როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ნალექიანი და უნალექო ყავა და რა დოზით უნდა მიიღოთ კოფეინი დღის მანძილზე - ლაშა უჩავას რეკომენდაციები
ყავა და ჩაი თანამედროვე ადამიანის საყვარელი სასმელი და დღის განუყოფელი ნაწილია. ორივე შეიცავს კოფეინს, რომელიც ორგანიზმისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, რადგანაც მატონიზირებელი ეფექტი აქვს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ნერვული სისტემის მუშაობას. თუმცა, მისი არაზომიერი მიღება, სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.
რა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის კოფეინის გადაჭარბებულ დოზას, რომელი ყავა უკეთესია - ხსნადი თუ ნალექიანი, შაქრიანი თუ უშაქრო და რა უნდა ვიცოდეთ ცივი ყავის დალევისას - AMBEBI.GE-ს ამ საკითხებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ესაუბრება.
"როგორც ნებისმიერი პროდუქტის, მათ შორის, კოფეინის დოზირებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჭარბი რაოდენობით მისმა გამოყენებამ შეიძლება, სხვადასხვა ტიპის დაავადება გამოიწვიოს. პირველ რიგში ეს გულსისხლძარღვთა დაავადებაზე აისახება, შეიძლება, არტერიული ჰიპერტენზია განვითარდეს. ვისაც უკვე აწუხებს არტერიული ჰიპერტენზია კოფეინის დიდი რაოდენობით მიღება (ჩაის, ყავის სახით) რეკომენდებული არ არის.
კოფეინის დიდი დოზა მოქმედებს კალციუმის ცვლაზე და იწყებს მისი ძვლოვანი სტრუქტურიდან გამოდევნას. ეს კი საბოლოოდ ოსტეოპენიას და ოსტეოპოროზს იწვევს (ოსტეოპენია ოსტეოპოროზის წინარე მდგომარეობაა). ვინც ამ დაავადებას მკურნალობს, მათთვის ჩაის და ყავის მიღება სასურველი არ არის. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ კოფეინის მიღება უპირატესად დღის პირველ ნახევარშია დაშვებული, ვინაიდან მას ორგანიზმზე მატონიზირებელი ეფექტი აქვს.
ე.წ. ნალექიანი ყავის დიდი რაოდენობით მიღებამ, შეიძლება, ორგანიზმში ნაღველ-კენჭოვანი დაავადება განავითაროს. ასევე, როდესაც ეს დაავადებები ორგანიზმში უკვე არსებობს, კოფეინის მიღება დაუშვებელია" - გვეუბნება ექიმი.
ლაშა უჩავა ყურადღებას ამახვილებს კოფეინის დადებით მხარეებზეც:
"კოფეინს ბევრი დადებითი ეფექტიც აქვს - მატონიზირებელია, ჩვენი ნერვული სისტემის, პულსაციის ასამაღლებლად ძალიან კარგია. მაშინ, როდესაც არის გადაღლილობა, დაძაბული სამუშაო გრაფიკი, დღის პირველ ნახევარში კოფეინის მიღება ორგანიზმს აცოცხლებს.
თუმცა, დამოკიდებულების ეფექტიც აქვს, მიჩვევა და ყავაზე დამოკიდებულება შეიძლება გამოიწვიოს, რაც ორგანიზმისთვის არასახარბიელოა. დამოკიდებულების შემთხვევაში, ეფექტის გასვლის შემდეგ, ორგანიზმში დაღლილობის შეგრძნება ჩნდება. ორგანიზმი იფიტება, რადგანაც კოფეინს აქვს შარდმდენი ეფექტიც, რაც კუნთოვანი სისტემისთვის აუცილებელ მინერალებს და ელექტროლიტებს გამოდევნის", - ამბობს ლაშა უჩავა.
როგორც ენდოკრინოლოგმა AMBEBI.GE-ს უთხრა, დიდია კოფეინის როლი ჭარბი წონის მკურნალობის საკითხშიც - მისი ერთ-ერთი ეფექტი მეტაბოლიზმის აჩქარებაა ორგანიზმში, რაც ადრენალინის ხარჯზე ხდება. მაშინ როდესაც კოფეინს ვიღებთ, ადრენალინი გამომუშავდება, რის საპასუხოდაც ორგანიზმში მეტაბოლიზმი იზრდება, მიმდინარეობს დიდი რაოდენობით ენერგიის გამოყოფა - „ატეეფის“ წარმოქმნა, რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის დაწვას.
რა რაოდენობის ყავა ითვლება გადაჭარბებულ დოზად, რაც ორგანიზმში სახიფათო ცვლილებებს იწვევს - ამ კითხვაზე ლაშა უჩავა გვპასუხობს:
"დღის განმავლობაში 300-400 მილიგრამი ყავის მიღება ნორმად ითვლება, რაც შესაბამისად სამ-ოთხ ფინჯან ყავას ნიშნავს.
არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ყავა: ესპრესო, ამერიკანო, კაპუჩინო, ხსნადი ყავა, ნალექიანი. თითოეული მათგანის თითო ფინჯანი განსხვავებული შემადგენლობისაა. კვლევისას ნახეს, რომ ესპრესოს ერთი ფინჯანის შემადგენლობაში, 200-240 მილიგრამი კოფეინია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში, ორი ფინჯანი ესპრესოს დალევა შეგვიძლია.
"ამერიკანოში", ან ხსნადი ყავაში კოფეინის რაოდენობა 100-140 მილიგრამამდეა, დღის ნორმა შესაბამისად - 3-4 ფინჯანია. მაგრამ ოთხ ფინჯანზე ზემოთ მიღებული ყავით ორგანიზმში სხვადასხვა გაღიზიანებას ვიწვევთ, იქნება ეს ნერვული სისტემა, გულსისხლძარღვთა სისტემა, გვართმევს ძილს, ეს კი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია. იხილეთ სტატია სრულად