„მასტერშეფის“ ტრიუმფატორი თინა ვაშაკიძე: „ლუკა შეუძლებელია დაახასიათო, ჩემთვის ამოუცნობი მზარეულია“ - Gemrielia.ge

„მასტერშეფის“ ტრიუმფატორი თინა ვაშაკიძე: „ლუკა შეუძლებელია დაახასიათო, ჩემთვის ამოუცნობი მზარეულია“

 

 „აქ არის ბალანსი და გემოების შეხამება,“ „საუკეთესო კერძი, რაც აქამდე გაგვისინჯავს“, „მინდა ეს კერძი ყველა ქართულ რესტორანში იყოს“ - ასე შეაფასეს „მასტერშეფის“ ჟიურის წევრებმა თინა ვაშაკიძის კერძი - სევიჩე. 


შოუს განმავლობაში თინა ხშირად სახელდება ლიდერად, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ბოლო გადაცემაში მოახდინა არამხოლოდ ჟიურიზე, არამედ მაყურებელზეც. როგორ შეიცვალა მასტერშეფის ერთ-ერთი ლიდერი, რას ფიქრობს ჟიურის წევრებსა და კონკურენტებზე, წაიკითხეთ ინტერვიუში.


როგორ შეიცვალა თინა ვაშაკიძე კასტინგის შემდეგ?


კასტინგზე ჩემი ისტორიით მოვედი, გამოცდილებით და უნარებით. მეგონა, რაღაც მესმოდა კულინარიაში. დღეს ნახევარფინალისტებს შორის ვდგავარ და ვხვდები, რომ არაფერი ვიცი; წინ კი ყველაზე აზარტული გზაა ფინალამდე და შემდეგ.  ეს არის ეტაპი, როცა სხეულის ყველა უჯრედით ვცდილობ დავტკბე აქ და ამჟამად ყოფნით.  ახლანდელი თინა გაცილებით უფრო თამამი და საინტერესოა. 

 


ელოდი, რომ იასთან დაგაწყვილებდნენ?


იასთან დაწყვილება მოულოდნელი იყო და გამიხარდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სტილის მზარეულები ვართ, განსხვავებული გემოვნებით, ერთად კარგად ვმუშაობთ და შედეგიც საინტერესო გამოდის ხოლმე. 

 


შენი აზრით, პირველმა კერძმა რატომ არ გაამართლა მოლოდინები?


ამ შემთხვევაში, ჩვენი კერძი უფრო მეტად კარგი იდეა იყო, ვიდრე უნაკლო შესრულება. გადავწყვიტეთ თევზი უდანაკარგოდ მოგვემზადებინა. ფილესთან ერთად გამოვიყენეთ ხერხემალი, კანი და თვალი,  რომელიც დელიკატესად ითვლება. ძველად ჩინეთში მხოლოდ განსაკუთრებულ სტუმარს უმასპინძლდებოდნენ თევზის თვალით.  მასში შემავალი მიკროელემენტები ტვინის უჯრედებს ააქტიურებს და მეხსიერებას აუმჯობესებს. თევზის ხერხემალი ასევე შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ვიტამინ ა-ს, ომეგა 3-ს, რკინას, კალციუმს და ა.შ. და თან ხრაშუნა მდგომარეობაში უგემრიელესია.  

 


სევიჩეს მომზადება რატომ გადაწყვიტე?


ზღვის სანაპიროზე წარმოვიდგინე ჩემი თავი, ლიმონის სოუსი „ცხელი“ ქვიშაა, ავოკადო ტალღების ქაფი, თევზი - ზღვის წყალი, ქინძმა საქართველო გამახსენა. იდეალური კომბინაცია იყო გონებაშიც და საბედნიეროდ თეფშზეც.
ხშირად ხარ „მ კვადრატის“ ოთახში და ამაზე ხშირად ხუმრობენ კიდეც...
„m კვადრატის“ ოთახი ჩემთვის არის ყველაზე დამღლელი და უაზრო მოგონება ამ პროექტის განმავლობაში. თუმცა ამ შემთხვევაშიც ან ჟიური წყვეტს ვინ დადგება იმ ოთახში, ან სხვა მონაწილე.


ჟიურის წევრებიდან რომელთან ერთად იმუშავებდი?


კონსტანტინე საინტერესო ადამიანია, ფრენის საშუალებას გაძლევს და ხშირად გიბიძგებს სტერეოტიპების დანგრევისაკენ. ლევანი მტკიცე და ძლიერი პიროვნებაა, პროფესიონალია, მისი შენიშვნებიდან ბევრს ვსწავლობ. ლუკა შეუძლებელია დაახასიათო, ჩემთვის ამოუცნობი მზარეულია, სუპერგმირის ენერგიით და ვნებით გასტრონომიისადმი.  სამივესთან სიამოვნებით ვიმუშავებდი.

 

Image may contain: 3 people, people standing


კონკურსანტებზე რას ფიქრობ?


თათია მოქმედი ვულკანი, ძლიერი ქალია, დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და წინ მიიწევს. ვფიქრობ,  ამ სფეროში ბევრს მიაღწევს.
ზამთარში გაყინული რომ შედიხარ სახლში, ანთებული ბუხარი და ცხელი კერძი რომ დაგხვდება და ყველაზე კომფორტულად იგრძნობ თავს, ეს არის მანჯის კულინარია. 
მაკას მაღალი სტანდარტები აქვს, ყოველთვის დახვეწილია მისი კერძი, თუმცა ვფიქრობ, ერთ დღეს სულ სხვა მაკას აღმოვაჩენთ.
იას კერძები კომფორტის ზონიდან გამოგიყვანს, ლაბირინთში დაგკარგავს  და თან კმაყოფილი დარჩები ამ ყველაფრით.  ის ნამდვილად ახალი სიტყვას იტყვის ქართულ კულინარიაში.


თინა ვაშაკიძის კულინარიაზე რას იტყვი?


ჩემი კერძის უკან ყოველთვის იდეა დგას, პერფორმანსია, ამბავს ჰყვება - ხან აგრესიულია და სახეში გირტყამს, ხან მშვიდი და ბედნიერია, ხან თავის თავს ეძებს...