ვლადიმერ სოკოლოვის ყველაზე გულწრფელი პასუხები: „ერთი სული მქონდა, რომ ლუკას გაეღიმა“ - Gemrielia.ge

ვლადიმერ სოკოლოვის ყველაზე გულწრფელი პასუხები: „ერთი სული მქონდა, რომ ლუკას გაეღიმა“

 

გასულ შაბათს „მასტერშეფი“ ერთ–ერთმა ყველაზე გამორჩეულმა კონკურსანტმა, ვლადიმერ სოკოლოვმა დატოვა. სოციალრ ქსელში აღნიშნავენ, რომ იგი ძალიან დააკლდება შოუს.
ვლადიმერი ყველა კონკურსანტის მიმართ კრიტიკული იყო, მაგრამ დღევანდელ ინტერვიუში გაიცანით სულ სხვანაირი ვლადიმერ სოკოლოვი, რომელსაც ლუკასი „ეშინოდა“, გიჟდება თათიას შუებზე და თურმე, კონკურენტების ზოგიერთი კერძი აღაფრთოვანებდა კიდეც.

 

როგორ შეაფასებდი შენ თავს გასულ გადაცემაში?


გადაცემის პირველი ნაწილის კერძი ვიზუალით არც მე არ მომეწონა, ვაღიარებ, რადგან გემოზე უფრო მეტი ვიფიქრე, ვიდრე ვიზუალზე. ეს მაინც იმუნიტეტის კონკურსი იყო და სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მინდოდა იმუნიტეტის მოპოვება. რომც მიმეღო, უარს ვიტყოდი, რადგან მინდოდა მთავარ დავალებაშიც მიმეღო მონაწილეობა და საუკეთესოებს შორის მოვხვედრილიყავი.
ბოლოს სამი აუთსაიდერი რომ დაგვასახელეს, იმათ შორის ჩემსას გამოვარჩევდი. ხორცი არ იყო დამწვარი, თავისუფლად იღეჭებოდა. იმაზე მომედავნენ, რომ კერძის მოცულობა არ შეესაბამებოდა რესტორნის სტანდარტებს, მაგრამ მე ხომ სახლიდან მოვედი ამ შოუში და ეს შოუ რესტორნის შეფებისთვის არაა?!  ვთვლი, რომ ბოლო ტურში ჩემი თავი ვიპოვე. ძალიან მშვიდი ვიყავი, ძალიან მსიამოვნებდა იქ დგომა და მომზადება.ჩემი კერძით ძალიან კმაყოფილი ვარ და ნამდვილად არ ვიმსახურებდი გავარდნას. ახლაც შოკში ვარ და ჯერ კიდევ ვერ გამოვედი მდგომარეობიდან.

 


ჟიურის შენდამი დამოკიდებულებაზე რას გვეტყვი?


გამოვარჩევდი კონსტანტინეს. მასში ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ შეფასებისას არამხოლოდ შენიშვნებს მაძლევდა, არამედ კარგსაც აღნიშნავდა და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო.
ლევანი მეტწილად დადებითად მაფასებდა. შეიძლება, კერძი მთლიანობაში არ მოსწონებოდა, მაგრამ სოუსი მოეწონებოდა და ამას აუცილებლად აღნიშნავდა, რაც დამატებით სტიმულს მაძლევდა.
ლუკასი ყოველთვის განსაკუთრებულად „მეშინოდა“ და განსაკუთრებულად მინდოდა, რომ სწორედ მისი მოწონება დამემსახურებინა. ერთი სული მქონდა, რომ ლუკას გაეღიმა. რამდენად გამომივიდა ჟიურის მოხიბვლა, არ ვიცი, მაგრამ მე მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე.

 


მაყურებლის დამოკიდებულება შენს კრიტიკაზე არაერთგვაროვანი იყო. შენ თუ კითხულობდი გამოხმაურებებს?


დიახ, როგორ არა. ერთხელ ისეთები წავიკითხე, ზოგიერთი პიროვნულ შეურაცხყოფასაც მაყენებდა და ძალიან არ მესიამოვნა. ჯანსაღ კრიტიკას კი ყოველთვის მივესალმები და ეგეც მოტივაციას მაძლევს. თუ ადამიანს არ მოვწონვარ, ე.ი. მეტი უნდა გავაკეთო, რომ თავი მოვაწონო.
რაც შეეხება ჩემს კრიტიკაზე დამოკიდებულებას, ქუჩაში მხვდებოდა ხალხი და მეუბნებოდა, რომ კი აკრიტიკებ კონკურსანტებს, მაგრამ ეს სახალისოა და ლოგიკურიო. კრიტიკა არ არის ცუდი. როცა პირველობისთვის იბრძვი, როგორ შეიძლება კრიტიკული არ იყო?!

 

Image may contain: 3 people, people standing


როგორ შეაფასებ დარჩენილ კონკურსანტებს?


ვინც დარჩა, ყველა ძალიან ძლიერია. მართალია, ჩვეულებრივ, ნეგატიურად ვაფასებდი, მაგრამ ყველაფერს ორი მხარე აქვს და ახლა დადებით მხარეებზე ვისაუბრებ.
შაინინათი ყოველთვის გაოცებული ვიყავი. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიულია. კონკურსის დასაწყისიდანვე გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ინგრედიენტების გამოყენებით და შეუძლია ერთდროულად რამდენიმე კერძი მოამზადოს.
მაკა ძალიან ძლიერი კონკურსანტია, კრეატიული, გაწონასწორებული, გამბედავი. ძალიან ბევრჯერ ტაშიც დამიკრავს მისთვის და მითქვამს, რომ ძალიან მაგარი რაღაც გამოსვლია.
თათია ძალიან მაგარი გოგოა. ცხობაში კონკურენტი არ ჰყავს, მისი შუები ცხოვრების ბოლომდე გამყვება და ერთი სული მაქვს, თათიასთან ერთად როდის მოვამზადებ ბეკონიან შუებს.
ია არის უსაყვარლესი და უნიჭიერესი ადამიანი!!! ეგ თინასთან ერთად თითქმის სულ „m კვადრატის“ ოთახში იყო, იმდენჯერ ჰქონდათ უკვე იმუნიტეტი, მაგრამ რაც მოამზადა, გასაოცარი იყო. 20 წლის გოგო და ასეთი ნიჭიერი ძალიან იშვიათია.
თინა ყველაზე გამორჩეული და კრეატიულია. რომ ვუყურებდი თინას მომზადებულ კერძს, ჩემთვის ვფიქობდი: „აი, კრეატივი, აი, ყოჩაღ!“
მანჯის მომზადების ძალიან კარგი ტექნიკა აქვს. მის კერძს რომ ვუყურებდი, ერთი სული მქონდა, რომ მეჭამა. ძალიან განსხვავებულად ამზადებს, ყოველთვის კარგად აქვს გააზრებული, რა უდევს თეფშზე, ამიტომ მანჯი ჩემი რჩეულია.

 

Image may contain: 2 people


როგორ შეაფასებდი ვლადიმერ სოკოლოვს?


ვლადიმერ სოკოლოვმა თავიდან ძალიან კარგად დაიწყო, რაღაცები გამოუვიდა, რაღაცები - ვერ, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მომწონს მასში ისაა, რომ ყოველთვის ექსპერიმენტებს ატარებდა. ვლადიმერი ნელ-ნელა ვითარდებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ არ გავარდნილიყო შაბათს, ბევრად უფრო დაიხვეწებოდა. 
გული მწყდება, რომ ამ შოუში ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვავლინე, მაგრამ „მასტერშეფით“ არ სრულდება ჩემი კულინარიული გეგმები. მინდა, ვისწავლო და ამ სფეროში დავრჩე.