შაინინა „მასტერშეფში“ მონაწილეობაზე: „მწვანე ბარათი მაქვს კულინარიაში“
შაინინა „მასტერშეფში“ მონაწილეობაზე: „მწვანე ბარათი მაქვს კულინარიაში“

„მასტერშეფის“ სამზარეულოში ექვსი კონკურსანტი დარჩა. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული სტილი აქვს, რაც კერძების მომზადებაშიც ვლინდება და მათ დასახელებაშიც. „გიზგიზა“, „ჩუნგაჩანგა“, „ფირალების ხონჩა“ – საკმარისია ეს სახელები გავიგონოთ და მაშინვე მივხვდებით, რომ ისინი შაინინას ეკუთვნის – „მასტერშეფის“ ყველაზე ენამახვილ კონკურსანტს.
რატომ ემთხვევა ხოლმე მისი და გიორგის კერძები ერთმანეთს, რა კითხვა აქვს ჟიურისთან და რომელმა კერძმა გაუცრუა იმედი, წაიკითხეთ ინტერვიუში.

 

„მასტერშეფში“ ბევრი გეგმით მოხვედი. შენი აზრით, შეძელი მათი განხორციელება?


მე მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა და, საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობა მომეცა. მაგალითად, ბებიაჩემის შინდის შეჭამანდი გახდა ერთ–ერთი საუკეთესო კერძის ტიტულის მფლობელი, რაც ძალიან მახარებს, რადგან ეს არის ერთ–ერთი ძველი რეცეპტი, რომელიც, მგონია, რომ უნდა დაბრუნდეს ქართულ სამზარეულოში. სხვათაშორის, ამ გადაცემის შემდეგ ძალიან  ბევრი ადამიანი მეპატიჟება თავისთან, რომ მოვუმზადო და დავაგემოვნებინო ეს კერძი. 
გულში ხინჯად მაქვს, რომ საკონდიტრო ნაწარმს, გულსართიანებს არ შევხებივარ და დედაჩემის რეცეპტების გამოყენება ჯერ ვერ მოვახერხე, მაგრამ იმედი მაქვს, მაგის დროც მოვა.

 

Image may contain: 1 person, smiling


ყოველთვის უცნაურ სახელებს არქმევ ხოლმე კერძებს. როგორ გაფიქრდება?


მიმაჩნია, რომ ისევე როგორც ყველა ადამიანს, ასევე ყველა კერძს უნდა ჰქონდეს თავისი სახელი. მე ვფიქრობ, სამზარეულო – ეს არის შემოქმედება, ადგილი, სადაც იბადება ახალი კერძი და ყველა ახალ დაბადებულს სჭირდება თავისი ნათლობის სახელი. ჰოდა, მე ვნათლავ ამ ჩემს კერძებს. „გიზგიზა“ საინტერესოა იმ მხრივ, რომ ქართული სიტყვაა, თან მიგანიშნებს, რომ ეს კერძი ცხარეა. „ჩუნგაჩანგაც“ სპონტანურად მოვიფიქრე. ჯერ ერთი, კერძს რომ დახედავდით, მთელი ამ მზით და პატარა კუნძულებით მართლა ჩუნგაჩანგა იყო და თანაც ჩემს ბავშვობასაც დავუკავშირე და ასე შერჩა ეს სახელი. არ მგონია, რომ ვაჭარბებ სახელების მოფიქრებაში და მგონია, რომ თუ კულინარიის ნიჭი არა, სახელების დარქმევის ნიჭი ნამდვილად გამოვავლინე „მასტერშეფში“.


რამდენად გეხმარება ჟურნალისტური უნარები, კამერასთან მუშაობის გამოცდილება „მასტერშეფში“?


სამზარეულოში მუშაობის უნარ–ჩვევები, რაც მქონდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ „მასტერშეფში“ მოვიდოდი, კამერასთან არ არის დაკავშირებული. როცა დიდი ოჯახის წევრი ხარ და დიასახლისობ, გიწევს ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადება და რამდენიმე ქურასთან ტრიალი. ერთადერთი ვარ ამ შოუში, ვისაც შეზღუდული დრო პრობლემას არ უქმნის. არასოდეს არ დამვიწყებია რამის დამატება, არასოდეს არ დამწვია არაფერი... 


ხშირად გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ერთი კერძის ნაცვალდ სამს ამზადებ ხოლმე. ამაზე როგორი დამოკიდებულება გაქვს?


მშვენიერი. მე ვფიქრობ, გემრიელი რაც არის, ბევრი უნდა ჭამო. ბევრისგან მსმენია, რომ არ უყვართ ევროპაში რესტორანში წასვლა, რადგან იციან, რომ ძალიან პატარა ულუფას მოუტანენ. ქართველები კი მიჩვეული ვართ სამ– და ცხრასართულიან კერძებს და ესეც ალბათ, ჩემი გენეტიკური მახასიათებელია, რომ ერთის ნაცვლად სამ კერძს ვაკეთებ ხოლმე. უფრო მეტიც, ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს ჩემთან ოჯახში, ერთი კარტოფილისგან 15 კაცს გავუმასპინძლდები 15 სხვადასხვა კერძით.

 


როგორ ფიქრობ, რატომ ემთხვევა ხოლმე შენი და მანჯის კერძები ერთმანეთს?


მიკვირდა და ვბრაზდებოდი კიდეც, როგორ ემთხვეოდა ჩვენ მიერ შერჩეული ინგრედიენტები ერთმანეთს, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა ის, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც ასაკითა და პროფესიით ყველაზე ახლოსაა ჩემთან, არის მანჯი. ორივე ჟურნალისტები ვართ, ორივე ერთ უბანში ვცხოვრობთ და ალბათ, ამ ყველაფერმა განსაზღვრა ის, რომ ერთნაირ აქცენტებს ვაკეთებთ. ვის როგორ გამოგვდის, ეს უკვე ჟიურის შესაფასებელია.


ჟიურის შეფასებებს რამდენად იზიარებ?


ჩვეულებრივ, ვემხრობი ჟიურის შეფასებებს, მაგრამ არ ვეთანხმები ხოლმე მის გადაწყვეტილებებს. ყველაზე მეტად გამიკვირდა ვლადიმერის გაშვება. თუნდაც, მანჯის კერძს რომ შევადაროთ, მისი ხორცი დამწვარი იყო და ვლადიმერის კერძს ვიზუალიც გაცილებით უკეთესი ჰქონდა, ვიდრე მანჯისას.

 

Image may contain: 7 people, people smiling, people standing, people sitting and indoor


შენი მომზადებული კერძებიდან ყველაზე მეტად რომლით ხარ კმაყოფილი?


ყველაზე მეტად როდესაც ღორის ხორცი მარილში გამოვაცხვე. რომ გავსინჯე, მივხვდი, რომ ეს არის ღორის ხორცის მომზადების ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდი, რომელიც აუცილებლად უნდა დავნერგო ჩემს სამზარეულოში.
ყველაზე ნაკლებად?
ჩემი გოგრის ხინკალით, რომელზეც საავტორო უფლებებს კვლავ მე ვაცხადებ, რადგან ხინკლის ცომი ტრადიციულისგან განსხვავებული ტექნოლოგიით მოვამზადე. სერვირება კი ბოლო წუთებში შევცვალე მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ მანჯიც ხინკალს ამზადებდა. ნერვიულობის ფონზე რაღაცები ისე ვერ გავთვალე, რომ ჟიურის მოსწონებოდა და ისეთი ვერ გამომივიდა, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა.


რა შეკითხვას დაუსვამდი ჟიურის?


გულწრფელად მაინტერესებს, თავიანთი სურვილით ჩემს რომელ კერძს დააგემოვნებდნენ. ასევე, ვკითხავდი, თუ ხედავენ ჩემში პოტენციალს და ერთხელ მაინც რატომ არ გაუჩნდათ ინტერესი, „მ კვადრატის“ ოთახში დავესვი და დაესვენათ ჩემი ბევრი კერძისაგან.


დარჩენილი მონაწილეებიდან რომელს მიიჩნევ ყველაზე ძლიერად?


ყველას გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩემი აზრით, ამა თუ იმ ტურში წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რის მომზადებას დაგვავალებს ჟიური. თუ კონდიტერიის მიმართულებით იქნება დავალება, თათია უდავოდ ლიდერი იქნება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მეც ლიდერი ვიქნები. ხორცში, იკვეთება, რომ მანჯი ძალიან კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეწვება. თინა და ია პროფესიონალები არიან, ტექნოლოგიურად თავისუფლად ახამებენ სხვადასხვა ინგრედიენტს ერთმანეთთან. მაკას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ბევრი ქვეყნის სამზარეულოზე აქვს წარმოდგენა, რაც საშუალებას აძლევს, ფანტაზიას გასაქანი მისცეს.


როგორ შეიცვალა შაინინა „მასტერშეფის“ შემდეგ?


შაინინა პიროვნულად არ შეცვლილა. ისევ ის გოგოა, რომელსაც მაყურებელი 30 წელია იცნობს. მაგრამ ეს გოგო კულინარიის მიმართულებით ძალიან შეიცვალა. მე ის ცოდნა, რაც ამ კონკურსში შევიძინე, თავიდან რომ მქონოდა, დარწმუნებული ვარ, ფინალამდე ძალიან თავდაჯერებული, თავაწეული მივიდოდი, ისევე, როგორც ია და თინა მივლენ. ვეჭვობ, რომ მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორედ ისინი იქნებიან ფინალში.
მე რომ სულ ხვალ მითხრან, ჩაალაგე ჩემოდანი და წადიო, მაინც ძალიან მშვიდად ვიქნები, რადგან რაც „მასტერშეფის“ საშუალებით ვისწავლე, ჩათვალეთ, რომ არის ერთი უმაღლესი სასწავლებელი და „მწვანე ბარათი“ კულინარიის სფეროში.
 

მასალის გამოყენების პირობები
11 ივლისი, 2019 03:59 p.m.
ნანახია: 158