საჭმელს რესტორანში არ შევჭამდი“ - Gemrielia.ge

მაკა კვიციანი: „თათიას გაკეთებულ საჭმელს რესტორანში არ შევჭამდი“

 

„თითქმის პირველი“ – „მასტერშეფის“ ყველაზე მკაცრი წევრი, ლუკა ნაჭყებია, ასე ახასიათებს მაკა კვიციანს. დიზაინერობიდან კულინარიაში წარმატებული მოგზაურობა „მასტერშეფში“ წარმატებულადვე გრძელდება და მართლაც, მაკა ყოველ გადაცემაში ტოპ მონაწილეებს შორის სახელდება. ერთადერთი, რაც ჟიურიმ არ მოუწონა, ცეზარია. რატომ გადაწყვიტა მაკა კვიციანმა მისი მომზადება, რატომ „ერჩის“ ლუკა და რას ფიქრობს თათია თექთურმანიძეზე, წაიკითხეთ ინტერვიუში.

 

 

წინა გადაცემაში ცეზარის მომზადება რატომ გადაწყვიტე?


ცეზარი კაფეებსა და რესტორნებში უცნაური ფორმით გვხვდება, ყველა სხვადასხვანაირად და არასწორად ამზადებს. საზღვარგარეთ კი საკმაოდ კარგი ადგილი უჭირავს. მიზნად დავისახე, რომ ცეზარი გამეცოცხლებინა და ისეთი გამეკეთებინა, როგორიც სინამდვილეშია. თან მინდოდა, ჩემი მომზადებული სოუსით მეამაყა, მაგრამ მისი მოსხმა დამავიწყდა და გამოვიდა ცარიელი, უსოუსო ცეზარი. სოუსი რომ დამავიწყდა, შეფების ბრალი იყო, რადგან ისე დამაბნიეს და წინასწარვე ისე შეაფასეს ჩემი სალათის იდეაც კი, რომ იქ აღარ ჰქონდა ცეზარს სიცოცხლის უფლება. როცა ასეთ შოუში ხარ, მოდის შეფი და შეხედვისა და გასინჯვის გარეშე გეუბნება, რომ ცუდია, უკვე უარყოფითად ეწყობი და ენთუზიაზმი გიქრება. ამ ნერვიულ ფონზე  სოუსის მოსხმა რომ არ დამვიწყებოდა, ჟიურის ჩემი ცეზარი მოეწონებოდა.


ლუკა ამბობს, რომ „თითქმის პირველი“ ხარ ყოველთვის. პირველობამდე რა გიშლის ხელს?


ჩემი პრობლემა ისაა, რომ გადასაღებ მოედანზე ჯერ კიდევ ვერ ვფლობ ჩემ თავს ბოლომდე. ძალიან მოქმედებს დროის ფაქტორიც, ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, რაც უკან მხევს.
თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამ შოუმ ძალიან გამზარდა. ძალიან ბევრ სტატიას ვკითხულობ, გასტრონომიულ ტურებში დავდივარ... ამ შოუში კიდევ უფრო გავიღრმავე კულინარიის შესახებ ცოდნა. რაც მთავარია, პრაქტიკის საშუალება მომეცა. ამასთანავე, შეფების მასტერკლასებიც გვიტარდება, სადაც ლუკა არ არის აფთარივით, რაღაცებს გვასწავლის და გვიხსნის.

 


ამბობ ხოლმე, რომ ლუკა გერჩის...


ლუკას მიდგომაა ასეთი – ფიქრობს, რაც უფრო მეტად მოგაწვება და დაგაბულინგებს, უფრო პროდუქტიული იქნები. ლუკა რომ მოდის, ყველა ვიძაბებით. ასეთი მიდგომა ჩემ შემთხვევაში არ ამართლებს იმიტომ, რომ მე თუ მსტრესავ, მერე საერთოდ ვიბლოკები. ეს ჯერ ვერ გავაგებინე ლუკას, თუმცა უდავოდ პროფესიონალია, მისი ყველა შენიშვნა ჩემთვის მნიშვნელოვანია და ვითვალისწინებ. 
ლუკასგან განსხვავებით, ლევანი არ მერჩის, არ ცდილობს კონკურსანტების დაბნევას. პირიქით, თუ მის შენიშვნას კარგად მოუსმენ და გაითვალისწინებ, დადებითი შედეგი გარანტირებულია.
კონსტანტინეც მონაწილეების მხარესაა. უნდა, რომ ყველამ კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ჩემთვის მისი მიდგომა უფრო მისაღებია, ვიდრე ლუკასი. სხვათაშორის, კონსტანტინეს საშინელი ენა აქვს, უბრალოდ, მე არ შემხებია მისი მწარე შენიშვნები. ლუკმას რომ ჩაყლაპავს, მერე ისეთს გეტყვის, რომ შეიძლება გაგაშეშოს, თან შეიძლება ისეთი მშვიდი სახით განგლანძღოს, რომ შენ გაუცინო და მადლობა უთხრა.

 


კონკურსანტებს შორის დაძაბულობაა ხოლმე, მაგალითად ვლადიმერს საკმაოდ  მწარე ენა აქვს, შენსა და თათიას შორისაცაა უთანხმოება...


ეს ის შოუა, სადაც მეგობრების გასაჩენად ნამდვილად არ მიდიან. მეგობრობისა და სიყვარულის დრო არაა, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მოიგო. ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგი ამართლებს საშუალებას. მგონია, ვლადიმერს შესაძლებლობა რომ მიეცეს, ყველას დაგვხოცავს. ზოგადად, ძალიან ესთეტია, საკმაოდ კარგად ამზადებს, მაგრამ აშკარად ძალიან უნდა პირველობა. 
თათია მიჩვეულია ყურადღებას, ჰგონია, რომ შოუშიც პრინცესაა და ყველა მას უნდა ემსახუროს, მაგრამ ეს კულინარიული შოუა. ალბათ, ნელ–ნელა მიხვდება, სად არის. როგორც კულინარი, ვერ ვიტყვი, რომ კარგია. ალბათ, თათიას გაკეთებულ საჭმელს რესტორანში არ შევჭამდი, მაგრამ რეალურად, კარგი ხელი აქვს, პრაქტიკა აკლია და უფრო მეტ დროს თუ დაუთმობს ამ საქმეს, უკეთესად გამოუვა.
მისგან განსხვავებით შაინინას არ აკლია პრაქტიკა, კამერის წინ მომზადების გამოცდილებაც აქვს. უბრალოდ, იმდენად არის მიჩველი კლასიკურ სამზარეულოს, რომ არ უყვარს ექსპერიმენტები, ცვლილებები. არადა, ეს შოუ ევოლუციაზეა. შეიძლება, ძალიან ცუდი რამ გააკეთო, მაგრამ ექსპერიმენტი მაინც გიფასდება.

 


მთავარ კონკურენტად ვის აღიქვამ?


შოუს დაწყებისას ვფიქრობდი, რომ ჩემი კონკურენტები ია და თინა იყვნენ. ია არის პატარა გოგო უდიდესი პოტენციალით, რომელიც მომავალში ძალიან მაგარ შედეგს გვაჩვენებს. თინა უკვე შემდგარი მზარეულია და ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ვერ ვხვდები, რატომ მოვიდა „მასტერშეფში“, პირდაპირ პროფესიონალების შოუში უნდა მისულიყო.
მანჯის საერთოდ არ განვიხილავდი კონკურენტად, მაგრამ ისეთი რაღაცები გვანახა, რომ ახლა ჩემი ფავორიტია. სხვანაირად დაიწყო და სულ სხვანაირად გააგრძელა. თუ თავიდან პირველ საფეხურზე იყო, ახლა მეასეზეა. მას აქვს ყველა ის თვისება, რაც კარგ შეფს უნდა ჰქონდეს.


მაკა კვიციანს როგორ შეაფასებდით?


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაკა კვიციანი ვითარდება და ერთი გადაცემიდან მეორემდე ხარისხი იმატებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა შენიშვნას მივიღებ, ყოველი ტურის შემდეგ უფრო თავდაჯერებული ვხდები.