საკე - იაპონური კულტურის საგანძური - Gemrielia.ge

საკე - იაპონური კულტურის საგანძური

საკეს, იაპონური ბრინჯის ღვინის ისტორია შორეული წარსულიდან მომდინარეობს. ჯერ კიდევ 2000 წლის წინ იაპონელები მას გამოიყენებდნენ ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვის დროს.

ძველ იაპონიაში საკე მზადდებოდა იმპერატორის სასახლის კარზე და სინთოისტური ტაძრის მარნებში. ეს სასმელი წარმოადგენდა სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის აუცილებელ კომპონენტს. უკვე XII საუკუნეში სოფლებშიც აითვისეს მისი წარმოება და
საკე იქცა იაპონური კულტურის განუყოფელ ნაწილად. მართალია, იაპონიაში უცხოეთიდან შემოსულმა და თანდათანობით დამკვიდრებულმა სასმელებმა, განსაკუთრებით ლუდმა და ვისკიმ, შეავიწროვა ეროვნული საკე, მაგრამ მას მაინც არ დაუკარგავს თავისი ძველი მნიშვნელობა.
GEMRIELIA

თავდაპირველად სახელწოდებით, "საკე," მოიხსენიებოდა მხოლოდ ბრინჯის ღვინო, მაგრამ ნელ-ნელა ამ ტერმინმა უფრო ფართო გამოყენება ჰპოვა და დაარქვეს ყველა სახის ალკოჰოლიან სასმელს. ბრინჯის ღვინოს იაპონელებმა მეორენაირად უწოდეს "სეის." ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "ნიხონსიუ," ანუ იაპონური ღვინო.

ეროვნული მეღვინეობის ტრადიციული ცენტრებს წარმოადგენს კიოტოსა და ხიოგოს პრეფექტურები. იქ ძველთაგანვე მოჰყავდათ ბრინჯის ის სახეობა, რომლისგანაც განსაკუთრებით კარგი ხარისხის და გემოს საკე მზადდებოდა.


შემდგომში, წარმოების გაფართოებასთან ერთად, პოპულარობა მოიპოვა აკიტასა და ხიროსიმას პრეფექტურის ქარხნების პროდუქციამ.
საკეს, როგორც ეროვნული სასმელის მნიშვნელობა ძალიან დიდია იაპონელთათვის. გარდა მისი გემოვნური ღირსებებისა, იგი წარმოადგენს პრესტიჟულ საჩუქარსაც. იაპონელები ამ საჩუქარს აკეთებენ არა ბოთლის, არამედ მთელი კასრის სახით, საკეს კასრების გახსნით აღნიშნავენ სუმოს ჩემპიონატის დაწყებას. ნაციონალური ხელოვნების გამოფენები, დღესასწაულები და სხვა საზეიმო ღონისძიებები არ იხსნება საკეს გარეშე. კაბუკის თეატრის შესასვლელს აფორმებენ ბრინჯის ღვინით სავსე ჩალით მოწნული კასრებით.
GEMRIELIA

კასრების გახსნა იაპონიაში მთელი რიტუალია. საპატიო სტუმრები გრძელტარიანი ხის ჩაქუჩების მეშვეობით, გამამხნევებელი ყიჟინის ქვეშ ტეხენ კასრის ზედა სახურავს და შემდეგ კოლექტიურად იგემოვნებენ ღვინოს.

ერთი ჭიქა საკე - უამისოდ არ არსებობს დასვენება და ნეტარება იაპონურ აბანოში. მინერალური ცხელი წყლით სავსე აბაზანაში ნებივრობისას იაპონელები ყელს ისველებენ ცივი საკეთი. ტრადიციულად საკეს მიირთმევენ იაპონური ალუბლის, საკურას ყვავილობისას, რათა სათანადოდ შეაფასონ აყვავებული ბაღის მშვენიერება. ბრინჯის ღვინო, როგორც წესი, ისმება ნელ-ნელა, ყლუპებით და  ეს სიამოვნება ხშირად მთელი საღამოს განმავლობაში გრძელდება. იაპონელებს უყვართ, როცა სავსე ჭიქაში, საკეს მოსარკულ ზედაპირზე მთვარეს დაინახავენ და თუ ამ დროს ჭიქაში შემთხვევით საკურას ფოთოლი ჩავარდება, ისედაც რომანტიულად განწყობილებს, ლექსებსაც კი აწერინებს.

GEMRIELIA
საკე აუცილებლად უნდა შესვას ნეფე-პატარძალმა ქორწილში და სწორედ ამ მომენტის შემდეგ აღიარებენ ახალი ოჯახის შექმნას.
საკეს ნაირსახეობები განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც გემოსა და არომატით, ასევე სმის კულტურით. გემოვნური თვისებები დამოკიდებულია ადგილობრივი ბრინჯის და წყლის ხარისხზე, დამამზადებელთა ოსტატობაზე.

მას მიირთმევენ როგორც ფაიფურის მინიატურული ფინჯნებიდან, ასევე მინის ბოკლებიდან.
საკეს ზაფხულში სვამენ გაციებული სახით, ხოლო წლის უფრო გრილ დროს 36 გრადუსამდე ათბობენ. მისი სიმაგრე სახეობების მიხედვით მერყეობს 16-დან 19 გრადუსამდე.